пятница, 27 сентября 2019 г.


ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ფურცლებმა დაიტიონ ის რასაც გრძნობ...
მაგრამ იტევენ...
მართალია ყველაფერს ვერა, მაგრამ ხომ იტევენ...
ხოდა როგორ შეიძლება გულმა ვერ დაიტიოს ერთი ადამიანი?!
ალბათ ცოტაა ისეთი, ვისაც ნამდვილად უყვარს!

მივდიოდი და ჩემი ნაბიჯები გუშინდელი ღამის კოშმარებს უფრო ჰგავდა, მაგრამ მე მაინც მამსუბუქებდა ეს წასვლა.
რადგან არ უნდა გაჩერდე იქ სადაც შენი ადგილი არაა!
სადაც ზედმეტი ხარ!
სადაც თვლიან, რომ შეიძლება რამეში ან ვინმეში გაგცვალონ, ანდა გაგყიდონ!
ვაფასებ ნაბიჯებს, მხოლოდ გადადგმულს!
არადა გადაუდგმელი ნაბიჯები უფრო მეტია სინამდვილეში...

ჩერო რა არისო იმდღეს მკითხეს.
ჩერო მცირე ჩრდილია თქო ვუპასუხე.
რომ იცოდე, როგორ მიყვარს ჩრდილში ყოფნა...
გულსაც კი აქვს ჩერო, მაგრამ ჩემს გულში მუდამ პაპანაქებაა რატომღაც...

ხელგამოშვერილ მათხოვარს, რომ ძლივს შეგროვებულ ხურდას წაართმევ, ასე ართმევენ ადამიანები ერთმანეთს იმედებს, ოცნებებს, ცხოვრებას!

ვფიქრობ....
ვფიქრობ...
ძალიან ბევრს ვფიქრობ....
მგონი ფიქრი ჩემი ჰობია...

ხოდა ვფიქრობ, რომ მართლა საშინელია კორპუსის სახურავიდან გადმომხტარი ადამიანის ბოლო. იმიტომ რომ სიკვდილი კი არა სიცოცხლეა საძებარი!

გავხედე კიბეებს და სიძველისგან ისე იყო ჩამოშლილი, როგორც მოხუცის დაკარგული ახალგაზრდობა...
არვიცოდი ვისთვის მეკითხა სად არის სინამდვილე - დასაწყისში თუ დასასრულში? მაგრამ ალბათ ამაზე პასუხს ისედაც მივაგენი.

საკუთარ ლავიწზე დამჯდარ პეპელას ჰგავს ზოგიერთი ადამიანის გული.
ჯერ მოვა, შემოგეჭრება უკითხავად და ოდნავ გამოძრავდები თუ არა, ისე გაფრინდება ვერც მოასწრებ შეხედვას...
მე არ მომწონს პეპლები!
მშიშრები არიან და ძალიან ცოტახანს ცოცხლობენ!
სილამაზე კი სულაც არაა მთავარი!

შენივე ხელებით ამოთხრილი ორმოა  ზოგჯერ სიმშვიდე... მარტო მანდ ისვენებს ადამიანი...

მინდოდა ბალერინა გამოვსულიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ ფიზიკური ფრენა საჩემო საქმე არ იყო. მე უფრო სხვანაირი ფრენა მომწონს. საზღვრებს გარეთ, გზის გაღმა და სხეულის ზევით.

წარმოუდგენელი ის კი არ არის თებერვალში ოცდაათი დღე არსებობდეს, წარმოუდგენელი ისაა რისი წარმოდგენაც არ შეგიძლია.
არის რაღაცეები კულისებს იქით, სიტყვებს იქით და ფიქრებს იქით, რაც აუცილებელია, რომ წარმოიდგინო.

სიტყვებს ლაპარაკი კი არა, წერა უფრო უხდება და როგორც ყველაფერს ვერ იტყვი ისე ყველაფერს ვერ დაწერ. ამისთვის საჭიროა იგრძნო...
თუმცა რისი დაწერაც მინდა ხოლმე, არასდროს მყოფნის სიტყვები.

იუმორი კარგი რამეა...
ძალიან ვაფასებ ადამიანში. რადგან შეუძლია მოგაბრუნოს, ანდა ყელში გაჩხერილი ფხა ისე გადაყალაპინოს, რომ გაფხაჭვნაც ვერ იგრძნო.

გაღიმებას კი შეუძლია სიკვდილი გადაგაფიქრებინოს. ხოდა გაიღიმე მაშინაც კი როცა არ გეღიმება, რა იცი იქნებ ვინმეს წამალიც აღმოჩნდე.

მაგრამ არასერიოზულობა - ნებისმიერ ამპლუაში უკარგავს ადამიანს ადამიანის წონას!
ამიტომ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ზომიერება ყველაფერში, მართლაც საუკეთესო რამ არის!

ყველაზე მეტად ის მიკვირს, როცა ჩემი არ ესმით. არადა თითქმის არავის ესმის ჩემი...
ცნობიერების შეუთავსებლობა ჰქვია ამას.

მიხვეულ მოხვეულია ეს გზები ღმერთო! ერთი არასწორი ნაბიჯი და უფსკრულში იჩეხები.
მხოლოდ ერთი გზაა სწორი!
"რა მაქნისია გზა რომელიც ტაძრამდე არ მიდისო" ეს ფრაზა ფილმიდანაა "მონანიება'' და ალბათ სინანულია სწორედ ის გზა რომელიც ტაძრამდე მიდის.
ვფიქრობ, რომ უნდა ნანობდე ის რაც არასწორად გააკეთე და ისიც რაც საერთოდ არ გააკეთე, მაგრამ შეგეძლო.

საავანდმყოფოს პალატებს წააგავს კელიები, სადაც ვმკურნალობთ. ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მიხვიდე იქ...
და მე მახსოვს ჩემი თავი ამ პალატაში სულ პირველად 16 წლის ასაკში...

წარმოუდგენელი სიღრმე აქვს ზოგიერთ საკითს, რომელსაც სულის გამოკვება ისე შეუძლია, როგორც მიწის ღრმა ფენებამდე ჩასულ წყალს...

გამახსენდა წიგნი "კლემაქსი" და წარმოვიდგინე კიბე, რომელიც მაღლა ასასვლელადაა საჭირო ან დაბლა ჩასასვლელად...

ხშირად გამიგია ფრაზები: 
"ხალხი რას იტყვის"
"ეს არ შემეფერება"

სინამდვილეში სინამდვილეს ყველაფერი შეეფერება, მაგრამ მთავარი ისაა გული რას გეუბნება!

მე კი გეტყვი, რომ სიცოცხლე თვალთმაქცია, სიკვდილს კი ტყუილები არ უყვარს!

ხოდა იცოცხლე, არა ბედნიერი  ტყუილებისგან, არამედ სიმართლისგან(თუნდაც მწარე იყოს)

მტკივნეულია, მაგრამ ზოგჯერ რაღაც უნდა გაწირო რაღაცის სანაცვლოდ!

საათის ისრები მუდამ წიკწიკებენ, ამიტომაც ამბობენ " დრო გარბისო" მაგრამ არაფერიც!
დრო უთვლადია!

უთვლადი ბევრი რამ არის კიდევ. ზოგიერთ რამეს კი გაზომვა უფრო სჭირდება, ვიდრე დათვლა. მაგრამ ვფიქრობ სიყვარული ისეთი რამეა რასაც ვერც დათვლი და ვერც გაზომავ. ის ან არის და ან არა!

ტაძრის ეზოში ვიჯექი და ხელში გადაშლილი ფსალმუნთა წიგნი მეჭირა. ქარი ისე აფრიალებდა ამ ფურცლებს თითქოს დამასწრო წაკითხვა და გადაშლას ცდილობსო.
ძნელია ახსნა ზოგიერთი რამ, ან იქნებ არც ღირს საერთოდ ახსნა, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ანთებულ სანთელს უნდა ჰგავდეს ჩვენი ცხოვრება ამქვეყანაზე!

და გეფიცები ფურცლებს მართლა შეუძლიათ იმაზე მეტის დატევა ვიდრე ზოგიერთი ადამიანის გულს!

ნინო ხორავა

суббота, 14 сентября 2019 г.

ცა'მეტი
--------------------------------------------------------
ცა'მეტ ცას იტევს შენი თვალები...
და ცა'მეტივე ღრუბელთა გროვას...
სად მომიძებნე ცოდვა ამდენი?
რომ ბოლოც უკვე აღარსად მოსჩანს...

მე ახლაც მტკივა განცდა თავხედი...
გულმა არასდროს შეწყვიტა ლმობა...
როგორ იქნება ღმერთო ცა მეტი?
ვიდრე მიწაზე არსებობს გრძნობა...

სანამ ჩუმ-ჩუმად ისევ მამხელდი...
გადაგვიფრინა ფრინველთა ხროვამ...
ცა'მეტ ცას იტევს შენი თვალები...
და ცა'მეტივე სულ ჩემთვის მოგაქვს...

ნინო ხორავა

четверг, 5 сентября 2019 г.


ქარებმა გადათელეს უდაბნოს სიმარტოვე...
დროები მიდიან და ქარავანს მიჰყვებიან...
მზეო დაიჯერე შენც  ნუ მიატოვებ...
უშენოდ აქ დღეები არაფერს არ ჰყვებიან...

ბარხანს დაქარული სხივნი მიაქვს ოტებს...(ოტება)
ღამით საჰარაში ცაც კი არ ეკიდა...
სულის მელოდია ისმის ისე შორეთს...
როგორც დაკარგული წვეთი სასმელიდან...

იწვის უდაბნო და სიცხეს ოხვრად ტოვებს...
აქ ხომ მარტოობას დროც კი გაქცევია...
მზე თუ ჩავიდა და ვეღარ გიპატრონებს...
ქვიშანი დარჩებიან!
ქვიშანი დარჩებიან!

ნინო ხორავა

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=2310435865740843&id=573815016069612