вторник, 27 августа 2019 г.


ფერი უცვლია ამ დილით სისხამს
და მიძინებას ცდილობს ყოველი...
ფერის'ცვალება დაღვინებაა...
შემოურტყია უფალს ზოსტერი!

გახშირებია ჰაერსაც სუნთქვა
და მზე გამხდარა უფრო მომთმენი...
აგვისტოში აქვს სხვა ფერი სულსაც,
დგას შემოდგომა კართან მორცხვენით!

ცოლიკაური ედრება ციცქას,
გადავსებია ვენახს მტევნები...
გოდრის სიმცირე გაფიცებ ვინ თქვას?
გადახსნილი აქვს ყურძენს ვენები!

ხორბლის თავთავი უჭირავს მიწას,
ელოდებიან მარცვლებს თვეები...
სიტყვა, ვერასდროს ვერ იტყვის შენს ფასს!
დაგიჩოქებენ ღმერთო დღეები!

მარიამობა თენდება სისხამს...
ფერით ცვლილია უკვე ყოველი...
და თუ 'ტარიგი' ფეშხუმზე ფეთქავს...
'სეფისკვერია' მისი მშობელი!

ნინო ხორავა

გილოცავთ მარიამობას და ფერისცვალებას მოგვიანებით ❤️

ლინკში განმარტებულია სიტყვა "ტარიგი" http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98

воскресенье, 11 августа 2019 г.


დიდგორის ბრძოლა ანუ ძლევაჲ საკვირველი(1121 წლის 12 აგვისტო)
---------------------------------------------------------------------
ჩამოუბნელდა საქართველოს დიდების მზენი,
ვიდრე სულთნებმა ააოხრეს მამული ტურფა,
ღალატის სუნით გაჟღენთილა მიწაზე ქვებიც,
მეფე ქართველთა ღირსებისთვის ომის გზას უდგას!

იდგა დავითი ორ მთას შუა დაბურულ ტყეში,
თვით საუკუნეც იკავებდა შიშისგან სუნთქვას,
ჩამოურიგდა დიდგორის ველს ურიცხვი მტერი
და ბრძანა მეფემ - ჩაეხერგათ ყველა გზა უკან!

ბრძოლის ყიჟინამ მიწა შეძრა ნანატრი ქვეყნის,
მტკიცე ლაშქარი, აწყვეტილი დაეშვა მთიდან,
ოსი, ყივჩაღი, ხმალს იქნევდა დამქაშთა გვერდით
და ღვთის წყალობამ დაიქუხა მაღალი ციდან!

ათასწლეული ვერ დაფარავს, ვერც სიტყვა ვრცელი,
ენამ ვერა თქვა დიდებული მეფობის ხილვა,
ეს იყო "ძლევა  საკვირველი" ქართველი ერის!
და გამარჯვება საქართველოს სიმრთელედ იქცა!

ნინო ხორავა

https://m.youtube.com/watch?feature=youtu.be&v=Xk3oJzDtyA8

пятница, 9 августа 2019 г.


თვალებს ვარსკვლავთა სინათლე მიჭრის...
ჩემს წინ დიადია აღმდგარამთები...
სულის შემძვრელი ძალა პულსს მითვლის...
ჩანს უთვალავი სავალი გზები...

ყველა ბილიკი შორ გზაზე მიდის...
თან მიჰყვებიან ძვირ'ფასი წლები...
ვაზის საუფლო ვენახში მიცდის...
მიწას უხდება გალობა ლერწმის...

უკიდეგანო არეა მინდვრის...
და უსასრულო სილურჯე ზღვების...
ხარ დიდებული შექმნელი სივრცის...
ყველა ცოცხალი საწყისი ფესვის...

შენით მოძრაობს ძარღვებში სისხლი...
თითო ჩასუნთქვა - მადლია ერთი!
დაბადებიდან ზეცაში მიცდი...
მეფე ყოვლისა და ჩემი ღმერთი!

ნინო ხორავა

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1503054843138979&id=389633407814467

четверг, 1 августа 2019 г.


მოწყენა სჩვევიათ "ვივალდის სეზონებს"...
ლაპარაკს დაიწყებს ზეციდან წვიმები...
ამ სიღრმე შეგრძნებებს ვერ ვხვდები რა მოლევს...
რა მოლევს,
თანდათან მემგონი ვგიჟდები!

დაიწყო ნოტებმაც სიბრაზე სხვა ტონში...
შტორმია, გაიგე!
"შტორმია" ძლიერი!
ისე ვგრძნობ ყველა'ფერს
ფრაზები არ მყოფნის...
არ მყოფნის,
გადმოვცე ამგვარი ცის ფერი!

ხელები კლავიშზე დილამდე მეფობენ...
არაა საჭირო საერთოდ სიტყვები...
და ფუგას თითები "ბახივით" ვერ თმობენ...
ვერ თმობენ,
ძალა აქვს...
ძალა აქვს ისეთი!

მოვპარე მთვარეზე სონატა "ბეთჰოვენს"...
მინორებს ცრემლები რატომღაც არ მოსდით...
ქარია, ფანჯრიდან ფოთლები შემოვლენ...
ჯიუტობს თავისას
ფორსი და მაჟორი!

ნათდება ზეცა და ღამეს დღე გამოლევს...
მტვრიანი მუსიკა...
ვიშლები....
ვიშლები!
საათი წამების ნაკვალევს გამოსცემს...
მემგონი გულშია სულ ყველა ფიქრები!

უძილო დილაზე ჩამოწვა მზე მდორედ..
როიალს ჯერ კიდევ არ სტკივა სიმები...
ამ სიღრმე შეგრძნებებს ვერ ვხვდები რა მოლევს...
რა მოლევს,
თანდათან მემგონი ვგიჟდები!

ნინო ხორავა