среда, 22 апреля 2020 г.


ვითვლიდი წუთებს...
განა განვლილს? მომავალ წუთებს!
და მარტსაც უჭირს თურმე, როგორც დათოვლილ კოკორს...
როგორც დროება იმორჩილებს დროებით სტუმრებს...
ისევე სული მსგავსებია გულნატკენ ობოლს...

მერე წვიმები...
"ათას ერთი ღამე" და წუხელ...
წუხელ, როდესაც თებერვალსაც ეღვიძა ისევ...
აქ "მალაკნების" საქეიფო მტვრიანი კუთხე...
იქ ნიკალა და უსამართლოდ შავ-თეთრი რიყე...

ტრიალებს მიწა...
ემატება გუბეებს გუბე...
გალაქტიონის "მესაფლავე" მოგახვევს რიდეს!
მე და ღამეებს იმდენი გვაქვს საერთო უკვე...
როგორც "რევოლვერს რვა ტყვია" და ტუსაღი დილეგს!

მირზას გაზაფხულს გავსებია სინათლით უპე...
"ნუ მწერ" მთაწმინდას დაზაფრული მთვარე ჰყავს ისევ...
მე ასათიანს კვლავ "ბარდნალა" ვუკითხე წუხელ...
ძველი ამბებით ამოვუვსე სნეული ჯიბე...

ხოდა ძვირფასო
ლიბოსაც აქვს წარსული თურმე...
და სულ პირველად დაინგრევა შენობის კიბე!
მე რომც დავმუნჯდე...
სიკვდილამდე ვდუმდე და ვდუმდე...
თვით პოეზია ისაუბრებს
ხმამაღალ სიტყვებს!

ნინო ხორავა