среда, 28 марта 2018 г.


ცხოვრება არ არის განვლილი დღეები...
ცხოვრება ლამაზი წუთების კვალია...
არაფერს არ ნიშნავს გულზე ეს შრეები...
სიკეთით სიცოცხლე სულ ყველას ვალია...

ნინო ხორავა

суббота, 24 марта 2018 г.


მოდი
გულები ვაფრინოთ ცისკენ...
იმედებისგან დავაფრთიანოთ...
მოდი
ფერები ვუცვალოთ ფიქრებს...
სიკეთისაგან გავამზიანოთ...

ნინო ხორავა

вторник, 20 марта 2018 г.


სული მოვითქვი, ვყვავიო...
ფითქინა იასამანმა,
ძლივს გადავლახე მარტიო,
ქარებმა სულ ზედ მიარა...
ზამთარს ტყვესავით ვყავდიო,
მზემ მომირჩინა იარა,
გაზაფხულისთვის ვყვავიო,
თოვლივით იასამანმა...

ნინო ხორავა

суббота, 17 марта 2018 г.


ბები დამიბრუნდი  ხელში კესანებით...
შენი მოფერება ისე მენატრება...
ქალი უტბილესი თმაში ჭაღარებით,
უკვე სიზმარშიც კი აღარ მეცხადება.

მოდი ჩამიხუტე გულში გამალებით,
როცა ვიტირებ და მუხლი მეტკინება,
ისევ დამივარცხნე ოქროს დალალები,
ღომი გამიკეთე - როცა მეწყინება.

ბები შემიკერე ისევ მაქმანებით,
კაბა ჩითის ნაჭრის...
კაბა "ნეტარება"...
ისევ დამიძახე მთელი მონდომებით,
შენი დაძახებაც, როგორ მენატრება.

მოდი დავუაროთ ქუჩებს აჩქარებით...
დრო ვერ შევიგრძნოთ და...
ისევ გვეღამება...
სახლებს გაანათებს თეთრი შუქ-ჭრაქები,
ყველა ბუდეში კი მყუდრო შემართება.

შენი დაჭმუჭნული კანის ნაკვალევი,
ხელში კესანებით, როგორ გეხამება,
მოდი დამიბრუნდი ხმაში ბზარნარევი,
ჩვენი სიყვარულით - როგორც გეკადრება...

"ნინო ხორავა"

პ.ს. რატომ კესანები?
რადგან სახვადასხვა ენაზე ამ ყვავილს თურმე "არ დამივიწყო" ჰქვია...

ჩემს ბებოს 💕

четверг, 15 марта 2018 г.


რაც შენ აღარ მყავხარ ბებო,
ისე დავქალდი და ვდედობ,
ჩემო თმაჭაღარა ქალო,
მაინც ძველებურად გჩემობ.

შენ რომ მიკემსავდი ღილებს,
თოვდა უსაშველოდ... ბებო,
ღუმელს უკეთებდი ფიჩხებს,
გულში მაკინძავდი სითბოს.

დილას რომ მიცხობდი კვერებს,
ჩუმად ვაყოლებდი ღვინოს,
მერე შეხვიდოდი ბეღელს,
ნუგბარს მომიტანდი ტკბილო.

ღამით მიყვებოდი ამბებს...
"ჩემი კოხტა გოგო ხარო"
როგორ მოენატრა "შენს მტრედს"
შენთან ბავშვობანა ქალო.

უკვე მერამდენე წელი,
ახლა აღარ მყავხარ ჩემო,
აღარც სოფელია მთელი,
აღარც ბეღელი და მდელო.

აღარც სითბო მესმის შენი,
ვეღარც ნაწნავს ვიწნი თვითონ,
ან ვინ ჩამიხუტებს გულში,
როცა გასაჭირი მიპყრობს.

რაც შენ აღარ მყავხარ ბებო,
ისე დავქალდი და ვდედობ,
ჩემო თმაჭაღარა ქალო,
გულში უსასრულოდ გჩემობ.

ნინო ხორავა

P.s. ეძღვნება ჩემს გამზრდელ მარიამ ბებოს 

вторник, 13 марта 2018 г.


არ დაკარგო იმის რწმენა,
რომ სიკეთე სასწაულს ქმნის,
თუნდაც ერთი გაღიმება,
ადამიანს მზედ გარდაქმნის...

"ნინო ხორავა"

გულში ხშირსუნთქვა
სიგიჟე ქუხდა...
ალისნაირი
ფიქრების თავსხმად...

ჩემ სიყვარულმა
წაგლეკოს უნდა...
მარტისნაირი
წვიმების მსგავსად...

"ნინო ხორავა"

როდესაც მითხრეს, რომ გამთენიისას ჩამოფრინდებოდი, მე მთელი ღამე გავატარე ცის ყურებით, რათა შენი გული მეგრძნო...

"ნინო ხორავა"

გიშველი
თუ გინდა შველა...
ყოველდღე
გიწამლებ ტკივილს...
თუკი გსურს
გავხდები დედა...
შენი ძვირფასი შვილის...

"ნინო ხორავა"

მოფრინდა ჩიტი თავნება...
გაზაფხულობა მიამბო...
თოვლი მთებს როგორ ადნება,
მზე უჩურჩულებს ნიავსო.

კვირტი ხეს როგორ ასკდება,
ზამთრის წუხილი მიაქვსო,
ბალახს სიმწვანე აჩნდება,
სითბო ამშვიდებს გიჟ ქარსო.

ცას ცისარტყელა აღზევდა,
მხიარულობა მიანდო,
ბედნიერება ამზევდა, 
იდედოფლა და შლის თავსო.

საყვავილეთი ამღერდა,
ფერებიც როგორ კიაფობს,
მოფრინდა ჩიტი თავნება...
გაზაფხულობა მიამბო...

"ნინო ხორავა"

♡ ♡ ♡

მათბობს

ზრუნვების ფერი...

შენი

თვალების მზე...

ჩვენში

არსებობს ღმერთი...

როგორ

მიყვარხარ დე...


"ნინო ხორავა"


ჩემი გაზაფხული დაიბადა 🌸
სითბო აღუღუნდა დღეს ☀️
ყინვა დაზაფრული გაიფანტა 🌬
როგორ უხარია მზეს 🌞

პ.ს. როგორ მიხარია მეც 🙃😍

ნინო ხორავა

მუჭებით მომაქვს
სიხარულები
და სიყვარული
მთელი ქვეყნისა
გულში დათვლილი...
თბილი წამები
და ღიმილები
მსგავსი ზეცისა...

მუჭებით მომაქვს
სიხარულები...
წვიმის წვეთებთან
ცეკვა მეღირსა...
სულში ასხმული
ფერის უღლები...
მენდე მისწვდება
მაღლა ზენიტსა...

"ნინო ხორავა"

ამინდს სითბოს სხივი
სულში ეპარება...
ხდება გაღვიძება მზის...
მორცხვი ენძელები
ზამთარს ეპრანჭება...
ხრის თავს გაზაფხულის წინ...

"ნინო ხორავა"

ყ ვ ა ვ ი ლ ე ბ ი

მენატრება მოქარგული,

ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი

ლაღი მზერით გადარგული,

უ კ ვ ე   მ ა ლ ე

გაცოცხლდება ცა და გული,

გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ი

არის ჩემი სულის სული...


"ნინო ხორავა"

მე, შენ და ბავშვი...
ქოლგის ქვეშ, ერთად...
წვიმა ცისეულ
სიყვარულს შვენის,
მზა სიმფონია
შხაპუნა ხმებთან,
სიცილის ნოტებს
ლამაზად ერთვის...

უკრავს ორკესტრი
მაჟორის დებთან,
ტონს კი სიმები
აცეკვებს ბგერით,
მე, შენ და ბავშვი...
ქოლგის ქვეშ, ერთად...
წვიმის სიმღერას
ღიმილით ვმღერით...

"ნინო ხორავა"

სულში გამეღვიძე...

დღეთა საძებნელად...

ლოცვად ამეტირე...

ღმერთთან სავედრებლად...


"ნინო ხორავა"

იხარეთ...
იკარგეთ...
იბედნიერეთ...
ხალისი ყოველ წუთს
თვალებში აანთეთ...
არიგეთ...
არიგეთ...
სიკეთე არიგეთ...
გრძნობების მორევში
კოცონი დაანთეთ..
თუ გიყვართ უთხარით...
"მიყვარხარ" ახარეთ...
მზისეთში ჩაძირეთ...
სიტყვები აყვავეთ...
ხელები
ბოლომდე
ბოლომდე
გაშალეთ...
სითბო და ღიმილი
ამრავლეთ
ამრავლეეეთ...

"ნინო ხორავა"

ისევ იღიმის
იის
ციმციმა კონა...
შარშანდელივით
კვლავ
გაზაფხული მოვა...

"ნინო ხორავა"

понедельник, 12 марта 2018 г.

მოდი ყველა წესი დავარღვიოთ...
წამი გამოვტაცოთ ვარსკვლავს,
წვეთი გავუბევროთ, შევურიოთ,
წყაროს მოკამკამე წყალსაც.

მოდი თბილი ფერი ავარჩიოთ,
ისე მივაჩუქოთ ზამთარს,
ზაფხულს მწველი სიცხე ავარიდოთ,
ციდან მშვიდი ვფინოთ ავ ქარს.

მოდი განშორება გავურღვიოთ,
ყველა შეყვარებულ ქალ-ვაჟს,
გრამი სიყვარული გავუმრავლოთ,
ყოველ გამვლელსა და მაშვრალს.

მოდი ტკივილები დავამსხვრიოთ,
ყველგან სიხარული დავრგათ,
დროა ოტელომაც დაუჯეროს,
თავის დეზდემონას ნათქვამს.

მოდი მოცარტისგან მოვისმინოთ,
როგორ ააჟღერებს საკრავს,
შემდეგ ბეთჰოვენით მოვიხიბლოთ,
მთვარის სონატას, რომ ართავს.

მოდი მოდილიანს შევუთანხმდეთ,
როდის დაგვიხატავს ნახატს,
დიდი ლეონარდო მოვიწვიოთ,
თავის "მონა ლიზა" ქალთან.

მოდი ეს წყენები მოვირჩინოთ,
კარგი მელოდიის მსგავსად,
თითო წამითაც კი მოვიხიბლოთ,
დრო წლებს უმოწყალოდ კარგავს.

მოდი ღიმილები დავარიგოთ,
სადაც სჭირდებათ და კვლავ სწამთ,
მოდი ყველა წესი დავარღვიოთ...
წამი გამოვტაცოთ ვარსკვლავს...

ნინო ხორავა

воскресенье, 11 марта 2018 г.

ისევ დუმს ზეცა,
მთაში ნისლია,
გვირილას უთქვამს:
სუნთქვებს მითვლიან...
იძინებს მზე და
დღენი მიჰქრიან,
ჩემი სუნთქვებიც:
წუთებს ითვლიან...

"ნინო ხორავა"

суббота, 10 марта 2018 г.

ნახე მაღლიდან როგორ თოვს,

მოსავს ქვეყანას, ქარგავს...

და ფანტელები მღერიან,

თეთრად ცეკვავენ სამბას...

ზეცა "თეთრ ფერში" ფიფქებს ქსოვს,

მიწას აფარებს საბანს,

სულ "ყველა ფერი" თეთრია,

ყველა ქუჩა თუ დაბა...

და "ცის სარტყელა" ღმერთს შესთხოვს,

იხდენს ოცნებას ნანატრს:

შ ვ ი დ ი ვ ე  ფერი თეთრია,

ყველა ქათქათა, სადა...

❄❄❄❄❄❄❄❄❄❄❄❄❄❄❄❄

ნინო ხორავა
ზეცას აჰყურებენ თეთრი გვირილები...
ნისლებს შერევია ფიქრთა მელოდია...
მთაში დავარიგე ჩუმი ღიმილები...
აქ ხომ ყველაფერი სულში მეტყობიან...

"ნინო ხორავა"
ისე მომწყურდი, როგორც არასდროს,
ჩემო ღიმილო და გულისერთა!
ისე მომწყურდი, როგორც მთის ბალახს
მოსწყურებია მტირალი ზეცა!

ისე ამტკივდი, როგორც ავადმყოფს
აჩქარებია რითმ გულისფეთქვა!
ისე ამტკივდი, როგორც ვაზის ყლორტს
ასტკიებია ნერგების შემყვნა!

ისე გინატრე, როგორც მცხეთის მტკვარს
მოჰნატრებია ზედაზნის ხედვა!
ისე გინატრე, როგორც ფშავის გზას
მოჰნატრებია შეხვედრა თემთა!

ისე შემცივდი, როგორც მიცუს მთას
ზედ მოჰყინვია თოვლი და სეტყვა!
ისე შემცივდი, როგორც ალაზანს ძარღვდ შესცივნია უცხოსთან კვეთა!

ისე გამითბი, როგორც დილის ჟამს
მზეს მოჰყოლია ცისკართან შერთვა!
ისე გამითბი, როგორც არასდროს,
ჩემო ღიმილო და გულისერთა!

ნინო ხორავა
ბაბუაწვერავ...
აღარ მინდა არაფრის წერა!
მინდა ქარებმა გამომტაცონ
ფიქრების ძგერა...
როგორც ბუსუსებს შემოგაცლის
ეს ბედისწერა,
ისე მუზებმაც დაივიწყონ
ამ სულში ლხენა...

ბაბუაწვერავ...
სიმარტოვეს რად უნდა წერა?
იცი? შენ ჰგევხარ ჩემს ცხოვრებას
ყველაზე მეტად...
სულ მარტო დგეხარ ველ-მინდვრებზე
ეულად...
კენტად...
მერე კი ქარი გაგაქროლებს,
წვეთ-წვეთა ცრემლად...

ბაბუაწვერავ...
ან ტკივილზე რად ვიწყებ წერას?
დიდი ხანია, რომ სიცოცხლემ
დამიწყო ბღვერა!
შენსავით ცაში ამიტაცებს
სიკვდილის ფრენა...
და მერე ალბათ შემიწყდება
მეც გულისცემა...

ბაბუაწვერავ...
წუთი სოფელს რად უნდა წერა?
ის ზღაპარივით მიილევა,
უმალვე ჭკნება...
შენ ერთადერთი ყვავილი ხარ,
წამში რომ ქრება...
და ჩემს სიცოცხლეს მიგამსგავსე
ბაბუაწვერავ...

"ნინო ხორავა"

понедельник, 5 марта 2018 г.

ქალავ ზედ გულზე მაჩნიხარ! 
წაგიყვან არხოტს მთაზედა,
ჭიუხვებს შემოგატარებ,
გზად შეგასვენებ წყალზედა.

ხელ-კავიანი მარჯნის ხარ,
ტალავარ გშვენის ტანზედა,
თავზე მანდილი გახურავს
და პაჭიჭები ფეხზედა.

მხარს საბეჭური გაცვია,
ნაწნავი გიშრის თმაზედა,
თვალები მაყვალ ანცია,
ხარ ეშხიანი ხმაზედა.

სულში სიდინჯე ჩაგსმია,
აფრქვევ გემრიელ სურნელსა,
მთის ყვავილივით ანთიხარ,
ყვავი, ლოდინობ მფარველსა.

ჯვარსა დავიწერთ, მადლიანს,
სახლს აგიშენებ ქვითკირსა,
შენს დიაცობას ატყვია,
ცოლი იქნები ვით მზისა.

ქალავ ზედ სულზე მაჩნიხარ!
გყვარობ, გამომყევ ხევსურსა,
არხოტის ქარაფს წაგიყვან
და შენ მოგიძღვნი ჩემს გულსა!

ნინო ხორავა