понедельник, 31 декабря 2018 г.


გრძნობა - პატარა, გულის ღმერთია...
დაბადებული სიცოცხლის ფეთქვად...
და სიყვარული უფრო მეტია...
ვიდრე ეს წლები სულ ყველა ერთად...

ზამთარს სიცივე მკაცრად სჩვევია...
მე კი მაისი ვიპოვე შენთან...
ეგ ცის თვალები მხოლოდ ჩემია...
ჩაგიხუტე და მოთოვა შვებამ...

ხოო სიყვარული დროზე მეტია...
ვიდრე განვლილი ცხოვრების ღელვა...
და ფანტელები ისევ მეტყვიან:
რომ ჩვენ ახალ წელს შევხვდებით ერთად...


ნინო ხორავა

christmas in my heart
https://youtu.be/n9MF9P7pAqs

გილოცავთ დამდეგს 🎆🎄🎉

суббота, 22 декабря 2018 г.


შენა ხარ ქალი, რომელიც მიყვარს...
და ღირებული ყველა ძვირ ფასზე,
ქალი, რომელიც არავის არ ჰგავს,
სულში ჩამწვდომი, გულის მიჯნაზე...

შენა ხარ ქალი, რომელიც მიყვარს...
ჩემს ჰარმონიას ცის ფრად ალაგებ,
ამაწრიალე, მიბერავ თბილ ქარს
და როგორ გინდა რომ არ მიყვარდე...

შენა ხარ ქალი, რომელიც მიყვარს...
ღელვად დადიხარ ჩემში - ვნებაზე,
ისე მინდიხარ, როგორც ამ ზღვის წყალს,
აბობოქრება ტალღის ენაზე...

შენა ხარ ქალი, რომელიც მიყვარს...
და ღირებული ყველა ძვირ ფასზე,
ქალი, რომელიც არავის არ ჰგავს,
არავის არ ჰგავს ამ ქვეყანაზე...

ნინო ხორავა

суббота, 15 декабря 2018 г.


ჰოი დედაკაცო ჭიშკარს გამოდიო,
არვე შემოვრეკე ცდოში ირიბადა,
შენამც შემეგებე ქმარი მოვედიო,
სულ მთლად გალუმპული თავსხმა წვიმისაგან.

ფეხზე გშვენებია რუხი პაჭიჭიო,
კაბა სადიაცო ლურჯი შალისაგან,
ფარაგს მოგქარგვია ბევრი ქვა-მძივიო,
გყურობ თოლ-პირზე და სითბომ გამიტაცა.

ჩოხა მომიტანე, თბილი ქათიბიო,
მმოსე ნაჭრელათი შენი მკლავისაგან,
მწყურის, კოკით წყალი ცივი დამისხიო,
ქალავ გამაძღევი შენი კოცნისაგან.

ნაწნავს ხელ შეგახებ, მაგ თმას გაგიშლიო
და ტოლს შემოგაცლი, დაგწვავ ალისაგან,
შენი სიყვარულით ცამდე ავმაღლდიო,
ცოლო სიხარულო გყვარობ გულისაგან!

ნინო ხორავა

четверг, 6 декабря 2018 г.


გამიტაცებენ ფიქრები სადღაც...
მომატარებენ უძირო ნისლებს...
იქ სადაც 'თავის უფლება' მმართავს
და არაფერი არა ჰგავს დილეგს...

სადაც ლექსები ჭედავენ აღთქმას
და აცოცხლებენ სიტყვები ფიქრებს...
გრძნობა წააგავს ხორბლისფერ თავთავს...
ჩემი სამყარო სისავსეს იტევს...

ჩურჩულებს სითბო გონების კართან...
ალალი საქმე მაგიერს იღებს...
ჰაერი უფრო სუფთაა მაღლა
და სისუფთავე ფილტვებსაც მივსებს...

გამიტაცებენ ფიქრები სადღაც...
მომატარებენ უძირო ნისლებს...
ალბათ სიტყვებით, რომ მეთქვა განცდა...
მე პოეტესა მრქმეოდა კიდეც...


ნინო ხორავა