понедельник, 10 августа 2020 г.


გიჟივით წვიმდა... 

მე კი გული ისე გამითბა,

თითქოს სამრეკლომ ჩამორეკა მორცხვი ზარები...

და ლოცვასავით აკიაფდა სულში ქარიზმა,

იმ სულში სადაც ტაძრებია ჩემი სახლები!


ვიცი გინახავს, როგორ ყვავის ჩემში ენძელა...

რიდე მოხვეულს, ხან მგონია უკვე ვმთავრდები...

საკმარისია სიყვარულით ერთი შეხედვაც,

რადგან ღმერთისთვის ძვირად ფასობს სუფთა თვალები!


"დრო მკურნალია" "ყველაფერმა იცის შეჩვევა"

ვახ კაცთა მოდგმავ, მოწოდებით მიწავ ეულო!

რაც ნამდვილია, არასოდეს მოგცემს შენდობას!

რაც ნამდვილია, არასოდეს უნდა შეუნდო!


წვიმა ვერასდროს ვერ დაფარავს კაცთა ნაკვალევს 

და ვეღარც სიკვდილს ვეღარ შეცვლის ჩემი შავები!

ის რაც დაიწყო, დასასრული აღარ ამთავრებს!

ნამდვილ დასაწყისს სხვაგანა აქვს თავის ვადები!


მე სიყვარულიც უფალივით ერთი მგონია!

რითიც სტყუი და თავისთავად კიდეც მართლდები!

ზეცა ზედ მაწვიმს...

საოცარი დილა მქონია...

ტაძრის სამრეკლომ ჩამორეკა ჩემში ზარები!


ნინო ხორავა