суббота, 10 марта 2018 г.

ბაბუაწვერავ...
აღარ მინდა არაფრის წერა!
მინდა ქარებმა გამომტაცონ
ფიქრების ძგერა...
როგორც ბუსუსებს შემოგაცლის
ეს ბედისწერა,
ისე მუზებმაც დაივიწყონ
ამ სულში ლხენა...

ბაბუაწვერავ...
სიმარტოვეს რად უნდა წერა?
იცი? შენ ჰგევხარ ჩემს ცხოვრებას
ყველაზე მეტად...
სულ მარტო დგეხარ ველ-მინდვრებზე
ეულად...
კენტად...
მერე კი ქარი გაგაქროლებს,
წვეთ-წვეთა ცრემლად...

ბაბუაწვერავ...
ან ტკივილზე რად ვიწყებ წერას?
დიდი ხანია, რომ სიცოცხლემ
დამიწყო ბღვერა!
შენსავით ცაში ამიტაცებს
სიკვდილის ფრენა...
და მერე ალბათ შემიწყდება
მეც გულისცემა...

ბაბუაწვერავ...
წუთი სოფელს რად უნდა წერა?
ის ზღაპარივით მიილევა,
უმალვე ჭკნება...
შენ ერთადერთი ყვავილი ხარ,
წამში რომ ქრება...
და ჩემს სიცოცხლეს მიგამსგავსე
ბაბუაწვერავ...

"ნინო ხორავა"

Комментариев нет:

Отправить комментарий