воскресенье, 21 апреля 2019 г.


დილის 04:30 საათია...
აფრინდა რეისი: თბილისი-სტამბოლის მიმართულებით...
პირველად ვზივარ თვითმფრინავში...
მიხარია...
პატარა ბავშვივით ვარ...
ცოტა უცნაური შეგრძნებაა ცაში "იამკები" 😊 მაგრამ მაღლა, რომ აფრინდება და გასწორდება, ვეღარ გრძნობ...
ფანჯარასთან მომიწია ჯდომა, ასე რომ არ მომხდარიყო აუცილებლად ვთხოვდი ვინმეს ადგილის გაცვლას...

ავფრინდით...
რა ლამაზად ჩანს ჩემი ქვეყანა ზემოდან...

მერე ღრუბლებს ვცდებით და ვარ უკიდეგანო სივრცეში....
მაღლა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა... დაბლა უკვე აღარაფერი აღარ ჩანს...
ირგვლივ, სადაც გაიხედები ყველგან ცაა...

ვფიქრობ: ღმერთო რა დიდებული ხარ ამ ყველაფრისთვის...
არადა სულ ერთი წამი და უცებ შეიძლება ნაცარტუტად ვიქცე...
შენ კი მიმაქანებ სადღაც მაღლა, უკიდეგანო სივრცეში ისე, რომ თმიდან ღერიც კი არ მივარდება...

შენთან ისე ახლოს ვარ...
ისე ახლოს გგრძნობ, ისე ახლოს....

მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგება მახსენდება:
"არასოდეს იგრძნო მარტოობა! ღმერთი, შენ და დედამიწა ხართო!"

ზუსტად!
ცაშიც და მიწაზეც!
ღმერთი, მე და დედამიწა ვართ!

მთელი გზა შუბლი მიდევს ფანჯარაზე, კარგად რომ დავინახო ყველაფერი, მაგრამ მაინც ბნელა...
თან ვწერ...
ამასობაში დაგვათენდა...

მზემ დაიწყო გამონათება...
ეს საოცრებაა...
ქვემოთ ღრუბლები ჩანს, ქათქათა ღრუბლები...

ეშვება თვითმფრინავი სტამბოლის აეროპორტში...
ღრუბლებში აქა-იქ გამოჩნდა მიწა...

პირველ რიგში აია სოფიას ვნახავ! იმიტომ, რომ ანას ძალიან უნდოდა...

"ერთი სული მაქვს როდის ვნახავ აია სოფიასო" - წერდა სიკვდილის წინ, ბოლო ჩანაწერში...
უნდოდა, ძალიან უნდოდა სტამბოლის ქუჩებში სიარული...
სიცოცხლეც უნდოდა...
გპირდები, შენს მაგივრად ბევრს ვივლი...
და ჩემი თურქული ვოიაჟი მოგეძღვნება შენ - ანა ლაშხელს ❤️

შეხვედრამდე მეგობარო ❤️

ნინო ხორავა

вторник, 9 апреля 2019 г.


მგონია, არასდროს არ წყდება შორი გზა...
თუ ივლი,
მოძებნი,
დაკარგულ ოცნებებს...
ოღონდაც გინდოდეს 'შენი' და არა სხვა...
სურვილი ყოველთვის იმონებს ბოჰემებს...

მოვდივარ და სწრაფად ვეშვები თავდაღმა...
ვაწყდები გზადაგზა,
ხელთუქმნელ შედევრებს...
კმა ისევ ვერ ვნახე, რომ თმობდეს რაღაცას...
სიბრიყვე, რაიმე ჭკვიანურს შეძლებდეს...

მოვედი და უკვე დროც კი დროს გადასცდა...
არ მინდა, გუშინდელ გაქცეულ ტყვეს ვგავდე...
ფიქრები, ცხოვრებას სულ სხვაგან გადაჰყავს...
იქ სადაც მკვდარია სიტყვები: მე და შენ...

გადავალ უშენოდ, სულ ფეხით,
ცხრა მთას და...
ან იქნებ, ეს გულიც ოდესმე შეჩერდეს...
მე ალბათ, შეგინდობ ყოველგვარ თავდასხმას...
მაგრამ ვერ შეგარჩენ იცოდე, ვერც ერთ ლექსს!

ნინო ხორავა

среда, 3 апреля 2019 г.


როგორ მინდა ქარი ვიყო!
ძლიერი ქარი!
ხომ ავიკლებდი ზუზუნით ქვეყნიერებას...
ყველა მსუნთქავ ხეს რიგ-რიგობით შემოვეხვეოდი...
ცაზე ღრუბლებს სულის შებერვით გავფანტავდი...
ზღვებში წყლებს გადავრევდი და დიდხანს, დიდხანს არ მივცემდი საშუალებას დაწყნარებულიყვნენ...  ვიბობოქრებდი, ეპოქებში ისე უშიშრად ვიბობოქრებდი, რომ დრო დაღლილიყო, მე კი არა...

ზოგჯერ მეჩვენება, რომ დრო შემიძლია გვერდზე გავწიო და შორიდან ვუყურო: რა იყო, როგორ იყო...
ძველი ბავშვობის დროინდელი ფირივით გადავახვიო სასურველ ადგილას...
და რაღაც მოვლენა, რომელიც ამ მომენტში ხდება: ღმერთოო ეს ხომ უკვე ნანახი მაქვს...

კარგია შენს თავთან საუბარი და სასარგებლო...
ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა მხოლოდ სხვებს, რომ ვესაუბრებოდე...

ადვილია გრძნობდე ბევრ რამეს, მაგრამ მერწმუნეთ არაა ადვილი გრძნობდე როგორ უცემს გული პატარა ფოთოლს...

და მაინც რამდენი რამე უნდა გაიარო, ბობოქარი ქარივით, რომ იქ მიხვიდე სადაც შენი ადგილია...

ნინო ხორავა