четверг, 15 марта 2018 г.


რაც შენ აღარ მყავხარ ბებო,
ისე დავქალდი და ვდედობ,
ჩემო თმაჭაღარა ქალო,
მაინც ძველებურად გჩემობ.

შენ რომ მიკემსავდი ღილებს,
თოვდა უსაშველოდ... ბებო,
ღუმელს უკეთებდი ფიჩხებს,
გულში მაკინძავდი სითბოს.

დილას რომ მიცხობდი კვერებს,
ჩუმად ვაყოლებდი ღვინოს,
მერე შეხვიდოდი ბეღელს,
ნუგბარს მომიტანდი ტკბილო.

ღამით მიყვებოდი ამბებს...
"ჩემი კოხტა გოგო ხარო"
როგორ მოენატრა "შენს მტრედს"
შენთან ბავშვობანა ქალო.

უკვე მერამდენე წელი,
ახლა აღარ მყავხარ ჩემო,
აღარც სოფელია მთელი,
აღარც ბეღელი და მდელო.

აღარც სითბო მესმის შენი,
ვეღარც ნაწნავს ვიწნი თვითონ,
ან ვინ ჩამიხუტებს გულში,
როცა გასაჭირი მიპყრობს.

რაც შენ აღარ მყავხარ ბებო,
ისე დავქალდი და ვდედობ,
ჩემო თმაჭაღარა ქალო,
გულში უსასრულოდ გჩემობ.

ნინო ხორავა

P.s. ეძღვნება ჩემს გამზრდელ მარიამ ბებოს 

Комментариев нет:

Отправить комментарий