воскресенье, 21 июня 2020 г.


უფალი მეფობს!
ჩამორეკა ზეცამ ზარები!
მხოლოდ წუთიც და დედამიწა გამზისპირდება!
მუხლზე ლოცულობს ამ განთიადს მთელი გარეჯი...
ქვა-პარეხები კვლავ ითვლიან ღამის მილევას...

პალეკარტივით მოუსხია ტაოს სიძველე!
სათლეს ციხეზე გუშაგივით ყვავის ყაყაჩო...
აქ სიცოტავე გააბევრა ღამის სითეთრემ...
ხომ არ შეგცივდა ხანძთავ ჩემო?? - გკითხავს მამაო...

მე პელაგონი მივამსგავსე სულის დარაბას...
კლარჯეთის ცაო გამიწვიმდი...
ცაო ქართველო!
ჯერ კიდევ გუშინ ჩემი იყავ, დღეს ვინ დაგკარგა?
ხელის'გულივით რა თბილია ყველგან სამშობლო!

ჰერეთის მიწავ, ლეგენდებო ცამდე ახვედი...
გიში, ქურმუხი, ალიბეგლო, სად ხარ ინგილო??
ქართულ განთიადს პირჯვარივით იწერს შავშეთი...
ვერ გწერს კალამი ჩემო ღმერთო, ჩემო ღიმილო...

ნინო ხორავა

понедельник, 15 июня 2020 г.


ამ ფოტოზე გაზაფხულია...

მე და ჩემი ძმა ბავშვებთან ერთად დაჭერობანას ვთამაშობდით, დედიკომ რომ დაგვიძახა "მესურათე" მოვიდა და მარიამთან ფოტო გადაიღეთო...

ძალიან არ მინდოდა შემოსვლა, მეშინოდა რომ გარეთ აღარ გამიშვებდნენ 🙂

რომ იცოდე როგორ ვაფასებ ფოტოებს... ფოტოს ხომ წამის გაჩერება შეუძლია...

ამ წამზე სწორედ ის პატარა გოგო ვარ შენ რომ ასე გიყვარდა...
ღამით ზღაპრების მაგივრად ნამდვილ
ამბებს ვისაც უყვებოდი...
ღმერთო როგორ მიყვარდა შენი მოსმენა... 

როცა ავად ვიყავი არ იძინებდი, ხშირად მიგრძვნია ჩემს საწოლთან მჯდომი წარამარა შუბლზე ხელს როგორ მადებდი... 

მე და შენ ხომ სულ ერთად გვეძინა ბა ❤ 

შენი ხელი ხელში თუ არ მეჭირა ისე ვერასდროს ვიძინებდი...

იცი რა მახსოვს? ჩვენი "პიკნიკებისთვის" 5კგ მზესუმზირა, რომ გავარჩიეთ და დიდ სამ ლიტრიან შუშის ქილებში მოვათავსეთ. მერე თითებზე თუთქები დიდხანს გვქონდა ორივეს 🙂

შენი გაკეთებული ტკბილი ბლინები მომენატრა, დღემდე ვფიქრობ, რომ ბლინებს შენსავით ვერავინ აკეთებს... 

დილას "გოგლი-მოგლის" და "პეჩენიების" გამზადებას, ჩემს გაღვიძებამდე ყოველთვის ასწრებდი...

თეფშზე ღომის შუაგულში მზესავით ყვითელ ორმოებს მხოლოდ შენ აკეთებდი და მხოლოდ ჩემთვის...

და რა პრანჭია გყავდი?
დედიკოს და დეიდას ძველ ტანსაცმელს, რომელსაც განძივით ინახავდი, რამდენჯერ ვირგებდი დღეში, სახლს გირევდი, მაგრამ არასდროს შეწუხებულხარ ამით...

კერვა გიყვარდა...
შენი "საკერავი მაშინა" დღეს ფიქრია დეიდას აქვს...
კერვისგან მორჩენილ ნაჭრებს არასდროს ყრიდი... აბა ჩემს თოჯინებს გამოსაცვლელი კაბები ხომ უნდა ჰქონოდათ?

სახლის გასაღებზე პატარა თოკი გქონდა ხოლმე გამობმული და ამ თოკის თითზე მოხვევა იცოდი, რომ არ დაგკარგვოდა... 

თავსაბურავის ტარება გიყვარდა, შენი თავსაბურავები, რომლებიც ყველაზე მეტად გიყვარდა, მე მაქვს...

იცი? გამოცდილებიდან მივხვდი, რომ პოლიეთილენის პარკი სუნს ინახავს ოღონდ ისე რომ ჰაერი არ უნდა შევიდეს, ხოდა პარკში ვინახავ შენს თავშლებს... ამდენი წლის მერეც, როცა ვხსნი შენი სუნი ასდის ისევ... ვცდილობ ხშირად არ გავხსნა, რაც შეიძლება დიდხანს, რომ დარჩეს შენი სურნელი ამ ქვეყანაზე...

ზღაპრებში რომ არსებობენ ისეთი ბებო იყავი...
დღევანდელ დროში ასეთი ბებიები თითქმის აღარ არიან...
დღევანდელ დროში შენ ცხოვრება არ მოგეწონებოდა...
არც მე მომწონს...

მადლობა რომ არსებობდი...

მადლობა ყოველი წამისთვის...

კი არ მიყვარდი, მიყვარხარ და სულ მეყვარები! - შენგან ვისწავლე, რომ სიყვარული მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს.... 

ყოველთვის ისე გელაპარაკები, როგორც ცოცხალს იმიტომ, რომ სულ ცოცხალი ხარ ჩემთვის... 

ყველა მოხუცში შენ გხედავ ბა... მენატრები...

ნინო ხორავა

#ჩემიმარიამი ❤

გაცრეცილი შავ-თეთრი ფოტო და ტკბილი 90-იანები...