среда, 22 мая 2019 г.


სიტყვებს არ უხდება ხშირად გასხვისება...
ზოგჯერ სათქმელები უნდა გააჩუმო...
თუკი ჩამონისლა ისევ ქარვისფერად...
დიახ! შემოდგომას უნდა დააბრალო!

სადღაც იცინიან...
მესმის დატირებაც...
ეს ხომ საწუთროა, არ ღირს საწუწუნოდ...
თუკი მამა ღმერთმა რაღაც არ ინება,
მაშინ სურვილები უნდა გააჩუქო!

სისხლი გამიგიჟა ძარღვში ამინდებმა...
გარეთ წვიმაა და გულიც აღარ ცრუობს...
პეპლის სიარული იგრძნეს ლავიწებმა...
მგონი წინათგრძნობა უკვე აღარ ხუმრობს!

სულმა შეიყვარა თურმე გარინდება...
დროა შორი გზები, თუნდაც გადავცურო...
იმ ხეს, რომ ვუვლიდი, მალე გაიზრდება...
რითიც კუბოს თავი უნდა დამახურონ!

ნინო ხორავა

რა უჭირს თუკი წვიმაა გარეთ...
ანდა ცოტათი აცივდა კიდეც...
ხოდა, იმისთვის არსებობს ღამე...
რომ ყოველ ჯერზე სინათლედ იქცეს...

ჩემი გრძნობები გაყრილა განზე...
გამოწვდენილ ხელს, მოკიდეთ ვინმემ...
იქნებ რაღაცა არ ხდება განგებ...
რომ ჟღერადობა შემორჩეთ სიმებს...

ინათა...
დილა დაემჩნათ თვალებს...
არც საწერტელი აღარ მჩხვლეტს ისე...
ყვავის იები და მყიას ავსებს...
ბზარიც ოდესმე, ხომ ყვავილს იძენს...

ნინო ხორავა

среда, 15 мая 2019 г.


- ცახე -

დილაა...
ტაძარი სიჩუმეს დაეპყრო...
ზარები მდუმარე სივრცეებს არღვევენ...
ცახეა, სარკმლიდან ჰაერს, რომ გაენდო
და სულში სინათლის ნაპერწკლებს ბადებენ...

ზეცამდე ხმაურობს მტვრიანი სამრეკლო...
რეკავენ...
რეკავენ...
გული მზეს დაეძებს...
ორმოდან მოსული სხეული აენთო...
მოუხდა სხივები გარდასულ ღამეებს...

სინანულს სჩვევია, ჯერ ბურდო დალექოს
და მერე დაცლილი აავსოს სამელნე...
თითებს კი პირჯვრების დაწერა არ ეყოთ...
იწერონ...
იწერონ...
იწერონ ღამემდე...

დილაა...
ტაძარი სიჩუმეს დაეპყრო...
ამ სულში ხმაური ჯერ კიდევ ახველებს...
ცახეა, სარკმლიდან ჰაერს, რომ გაენდო
და ღმერთო ზარები - ცას მიწას აერთებს...

ნინო ხორავა