четверг, 20 сентября 2018 г.


არ ვიცი, რითი იზომება ბედნიერება ან ვის რა ანიჭებს ბედნიერებას...
ჩემთვის კი ბედნიერება ჩემი ოჯახია...
შეუძლებელია მთელ დედამიწაზე არსებობდეს ისეთი ადგილი, როგორიც შენი სახლია...
იქ სადაც გელოდებიან  და უყვარხარ...
იქ სადაც თბილა და სიმყუდროვეა...

ნინო ხორავა

пятница, 14 сентября 2018 г.


- მოცარტს -

ხავსი მოსდებია უკვე ძველ როიალს,
კლავიშ დამტვრეული კვნესის...
ბგერა მელოდიას ისე თუ მოიტანს,
როგორც სინანულის ხვედრი...

სევდა მომაკვდავის ისმის ოქტავიდან,
თითებს შეგრძნებები შეშლის...
ყველა შეხებაზე თურმე მოცარტისგან,
კლავიშს "რექვიემი" ებრძვის...

სუნთქვა უცოდველი ქვეყნად ვის ჰქონია,
ღამე მუდამ ჰქროდა დღეში...
კვდება უპატივოდ დიდი სიმფონია,
ფუყე სამართალის ხელში...

დროში საუკუნე მოდის მინორიდან,
როგორც მგლოვიარე ხმები...
თურმე 'დიდებული' ნოტებს ვერ უცვნიათ,
ხავსი მოსდებია ძველ რიტმს!


ნინო ხორავა


ეს ლექსი დავწერე მოცარტის ყველაზე მძიმე და სამგლოვიარო ნაწარმოების "რექვიემის" ფონზე, რომლის დასრულებაც სიკვდილის წინ მან ვერ მოასწრო.

"როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა"

четверг, 13 сентября 2018 г.


- აქ -

რა ტკივილამდე მუქია აქ ცა...
და უსიცოცხლო წყურვილი ხვალის...
იქედნე სადღაც სინდისებს ფატრავს,
გადაკარგულა წიაღის კვალი!

კალოს ადგილას თარეშობს ფაცხა,
აქ ხომ ძაძებში ღრიალებს ქარი,
მკა ვერ ეღირსა ღირსეულ მარცვალს
და მზემ გაახმო მოსავლის თავი!

აქ უკვე აღარ არწევენ აკვანს
და სულთა სუნთქვას მოუნდა ხარკი,
ნოყიერ მიწას ხრიოკი ფარავს,
ფრთა მოსტეხვია ზეცაში არწივს!

მოდის სირცხვილი დაღმა და დაღმა...
გადაცვეთილა გრძნობების ალი...
რა ტკივილამდე მუქია აქ ცა...
და უსიცოცხლო წყურვილი ხვალის...

ნინო ხორავა

მე ფოთოლთ ცვენას ქოლგით დავიჭერ
და შენ დაგიცავ მისი თავსხმისგან,
მერე ყველა ფერს მძივად მოგართმევ,
შენთვის ვიჩუქებ ამ სეზონისგან.

გიშემოდგომებ ისე გაგიმხელ,
ამ სიყვარულის გულის ფეთქვის ხმას,
შენა ხარ ჩემი მეწამულის მზე
და ბარხატები თბილ ამინდისა.

ბიის ტოტებზე სძინავს ოქროს ფერს,
მალე გაახელს ის ნაყოფით თვალს,
მინდა იცოდე ისე მაგიჟებ,
გულში მიღვივებ შემოდგომის ალს.

მე ფოთოლთ ცვენას ქოლგით დავიჭერ
და შენ დაგიცავ მისი თავსხმისგან,
მერე ყველაფერს გადაგავიწყებ,
რომ იღიმოდე სიხარულისგან.

ნინო ხორავა

четверг, 6 сентября 2018 г.


გამოგლეჯია ხეებს ტოტები,
ქარი კი გამვლელ ყორეებს ლეწავს,
ამ ქვეყანაზე მე ხომ მოვედი
და ამიტომაც ლაპარაკს ვბედავ.

ისე ჩუმია ძამას მზოვრეთი,
რომ სიავეებს სიჩუმე თელავს,
სძლია ყინწვისმა მძიმე ლოდები
და შეაჩერა უსულო თვლემა.

ჩამოიტანა ზეცამ თქორები,
სულის ტკივილებს ქოზიფა ხედავს,
მიწამ შეჭამა შვილი ყოველი
და სარკინეთმა კლდეები კვეთა.

ვნახე შატბერდში ტაოს ტორები,
მტრის წართმეული ქართული კერა,
როცა კოდმანში ფეხით მოვედი,
აღარ მინდოდა არავის შველა.

ჩამოუყრია ორხევს ქორები,
მაღლა არწივნი ყოლია მცველად,
ორთუბანშია 'ღვთისა მშობელი'
აქ თავმოყრილა ვედრება ყველა.

დღეს მოსალოცად ქარელს მოვედი,
გამიმასპინძლა უფალმა ღმერთმა
და თუკი გულის ტკენა მომელის,
მჯერა ეს მადლი მექცევა შვებად!


ნინო ხორავა


2 სექტემბერი, 2018წ.
დღეს მოლოცვაზე: ძამას ხეობა, ყინწვისი, ქოზიფა, სარკინეთი(კლდეში ნაკვეთი ტაძრით)

ლექსში ასევე დამატებული მაქვს ქარელში შემავალი სხვადასხვა მონასტებიც:
შატბერდი(რომელსაც ტაო-კლარჯეთის გამეორებას უწოდებენ)
კოდმანი,
ორხევი,
ორთუბანი (ღვთისმშობლის სახელობის, რომელსაც ულამაზესი შვიდსართულიანი სამრეკლო აქვს)

ფოტოზე გამოსახულია ქოზიფას მამათა მონასტერი

понедельник, 3 сентября 2018 г.


გაშემოდგომდა სეზონთა რიგი...
და ქარი ფოთლებს ზუზუნით ხვეტავს...
ნისლმა შეიპყრო მოსული ფიქრი...
აგვისტო შველას ვერაფრით ბედავს...

ნინო ხორავა