воскресенье, 17 мая 2020 г.


დავწერ ძვირ'ფასო...
კიდევ დავწერ სიტყვებს სულიანს...
ახმაურდება ყველა ფიქრი...
ყველა ზამთარი...
მე დღეს ბავშვობას ჩავუარე ვიწრო ქუჩიდან...
ჩქარი ნაბიჯით გადამასწრო, ხელზე სამკლავით...

დედა'მიწაა რომ ვეძახით ისევ კუზიანს...
ალბათ განძია - გადავლილი ყველა მანძილი!
იმ ბავშვს, იმ დროში, ღმერთო ჩემო ნეტავ თუ ღვიძავს??
და თუ ისევ აქვს დიდობანად ყოფნის წადილი??

ზეცავ ალალო დააწვიმე მიწას გულმზიანს...
ხატის'პურივით რა ტკბილია გული ნამდვილი...
აღდგომის დილებს დაიჯერე სადღაც შორს მიაქვთ..
ნაზამთრალიდან ბეღურების ჩუმი ძახილი...

რა ცოტა არის ბევრი სიტყვა, ახლა თუ გცივა...
სულში ჩამხედე:
ზოგჯერ ვკვდები...
ზოგჯერ ვიზრდები...
უკანასკნელად და პირველად მინდა, რომ გითხრა:
ნეტავ იცოდე...
რომ იცოდე, როგორ მჭირდები...

ნინო ხორავა

понедельник, 11 мая 2020 г.


"ბედნიერება წვრილმანებშიაო" უთქვამთ...

არ ვიცი, როგორ უნდა გაზომო ეს ყველაფერი, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ყველაფერი დიადი - პატარა ნაწილაკებისაგან შემდგარი დეტალებია...

მართალია ცოტა სასაცილოა წამის წელიწადთან შედარება, მაგრამ სინამდვილეში ყოველთვის წამები წყვიტავენ ხოლმე მნიშვნელოვან რაღაცეებს ცხოვრებაში...

და დროც წამებისაგან აკონკილი პერიოდია...

ხოდა რა გასაკვირია, რომ ბედნიერება მართლაც წვრილმანებისგან შეიძლება შედგებოდეს...

0-დან 1-მდე უამრავი რიცხვია, რომელიც თითქოს არ ჩანს....
მეათედები...
მეასედები...

ერთ დღეში კი რამდენი დროა, რომ იცოდე, არ დაიჯერებ...

მართალია დიდი ხანი არაა რაც მიყვარხარ, მაგრამ ჩვენს დათვლილ დღეებში საუკუნე მაჩუქე!

სულ მგონია, რომ ჩემიდან შენამდე ოთხი დღის სავალია...
ამ წერილს პეპლებს ვატან...
მერე რა, რომ სამ დღეს ცოცხლობენ...
მე მჯერა სასწაულების...

მუსიკა სულის მელოდიაა...
სხვადასხვა ნოტებით შექმნილი მელოდია...
ვის როგორი სული აქვს მუსიკით მიხვდები, ასე მგონია...

ეს მუსიკა რას გეუბნება?
რომ სხივი ოკეანეებს შორისაც არსებობს?
თუ იმას, რომ არჩევანსაც საბოლოოდ ორი მხარე აქვს მედალიონივით...

მაგრამ იცოდე, რომ აურჩეველი არჩევანიც არჩევანია! 

და ყოველთვის აირჩიე ის რაც გაბედნიერებს!

მე შენ აგირჩიე!

მიყვარხარ!

ნინო ხორავა

https://youtu.be/Y-InrzLOyCQ

среда, 6 мая 2020 г.


ყველაფერი იყიდება იცი?
როცა გული უსამართლოდ დრტვინავს!
და სიგანეც იზომება სიგრძით,
თუ არ იცი რას აღნიშნავს რისხვა!

იწვის ზეცა...
აიხედე იწვის...
ბედნიერი იზმორება მიწა...
"მოკვდა ღმერთი" - გაიძახის ნიცშე!
და აჭედებს მოძველებულ ფიცარს...

დაიძინა ბაირონმა უკვე...
იბრძვის ვიღაც...
სიცოცხლისთვის იბრძვის!
უკვდავობა სდომებია თურმე -
ნიუტონი არ უჯერებს სიკვდილს!

ჩამოიტანს ტალღასავით ზეცა...
გუშინდელი ფერებივით ხვალეს...
ადამიანს ხან აღვიქვამ მხეცად...
ხან ჩიტივით მოალერსე პარეხს...

ღმერთო ჩემო, გამაგონე სიტყვა...
გაანელე ეს ნოტები სულში...
ბეთჰოვენის დაყრუება ვინ თქვას?!
ან ფუგების ფორიაქი ყურში?!

ტირის დედა გაციებულ მის შვილს...
რეკავს ზარი, ქორწილია იშხანს...
,,სადღაც დიდი ტაშისცემა ისმის, სხვათაშორის, მწუხარეა ვიღაც!“

ნინო ხორავა

პ.ს. "ღმერთი მოკვდა! - თქვა ნიცშემ და ღმერთს გაეცინა...
ნიცშე მოკვდა! - თქვა ღმერთმა და ნიცშე მოკვდა!"

ნიცშეს უკანასკნელი სიტყვები კი ასეთია: "მაინც მაჯობე ნაზარეველო?!"

უფალი, ჩვენი შემოქმედია და ის განაგებს ყველაფერს, ეს უნდა გვახსოვდეს.