понедельник, 27 января 2020 г.


იცხოვრე კიდევ!
ჩამოლეწე პური კალოზე,
მარხვის ბოლოში ღამისთევას უთენე ღამე!
სვეტიცხოველში კვირაობით ისე გალობდე,
რომ გათენება უხაროდეს წუხანდელ ლანქერს!

მიდი იცხოვრე!
ჩამომწყემსე ცხვრები ლალხორზე!
ყველა მტევანი დაუკოცნე ღვთისგულა ვაზებს!
ცოდვა მტერივით  დამიჯერე ისე აჰხოცე,
რომ ცა ქამანდის მოიხვიე მაშინვე მკლავზე!

იცხოვრე კიდევ!
გააჭენე ცხენი მდელოზე!
ქალი შეირთე, ოქროსფერი ნაწნავით მხარზე!
ცოლს წუხილისთვის არასოდეს ბიჭო არ თმობდე,
მიდი შვილები გაუზარდე შენივე გამჩენს!

იცხოვრე კიდევ!
საფერავით ქვევრებს აპობდე
და მისხალ-მისხალ საამაყო ნაყოფებს რგავდე!
შენს სიცოცხლეში არასოდეს წუთს არ ნანობდე!
ისე იცხოვრე, რომ ღმერთამდე ნაბიჯებს დგამდე!

ნინო ხორავა

понедельник, 20 января 2020 г.


ვისაც ნამდვილად უნდა, რომ მიუტევონ - ის პატიებას ითხოვს! რადგან "მაპატიე" უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ "ბოდიში"

დეკემბერში გაყვავებული ყვავილივითაა მიტევებაც...
ოღონდ ის უფრო მეტია მისთვის, ვინც გასცემს...

მიყვარს ყვავილი დეკემბერა...
ალბათ იმიტომ, რომ დეკემბერში ვარ დაბადებული ან იმიტომ, რომ ღარიბად ჩაცმულ ბუნებას ასე აცოცხლებს ალისფერი ყვავილები...

ყველა დეკემბერი სხვანაირია...
ყოველი ზამთრის მოსვლას კი ჩემი ერთი ნაბიჯი აკლდება...

ნეტავ უჩემოდ რანაირი ზამთარი მოვა...

ხომ ვიცით, რომ არავინ და არაფერი მეორდება ამ ქვეყანაზე, ბალახიც კი არ ამოდის იგივენაირი...
თუმცა ხდება ხოლმე როცა გვცვლიან...
მაგრამ არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ვერავინ ცვლის!
მათი შეცვლა არასდროს არავის შეუძლია!

მზით, ცით, მიწით ნაშენია სული!

როგორ შეიძლება ვინმემ შეგიცვალოს შენი მზე?
შენი ცა?
შენი მიწა?
შენი მეორე ნახევარი! (თუკი ნამდვილია ის)

ვგრძნობდი, როგორ უჭირდა ამოხველება ფილტვებს და მაინც ვსუნთქავდი დაბინძურებულ ჰაერს. იმიტომ, რომ სუფთა აღარაფერი დარჩა ამ ქვეყანაზე. ჰაერიც კი...

გგონია ყრუ ადამიანს, რადგან არ ესმის არ უნდა ესაუბრო?

შეიძლება არ ესმოდეს, მაგრამ იგებდეს რას ეუბნები...
ძნელი ისაა, როცა ესმით და არ იგებენ, თორე სიყრუე სულაც არაა ნაკლი... მთავარია ადამიანი იყო...

ფანჯრის კუთხეში დაგროვებულ ჭუჭყს ჰგავს სიამაყე...
რაც უფრო დიდხანს არის ფანჯარა ქარში ღია, მით მეტი ჭუჭყი გროვდება კუთხეებში...

ბევრი ჭუჭყი კი ავად გხვდის...

თუმცა ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე...

ავადმყოფობა, ხომ ის გასაღებია, რომელიც დახურულ კარებს აღებს. სხვანაირად რომ ვერ გააღებდი ისეთს...

თითზე შემოხვეულ ძაფს ჰგავს დრო...
ზოგისთვის გრძელია, ზოგისთვის კი უცებ წყდება...

ბავშვობაში სულ მეგონა, რომ ციცინათელა მიწაზე ჩამოსული ვარსკვლავი იყო, მერე აღმოვაჩინე რომ მწერია, რომელიც მატლს ჰგავს...
ეს იყო ჩემი პირველი იმედგაცრუება...

ჩემი პირველი ნახატი კი ბუნება იყო, აკვარელის საღებავებით შესრულებული...
მიყვარდა ხატვა...
ეხლა წერა უფრო მიყვარს...

მაგრამ ღმერთო ის არ მახსენდება შენი არსებობა პირველად როდის ვიგრძენი...
მარტო ის ვიცი, რომ რაც თავი მახსოვს შენს არსებობასაც ვგრძნობ...

დაღამდა...

მიყვარს ღამე, სიჩუმე და ბნელი ცა...

გათენებას ხალისი მოაქვს...
ღამე კი იდუმალია, შენს თავში გკეტავს!
ალბათ ამიტომაც აქვს ღამით ლოცვას მეტი მადლი...

ვისაც უყვარხარ, იმას თუ გულს ატკენ, ვერასდროს იქნები მშვიდად!

და მაინც პატიება ბოდიშზე მეტია!
არასოდეს მოიხადო ბოდიში...
პატიება სთხოვე!

ნინო ხორავა

суббота, 4 января 2020 г.


ცეკვავენ ქარში ბალერინები...
და დრო უჩვენებს შუადღის თორმეტს...
მაყურებელი? -
თეთრი მტრედები...
ენ პოინტე და...
ტრიალი ორჯერ...

ქარს მოაქვს თხელი ქვიშის ტალღები...
ამ ტალღებს სუნთქვის შეგრძნება მოსდევს..
მე ცეკვით ცამდე
ცამდე
ვმაღლდები....
ბრავო...
ტაში და...
პუანტებს მოვცვეთ...

არ დაიღალნენ ფეხის ცერები...
და დრო უჩვენებს ამ ღამით თორმეტს...
მაყურებელი? -
ცაა...
ვარსკვლავები...
ენ პოინტე და...
ტრიალი ორჯერ...

ნინო ხორავა