понедельник, 12 марта 2018 г.

მოდი ყველა წესი დავარღვიოთ...
წამი გამოვტაცოთ ვარსკვლავს,
წვეთი გავუბევროთ, შევურიოთ,
წყაროს მოკამკამე წყალსაც.

მოდი თბილი ფერი ავარჩიოთ,
ისე მივაჩუქოთ ზამთარს,
ზაფხულს მწველი სიცხე ავარიდოთ,
ციდან მშვიდი ვფინოთ ავ ქარს.

მოდი განშორება გავურღვიოთ,
ყველა შეყვარებულ ქალ-ვაჟს,
გრამი სიყვარული გავუმრავლოთ,
ყოველ გამვლელსა და მაშვრალს.

მოდი ტკივილები დავამსხვრიოთ,
ყველგან სიხარული დავრგათ,
დროა ოტელომაც დაუჯეროს,
თავის დეზდემონას ნათქვამს.

მოდი მოცარტისგან მოვისმინოთ,
როგორ ააჟღერებს საკრავს,
შემდეგ ბეთჰოვენით მოვიხიბლოთ,
მთვარის სონატას, რომ ართავს.

მოდი მოდილიანს შევუთანხმდეთ,
როდის დაგვიხატავს ნახატს,
დიდი ლეონარდო მოვიწვიოთ,
თავის "მონა ლიზა" ქალთან.

მოდი ეს წყენები მოვირჩინოთ,
კარგი მელოდიის მსგავსად,
თითო წამითაც კი მოვიხიბლოთ,
დრო წლებს უმოწყალოდ კარგავს.

მოდი ღიმილები დავარიგოთ,
სადაც სჭირდებათ და კვლავ სწამთ,
მოდი ყველა წესი დავარღვიოთ...
წამი გამოვტაცოთ ვარსკვლავს...

ნინო ხორავა

Комментариев нет:

Отправить комментарий