пятница, 28 февраля 2020 г.


მე ეს ვარდები შენთვის მომაქვს ზურგით უფალო!
სულ სამოც წამში ჩატეული ჩემი ცხოვრება!
თითო ყვავილმა თორმეტი თვე გადაგითვალა
და ყოველი წლის მოინდომა შენთვის მორთმევა!

არა! დღეს არ წვიმს!
მზე გულს მითბობს უკვე უფალო...
ჩამოუთბია ცივი მიწა მზიან თებერვალს...
ხვალ გაზაფხული დედამიწას ისე უგალობს:
ნაკიან ზამთარს დაასრულებს მარტის ვედრება!

ცაში ანთია ეს სამყარო  და შენ ჩუ მთანო!
დედის სუნივით გაგაბრუებს დეკას ზმანება...
ზღვა აღელვებას ძველებურად ისევ სულ ლამობს,
რადგან მიწაზე სული ზღვაა...
გიჟი...
თავნება...

ციდან მოსული მტრედებივით ლოცვა გულს ათბობს...
გაზაფხულია...
ამინდებმა იწყეს მოქცევა...
მე ყვავილები მოგიტანე ჩემო უფალო!
სულ სამოც წამში ჩატეული მთელი ცხოვრება!

ნინო ხორავა


პ.ს. ყველაზე დიდი ნიჭი მაინც სიცოცხლის და ადამიანების სიყვარულის მგონია ❤️
ხვალინდელ გაზაფხულს გილოცავთ ყველა ნიჭიერს ❤️

ვინც აქაურს ვერ მოესწრო ღმერთმა მარადიულ გაზაფხულში დაამკვიდროს!

вторник, 18 февраля 2020 г.


არის ოცნება, რომელიც გტკივა
და იმედები ტკივილს, რომ აცხრობს...
მე ეს იმედიც შენსავით მიყვარს...
გზები დამღლელი, საშინლად ფართო...

არის დღეები სულში, რომ გცივა...
დედამიწაზე თითქოს ხარ მარტო...
ხან გაზაფხულზე არ ღვივის დიკა...
ხანაც მიწა ჯერ ისევე ზამთრობს...

არის უგულო, ფხიანი სიტყვა...
სარეველები, რომლებიც ჭარბობს...
მერე ყვავილი რტოებსაც სცვივათ...
არა სჩვევიათ სიტყვებმა ფხაჭნონ...

არის უფალი...
მიყურებს ციდან....
რომ არ დამტოვოს ამ ქვეყნად მარტო....
თუკი ცხოვრება ძვლებამდე მცივა....
მხოლოდ ზეცაში ახედვაც მათბობს...

ნინო ხორავა

პ.ს. ერთი ჩვევა მაქვს: ყოველთვის, როცა ცუდად ვარ ზეცაში ვიყურები და ეს ძალიან მშველის.

მშვიდობას გისურვებთ ყველას!

понедельник, 10 февраля 2020 г.


ზამთარია...
ბუხრის პირას წლები თვლემავს...
მყუდროება დაარღვია ერთმა სიტყვამ...
საყვარელი ქალის გვერდით გული ფეთქავს
და მოხუცი მას უკითხავს უბის წიგნაკს...

წარსულიდან გაუშლია გრძნობას სივრცე...
ის პირველი შეხვედრა და რაც არ ითქვა...
სიგიჟეთა დაუთვლელი მთელი სიგრძე...
ქუჩა-ქუჩა ბოდიალი თავდაყირა...

მოდი, ისევ ვისეირნოთ ტბის ბილიკზე...
გავათენოთ ღამეები ფიქრის მიღმა...
თუ შემცივდა, შენებურად მიმითვისე....
დეკემბერში შევუკეთოთ ბუხარს რცხილა..

გეცეკვები უმუსიკო წვიმის სიმზე...
დაგვათენდა, ჩამობარდნის ფიფქებს ციდან...
დავითვალოთ ვარსკვლავები ზეცის ქიმზე...
მინდა კოცნით გაგაღვიძო ყოველ დილას...

შემიყვარდი...
ჩემი გული მიითვისე...
სიკვდილიც კი შენი გულის გვერდით მინდა...
ამ ცხოვრებამ ხომ წაიღო თავისივე...
მაგრამ შენს თავს ვერ წამართმევს ვერც 'იქ მისვლა'...

ზამთარია...
ბუხრის პირას წლები თვლემავს...
მყუდროება დაარღვია ერთმა სიტყვამ...
საყვარელი ქალის გვერდით გული ფეთქავს
და მოხუცი მას უკითხავს უბის წიგნაკს...

ნინო ხორავა

ვიდეო ფილმიდან "უბის წიგნაკი"

https://youtu.be/XU2qZ4KQaiU

https://youtu.be/d7_F5P5PygM