воскресенье, 29 августа 2021 г.

 როცა მზე იძინებს ღრუბლის ზღვარზე…

ჩუმად ჩამოვჯდები ქოხის პირას…

ღმერთთამ ვისაუბრებ სოფლის არსზე…

ვეტყვი ყველაფერი როგორ მტკივა…


თუ რა უაზროა სილამაზე…

აქ ხომ ნეხვის კასრი ოქროდ ბრწყინავს…

მდარე, გონჯი, გახდა სისადავე

და რომ ფუყურო სულს უფრო სცივა…


აქ ხომ ყველა’ფერი მტვერს იხამებს…

მუდამ სამართალი გროში ღირდა…

ალბათ თუ ღრუბლები ამიტაცებს…

თორეე ამ მიწაზე მე რა მინდა…


ნინო ხორავა

воскресенье, 4 апреля 2021 г.

გეფიცები ზეცა ისევ ცის’ფერია...

დაღამება წესად ექცა ამ სოფელს...

სიცივეებს მზის სხივები მორევია...

სულის დარდებს დრო ვერაფრით ახორცებს...


თუ ტკივილებს ზღვარი ისევ გადასვლია...

სიმშვიდეში შვებას უნდა ეძახდე...

ყურძნის მტევნებს მარცვლებიღა გადავსია...

ღვინის სუნი ასდით სოფლის ვენახებს...


მერე რა თუ ზოგჯერ ისევ ზამთარია...

სულში ისევ თეთრ ფანტელებს ითოვებს...

ქვეყანაზე თუკი სადმე ჭადარია...

გაზაფხულზე დამერწმუნე იფოთლებს...


თუკი გრძნობამ გული სულ მთლად გადარია...

არ დანებდე იმ ერთისთვის იბრძოდე...

დედამიწას მეგობარო ნათქვამია:

სიყვარული ატრიალებს იცოდე!


ნინო ხორავა


ლექსი ეძღვნება გურამ დოჩანაშვილს 🖤 დავასრულებ მისივე ფრაზით: “დედამიწას სიყვარული ატრიალებს დომენიკო!”

воскресенье, 7 февраля 2021 г.

 გახსოვს თოვა?

პირველად რომ გაგიცანი?

შობა თბილი და ჩურჩულით მოზამთრული?

სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში წირვის სუნი?

და ეს გული... 

მოპარული...

მოპარული...


გახსოვს მზერა? მხოლოდ შენი... 

მხოლოდ ჩემი...

მერე ერთად მონათხრობი ეს ამბავი...

ჩვენი სახლი...

გაბოლილი ბუხრის ჭერი...

და ყველაზე გულგამთბარი თებერვალი...


გახსოვს ჩემო? თბილი ჩაი ცოტა შაქრით?

და ქარები მოზუზუნე, აბეზარი?

ბევრი ღამე... ჩაუმქრალი...გიჟი...წყნარი...

ის განვლილი ჩვენი წლების კალენდარი?


გახსოვს თოვა? პირველად რომ გაგიცანი?

შობა თბილი და ჩურჩულით მოზამთრული?

სიყვარული მხოლოდ ჩემი მხოლოდ ჩემი!

ეს ამბავი მერე ერთად მოქარგული...


ნინო ხორავა

четверг, 10 декабря 2020 г.

დამიზამთრდები...

გეფიცები ხვალამდე ისე...

გაუცივდებათ მინორები პატარა ნოტებს...

ცაო სინათლევ აისამდე დაბადებ ფიფქებს...

როგორ მომინდა დეკემბერო შენსავით ვთოვდე...


ისე აკლია ახლა გული გუშინდელ ფიქრებს...

მცივა თითებზე...

გაეყინათ სხეული ხეებს...

წამოახველა ნოემბერმა, დღე კი დღეს მისდევს...

ნუთუ არავინ არ გამითბობს გათოშილ ხელებს....


დღეს პირველია...

ვერ ვპოულობ საჭირო სიტყვებს...

ქრისტეშობისთვევ

წამიყოლე შენ სადაც ქროდე...

შობის ფერი ხარ... 

ჩამოთოვე ფიფქებო ისეეე... 

როგორ მომინდა დეკებერო შენსავით ვთოვდე....


ნინო ხორავა


01/12/2020

https://fb.watch/2iqgIHjANf/

пятница, 4 декабря 2020 г.

ვუხსნიდი გუშინ ვუხსნიდი გუშინ უსმენო მთიბავს,
რომ შრომით დაღლა არაა ცუდი
და უსინათლო ხეიბარ ყივჩაღს,
ბევრჯერ ვანახე დამსკდარი ქუსლი...

გზაზე უვლია უამრავ ვირთხას,
ჩამოხევია ქვეყანას გული,
დაღამებულა ამ დილით სისხამს,
ჩამოწოლილა წვიმების სუნი...

ზოგჯერ ხეებიც არაფერს ისხამს
და ოცდაათი ვერცხლი ღირს სული...
ჩემივე სახლში მე ვიხდი ქირას,
ან მოპარულის თვითონ ვარ ქურდი...

თუ კუზიანსაც ვეღარ ცვლის მიწა
და გულის ჯიბე მძიმეა ხურდით,
მაშინ უფალო შენს სახელს ვფიცავ,
რომ ყველა ტკივილს მოგიტან ზურგით...


ნინო ხორავა

понедельник, 10 августа 2020 г.


გიჟივით წვიმდა... 

მე კი გული ისე გამითბა,

თითქოს სამრეკლომ ჩამორეკა მორცხვი ზარები...

და ლოცვასავით აკიაფდა სულში ქარიზმა,

იმ სულში სადაც ტაძრებია ჩემი სახლები!


ვიცი გინახავს, როგორ ყვავის ჩემში ენძელა...

რიდე მოხვეულს, ხან მგონია უკვე ვმთავრდები...

საკმარისია სიყვარულით ერთი შეხედვაც,

რადგან ღმერთისთვის ძვირად ფასობს სუფთა თვალები!


"დრო მკურნალია" "ყველაფერმა იცის შეჩვევა"

ვახ კაცთა მოდგმავ, მოწოდებით მიწავ ეულო!

რაც ნამდვილია, არასოდეს მოგცემს შენდობას!

რაც ნამდვილია, არასოდეს უნდა შეუნდო!


წვიმა ვერასდროს ვერ დაფარავს კაცთა ნაკვალევს 

და ვეღარც სიკვდილს ვეღარ შეცვლის ჩემი შავები!

ის რაც დაიწყო, დასასრული აღარ ამთავრებს!

ნამდვილ დასაწყისს სხვაგანა აქვს თავის ვადები!


მე სიყვარულიც უფალივით ერთი მგონია!

რითიც სტყუი და თავისთავად კიდეც მართლდები!

ზეცა ზედ მაწვიმს...

საოცარი დილა მქონია...

ტაძრის სამრეკლომ ჩამორეკა ჩემში ზარები!


ნინო ხორავა

суббота, 11 июля 2020 г.


სკოლის მოსწავლე ვიყავი ასე 15 წლის.
იმ ზაფხულს ჩემს დაქალთან კახეთში ვისვენებდი. აღარ დავიწყებ იმის მოყოლას თუ რაკარგად ვერთობოდით ერთად მეგობრები...

მაგრამ ამბავი ამბის მიღმა უფრო საინტერესოა ხოლმე ყოველთვის...

ერთ დღეს ავტყდით - მდინარე ალაზანზე  გვინდოდა წასვლა...
არ გვიშვებდნენ მშობლები, რადგან წინა დღის ნაწვიმი იყო და საშიში იქნებოდა მდინარე...
მაგრამ როგორც იქნა დავითანხმეთ...
წავედით ალბათ ათნი ან მეტნი ვიყავით...

წასვლის წინ გული მეუბნებოდა, რომ მშობლები მართლები იყვნენ(წვიმების შემდეგ მართლაც სწრაფია მდინარის დინება) მაგრამ გონება არ აქცევდა გულს ყურადღებას...
და რადგანაც ყველას ძალიან გვინდოდა წასვლა, მეგობრებისთვის ეს არც გამიმხელია...

ისეთი უცნაური გრძნობა მქონდა, რომ ალაზანზე მისულს გადავიფიქრე წყალში შესვლა. ეს არ იყო მხოლოდ შიში, არამედ რაღაც კიდე სხვა...
ფეხზე გავიხადე და ერთ მეგობართან ერთად ნელი ნაბიჯებით მუხლამდე წყალში მივსეირნობდი...
მივსეირნობთ და  ვხედავთ შორიდან, რომ დანარჩენები უკვე ჭყუპალაობენ...

წყალს ვუყურებ და საშინლად არის ადიდებული, ამღვრეული... თან  დინება აქვს ისეთი ძლიერი, რომ ფეხებზე მაწვება და ცდილობს დამაგდოს ...

გული მეუბნება - "გადი წყლიდან!"
გონება კი - "მუხლამდეც ძლივს გწვდება, რა უნდა გიყოს!"

ამასობაში მდინარე უფრო ადიდდა და დინებამ ისე მოულოდნელად წამიღო, რომ დაძახებაც ვერ მოვასწარი...
წამიღო და ჩამაგდო მორევში...
ვტრიალებ საოცარი სიჩქარით, გული დამეღალა, ვყლაპავ უამრავ წყალს, თან ცურვა არვიცი. მეგობარი ჩამომყვა გადასარჩენად, მაგრამ ისიც ჩაითრია მორევმა და ადამიანური ინსტიქტებიდან გამომდინარე ვახრჩობთ ერთმანეთს, რომ თუნდაც წამით ამოვისუნთქოთ...

მერე წყალში ჩავიძირე...
მესმის სიჩუმის ზუზუნი, რომელსაც პერიოდულად არღვევს გაურკვეველი ხმები...
ვხედავ უცნაურ რაღაცეებს, არვიცი ეს როგორ გადმოვცე ან როგორ დავწერო, მაგრამ მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს...
წყლიდან ბუნდოვნად გამოჩნდა ცა და ამ ფონზე საოცარი სისწრაფით ჩაიქროლა ჩემი 15 წლის განვლილმა სიცოცხლემ...
მთელმა ჩემმა ცხოვრებამ დეტალებში...(თუმცა ეს მოხდა წამებში)
ვუყურებ სიკვდილს, ჩემს წინ დგას! ყველანაირი შელამაზების გარეშე - მე მას ჩემს წინ მდგარს ვუყურებდი!
თითქოს აქ ვარ და არც ვარ...
ჩემი ბოლო ფიქრი: "ღმერთო ვკვდები..." ვგრძნობ, რომ გონება მეთიშება...
და უცებ მაფხიზლებს თმის ძლიერი მოქაჩვა...

ეს იყო შემთხვევით გამვლელი მეზობლის ბიჭი, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად ჩადგა მორევში და ამომათრია თმით მეც და ჩემი მეგობარიც..
ამ ბიჭს ერქვა ირაკლი...
ირაკლი მას მერე აღარ მინახავს და თუ ახლა ამას კითხულობს, კიდევ ერთხელ მინდა მოვუხადო მადლობა...

მერე აღმოჩნდა, რომ სანამ მე და ჩემი მეგობარი მივსეირნობდით - თურმე ჩვენი დანარჩენი მეგობრებიც(რომ გვეგონა ჭყუპალაობდნენ) მორევში ჩაუგდია დინებას და ყველა სასწაულად გადარჩა...

ღმერთო რა ბედნიერებაა სიცოცხლე...
მზე...
და ჰაერი...

იმ დღეს ვერა, მაგრამ მეორე დღეს ტაძრები მოვილოცეთ ყველამ!

ეს არ იყო ჩემი გადარჩენის პირველი და არც ბოლო ისტორია, მაგრამ ამ ამბის შემდეგ ვისწავლე ის თუ როგორ უნდა უსმინო გულს...
ოღონდ არა მხოლოდ გულს...
და არც მხოლოდ გონებას...
არამედ გულით ფიქრს...
(გულისყურით)

ეს დღე იყო 12 ივლისი - პეტრე პავლობა!
ჩემთვის ეს წმინდანები არიან განსაკუთრებული მფარველები, რადგან ჩემი სული გამოსტაცეს
სიკვდილს ხელიდან...
სიკვდილს, რომელიც იდგა ჩემს წინ და ერთი სული ჰქონდა წავეყვანე!

გილოცავთ პეტრე პავლობას!

ნინო ხორავა