пятница, 19 июля 2019 г.


ამბავი - სიცარიელეში გაყვავებული ყვავილივითაა!

ვერ მიხვდები საიდან მოდის ან სად მიდის, მაგრამ თავის დროზე ყვავის და თავის დროზე ჭკნება...

"ამბავი თვითონ გპოულობსო" ასეა ნათქვამი...

თუმცა, რომ არა გრძნობა, ვერასოდეს გაიგებდი "ათას ერთი ღამის" შინაარსს...

ვერც "მოდილიანის" ნახატები იქნებოდა მისი სიცოცხლესავით სევდიანი....

და ვერც "ბეთჰოვენის" სიყრუე გაგაკვირვებდა ასე ძალიან...

რომ არა გრძნობა, ვერასოდეს გაიგებდი "ვინ გადაუფრინა გუგულის ბუდეს" ან რატომ სტკიოდა "კვაზიმოდოს" ნაიარევი...

ვერც "დარტანიანის" სიყვარული ისუნთქებდა "რკინის ნიღბის" ქვეშ ერთგულად...

და ვერც "სიამაყე და ცრურწმენას" დაამარცხებდა ქვეყნად ვერაფერი!

ან ვინ გამოიგონებდა დულსინეას "დონ კიხოტივით?"
ვინ იოცნებებდა "ანჟელიკას" სილამაზეზე???

ვერ გაიგებდი, რომ "ქარწაღებულნიც" კი არ წაუღია თურმე ქარს და არც "აქილევსი" მოუკლავს ქუსლის ჭრილობას დაცემულ ტროაში...

მოდიან და მიდიან ამბები მეფეებივით...
"ალექსანდრე" დიდებულივით იპყრობენ მსოფლიოს და შემდეგ "მოცარტივით" მარტო კვდებიან....

"ელისაბედივით" დედოფლობენ და "ჟანა დარკივით" ჭკუიდან იშლებიან...

სიმართლესავით მძიმდებიან და ტყუილივით გამყიდველები ხდებიან!

"ჯეინ ეარის" ბავშვობასავით მწარეა ზოგი ამბავი, მაგრამ მისივე დასასრულივით ტკბილი და ბედნიერი...

ზოგი ამბავი კი ტრაგედიაა თვით ხორცშესხმული შექსპირივით:
"სხვა სამწუხარო ამბავი იქნება განა?
რომეოსა და ჯულიეტასნაირი ამბავისთანა?"

ყველა ამბავს აქვს დასაწყისი და დასასრული, რომელიც ალბათ სიცოცხლესთან ერთადვე სრულდება "ანა ფრანკის დღიურებივით"
ან იქნებ არც სრულდება....

არსებობს დიდი საცავი სივრცისეული, სადაც ყველა ამბავი მიჯრით არის მიწყობილი ძველი წიგნებივით... რომელიც არ უნდა გადმოიღო და წაიკითხო, ყველა საინტერესო და სევდიანია...

ზოგჯერ ამბავს თვალებიც ჰყვებიან, თუკი კარგად ჩაიხედები იქ...

მეც მაქვს ჩემი ამბავი მოსაყოლი, ისევე, როგორც ყველას და რადგან ყველა მთხრობელს თავისი მსმენელი ჰყავს, აუცილებლად მოგიყვებით:
თვალებით...
სიტყვებით...
ან
ლექსებით...

ნინო ხორავა

https://www.facebook.com/1734810373488586/posts/2072637016372585/

вторник, 16 июля 2019 г.


ერთი...
ორი...
სამი...

ათი...
ოცი...
ოცდაათი...

უკვე თვლა ამერია, იმდენი მტრედი ზის სვეტიცხოვლის გუმბათზე...

ვთვლი და მათი რიცხვი ისევ იზრდება, ხან მცირდება...

სამსახურიც ამას ჰქვია, სვეტიცხოველი რომ გიდგას ფანჯრების წინ...

მიყვარს, რომ ვუყურებ...❤️

ასეთი დიდებული არაფერი აშენებულა ამქვეყნად და ვერც აშენდება!

#ხედიჩემისამუშაოოთახიდან

среда, 3 июля 2019 г.


რატომ ხდება, რომ როცა ირგვლივ ყველა ბედნიერია და შენც მთელი არსებით გინდა შეუერთდე მათ, რატომღაც არ გამოგდის, რადგან სადღაც სხვაგან ხარ სულით...
სად?
ალბათ იქ, იმ წუთის ბოლოში სადაც ყველაფერს აქვს დასასრული...
იმ ხაზზე, სადაც ზღვარია ამ ცხოვრებას და იმ ცხოვრებას შორის...
ამ ზღვარზე დგომას ისე მივეჩვიე, ასე მგონია სულ აქაა ჩემი ადგილი...
ან იქნებ ასეც არის...

რთულია როცა გინდა სხვანაირი იყო და არ ხარ!
ან იქნებ იმიტომ დავიბადე, რომ სწორედ ასეთი ვყოფილიყავი...

სულ ვგრძნობ, რომ ვიღაც მისმენს... ყველაზე მეტად კი მაშინ, როცა ჩუმათ ვარ...
სიჩუმის მოსმენა და გაგება კი მხოლოდ შენ შეგიძლია ღმერთო...
როცა რაღაც ტვირთს აძლევ ადამიანს, აძლევ იმის ძალასაც რომ ზიდოს...

ყველაფერს მაშინ ერევი, როცა გრძნობ რომ მარტო არ ხარ, თუნდაც არავინ გყავდეს გვერდში...

მიწას, რომ სული ჰქონოდა ალბათ ვერ გაუძლებდა იმ ტკივილს რასაც იტევს... დედა'მიწა ამდენი გვამის დატევას ვერ აიტანდა. ამდენი ცოცხალი თუ არაცოცხალი გვამის, რომელიც მის წიაღში და მის ზედაპირზეა...

ხშირად გამიგია, ცას თუ ვარსკვლავი მოსწყდება სურვილი უნდა ჩაიფიქროო...
მე კი მგონია, რომ ჩემს სურვილებს სულ უსმენენ, ჩაუფიქრებლადაც კი...

ამიტომაც მიწა ხორცია, ცა კი სული...
სხვანაირად არც შეიძლება იყოს!

მთავარია თავი შეინარჩუნო!

არსებობს ისეთი რაღაცეები, რასაც ვერც შეეხები და ვერც დაინახავ, მაგრამ მთელი არსებით იგრძნობ...

არსებობს ისეთი დღეები, როცა გცივა, მაგრამ გული ისეთი ცხელი გაქვს, არ გაძლევს საშუალებას, რომ გაიყინო...

არსებობს ისეთი სიტყვებიც, მკვდარ კაცს, რომ გააცოცხლებს ან ცოცხალს გაიმეტებს სასიკვდილოდ...

მზე თუ ამოდის ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ანათებს და არც ღამე ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა ბნელოდეს...

ზოგჯერ ღამეები დღეებზე უკეთესია...

ვუყურებ ჩემს შვილებს და ვითვლი იმ ძველ წლებს, რომლებსაც თითებიც კი ვეღარ იტევენ სათვლელად...
რამდენი დრო გასულა თურმე...
მაგრამ სოფლის ერთ წუთში მაინც ეტევა ყველა'ფერი....

არადა ისიც არ მახსოვს როდის დავიბადე...
ალბათ ვერც იმას გავიგებ როდის ვიქნები სიკვდილის მასპინძელი...

მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ერთხელ აუცილებლად შეგხვდები ღმერთო...

გუშინ ტაძარში ვიდექი და თვალებში გიყურებდი, შენც ხომ იცი რომ ვიგრძენი ეს...
გიყურებდი და იმ ადამიანს ვგავდი ფეხები, რომ აღარ აქვს, მაგრამ მაინც დადის, იმიტომ რომ შენი წყალობა იმაზე დიდია ვიდრე ყველა დანაშაული ერთად...

გიყურებდი და თითქოს გულიც აღარ იყო თავის ადგილას, რადგან არავინ იმსახურებს და მაინც მთელს სამყაროს სწყალობ შენ!

ნინო ხორავა