среда, 25 декабря 2019 г.


დაზამთრდა ზეცაც...
მე დილამდე ვხატავ დეკემბერს...
დრო უნდა წერტილს, წერტილამდე დიდი კვალია...
თუკი ჩასუნთქვას ძველებურად ისევ ვერ შევძლებ...
ეს შარშანდელი უთოვლობის ალბათ ბრალია...

მძიმეა ტვირთი შემოდგომას ზურგზე რომ აწევს...
და ოცდაათის დაღამება უკვე მალეა!
სუნთქავს ზამთარი!
როგორ სცივათ სულის დარაბებს...
ყოველ თორმეტში ერთი კვლავაც მოღალატეა!

მე ძველებურად რუხ ბეღურას გავუწვდი ნამცეცს...
გაზაფხულამდე დამიჯერე ძაან ადრეა...
რაც ნამდვილია წერტილიც კი ვერაფერს აკლებს!
და გუშინდელის გაგრძელება მუდამ ხვალეა!

ნინო ხორავა

пятница, 13 декабря 2019 г.


ჩამოდეკემბრდა...
ბებერ მუხებს ახლა ვინ ეძებს?
სითეთრის ფერი მოხდენია ყველაფერს ახლა...
'სიტყვას' ქაჯები ჯაყვასავით თურმე ქვით ლესენ...
ხოდა იმიტომ ვერ უძლებენ ხელ'მწიფე ზამთარს...

ჩამოდეკემბრდა...
ფესვი ეტყვის მიწას: მიშველე!
სიკვდილის პირზე აღსარება მოუნდა ჭადარს...
რა შუაშია თუ ღმერთი გწამს ახლა იქედნე?
როცა ცეცხლისგან ღებულობენ ყოველთვის ნაცარს!

ნინო ხორავა

суббота, 30 ноября 2019 г.



მალე ზამთარი გავხდები და ჩემში ითოვებს...
მინდა გუშინდელ ნოემბერზე რაღაც გიამბო...
მიწა ყოველთვის სათავისოდ რამეს იტოვებს...
რთველი, დეკემბრის სიცივეებს სადღაც მიაქვსო...

კვლავ უუფლებო სათქმელები სიტყვებს იშორებს...
ნაშემოდგომარ მაჯისცემას უნდა გავთენდე...
მთელი ცხოვრება ვყვარებივარ თურმე მინორებს...
მე კი ვისურვე; ეს ნოტები ზოგჯერ არ ჟღერდეს...

მე დაგიფიცებ ცის წინაშე, ნებას თუ მომცემს...
რომ დეკემბერი ყველა მზეზე უფრო მეტს ათბობს...
მალე ზამთარი გავხდები და ჩემში ითოვებს...
მინდა გუშინდელ ნოემბერზე რაღაც გიამბო...

ნინო ხორავა

среда, 13 ноября 2019 г.


რა იქნებოდა ცოტახნით სამყარო ტრიალს, რომ გააჩერებდეს...
ცოტახნით ყველაფერი დადუმდებოდეს...

ზოგჯერ ჯობია ალბათ ქვა იყო, ვიდრე ადამიანი!

ვუყურებ ზეცას და ვხედავ, როგორ თენდება კიდევ ერთი დღე...
ნეტავ ეს დღე თუ მხედავს მე?

ალბათ, რაც ნამდვილია, არც არასდროს ქრება, მაგრამ ამ ცხოვრებაში 'ნამდვილი' რამდენი რამეა რო?

ჩვენთან ყველაფერი იმდენად ყალბია, რომ სიყვარულშიც კი თვალთმაქცობა დავიწყეთ...

დავხედე ხელისგულებს და იმდენი გზა დავინახე ხაზებივით, თითქოს ასწრებდეს ადამიანი ამდენის გავლას...

ღამე იმისთვისაა, რომ გათენდეს, მაგრამ ხომ ხდება, რომ აღარ უთენდებათ...
გაუთენებელი ღამეები უფრო მეტი მგონია მე...

მივდიოდი...
მივდიოდი...
მივდიოდი და აღარ ჰქონდა ამ სიარულს ბოლო...
არადა ბოლო ყველაფერს აქვს!
უბრალოდ ზოგიერთი ფეხსაცმელი იმდენხანს გატარებს, სანამ სიარულს არ შეგაჯავრებს...
მაგრამ ალბათ იმასაც გააჩნია სად ივლი!

ზოგჯერ სიჩუმე ისე ახმაურდება ხოლმე, იფიქრებ ყველაფერი მოიცვაო, მაგრამ ესეც ისევე ყალბია, როგორც ოცნებები, რომლებიც გვგონია, რომ ასრულდება..

იმედის დაკარგვა რწმენის დაკარგვაა!

რისიც გჯერა და გწამს, ყველაფერმა თუ გვერდით ჩაგიარა, აღარაფერი რჩება დასაჯერებელი...

მიწას, რომ ფესვი მოაგლიჯო ისე არ  ეტკინება ალბათ, როგორც იმედ გაცრუებულ ადამიანს....

არ მიყვარს ლაპარაკი...
ბევრი კი არა, საერთოდ არ მიყვარს... შინაგანად ვიღლები როცა ვლაპარაკობ...
წერა კი ერთადერთია, რასაც არაფერი მირჩევნია ამქვეყანაზე...

ტრიალებს დედამიწა და ამ ტრიალში გათენებას ყოველთვის დაღამება ცვლის...
დღე ათასგავარად შეიძლება გაატარო ადამიანმა, მაგრამ ღამეს ვერასდროს გაექცევი!

დასასრულის შემდეგ ყოველთვის დასაწყისია, მთავარი ისაა ეს დასაწყისი ამ დასასრულზე უკეთესი იყოს!

მეგონა ლექსს ვწერდი, მაგრამ რომ გადავიკითხე მივხვდი, რომ ლექსმა თავად დამწერა მე...

უბრალოდ წამკითხავს გააჩნია...

ადამიანები იმისთვის არ წერენ, რომ გაერთონ, პოეზია გრძნობაა, შინაგანი სამყარო. ის რისთვისაც ცოცხლობს ადამიანი!

პოეზიას არ უყვარს ზედმეტი ხმაური...

მიყუჩებული და მშვიდი ყველაფერი უფრო ლამაზია...

ლამაზი ბევრი რამ არის კიდევ,
მაგრამ რაც ლამაზია ყველაფერი კარგი როდისააო, უთქვამს ბრძენ ხალხს!

ლამაზმა თითებმა სულაც არ იციან ლამაზი ქანდაკებების შექმნა ყოველთვის.
მე მინახავს ადამიანი, რომელიც სასწაულებს ქმნის თავისი უშნო თითებით...

არც ყველა მარჯვენა ხელს შეუძლია ყოველთვის აჯობოს მარცხენას...

და არც არათითზე ჩამოცმული ქორწინების ბეჭედი ნიშნავს უღელს, თუ თავად არ შეებმევი შიგ!

მითუმეტეს ადამიანი ფანქარი არაა, ბევრი ხატვისგან, რომ დაიცალოს!
არც საშლელია, რომ გაცვდეს!
ადამიანი ღმერთისგან შექმნილი ყველაზე დიდი სასწაულია!
და თუ გიყვარს უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის!

სიკვდილს არ უყვარს თვალთმაქცები, სიცოცხლეს კი ძალიან!

აქ გადარჩენა შეუძლებელია!

სინამდვილეში ყველანი წავალთ!

როგორც კი იბადები მაშინვე რიგში დგები... წასვლის რიგში...

და მე სულაც არ მინდა ისე წავიდე, რომ ჩემთვის ძვირ ფას ადამიან(ებ)ს არ ვუთხრა ის, თუ როგორი ძვირფას(ებ)ი არიან ჩემთვის...

მიყვარხარ(თ) !

ნინო ხორავა

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1046929935639383&id=776469022685477

воскресенье, 3 ноября 2019 г.


ათი მცნება-
----------------------------------------------------
ცოდვას შერევია ცოდნის დედა ბერწი,
უშნოდ მოუბარი, მაგრამ გაბედული!
გულქვა სიამაყე იქცა სახე ქვეყნის,
რწმენა, მოკრძალება, იქმნა წართმეული!

სადღაც სიყვარული მოსჩანს, როგორც ძეგლი,
ტირის ყველა გრძნობა ერთდროს ფასეული!
მყრალი სისაძაგლე სუფთა ჭურჭელს ერწყმის,
სულის მარგალიტი  ყრია განბნეული!

ჰაერს მოდებული ცეცხლის ალი მეწვის,
კიბის საფეხური მტკივა ჩამტვრეული,
თუკი მდინარეებს სისხლის გუბე ერთვის,
მაშინ ვყოფილიყავ ისევ არეული!

უცებ გავიგონე...
მესმა სიტყვა ღმერთის...
გულში დავიმარხე მცნება ქვად ქცეული,
ათი კანონია, კაცთა ცოდვებს ებრძვის!
ათი სიმამაცე, ღვთისთვის ღირსეული!

ნინო ხორავა

понедельник, 28 октября 2019 г.


"ცას წავალა"
-----------------------------------------------------------

ცას წავალა...
ვიდრე მიწას დავამძიმებ,
სტუმარი ვარ, მხოლოდ წუთით ჩამოსული,
ღიჭასავით ზედმეტობას ვერ ვიკადრებ,
ვერ ვიქნები სარეველად ამოსული.

ცას წავალა...
როცა ჩემს წლებს დავაძინებ,
ბავშვობიდან, რომ ვიქნები წამოსული,
როცა კადრებს ქარაფივით ავაზვინებ,
მოგონებად გაღვივდება ღრმა წარსული.

ცას წავალა...
თმას, რომ თეთრად გავაფითრებ,
ჭაღარას, რომ შეერევა ვერცხლის სუნი,
სიჭაბუკეს სიშორეთში, რომ დავტოვებ
და დღეები გამიღიმებს გარდასული.

ცას წავალა...
სიბერეს რომ გავაღვიძებ,
დრომ შრეებად დამიკვალა უკვე შუბლი
და ბავშვივით კვლავ იმაზე გავიცინებ
სოფელში, რომ გავიტეხე ერთხელ მუხლი.

ცას წავალა...
როცა მშობლებს გავიხსენებ,
როცა ბებომ გამომიცხო თონის პური,
მოგონებებს შენზე როცა გავიცხელებ,
მენატრება - მე და შენი სიყვარული.

ცას წავალა...
მონაგარს, რომ დავუტოვებ
სიკეთეებს ისე, როგორც - გაზაფხული,
ჩემს ცხოვრებას ლეგენდასაც გავუტოლებ,
დავბერდი და არ ბერდება მაინც გული.

ცას წავალა...
როცა ყველას მოვინაკლებ,
საწყალია ეულობით ჩემი სული,
ცას წავალა...
ამ მიწას, რომ მოვიზამთრებ,
სტუმარი ვარ მხოლოდ წუთით ჩამოსული.

ნინო ხორავა

воскресенье, 6 октября 2019 г.


ვიწექი და ჩემს ცოცხალ თავს მეგონა ისე ვგლოვობდი, როგორც გედები გლოვობენ ხოლმე მეორე ნახევრის დაკარგვას, თუმცა გედების კანონს ვერც ვერასდროს ვაჯობებთ ადამიანები!

გარეთ ისე წვიმს ალბათ თავის ნება, რომ იყოს ქვეყანას წალეკავდა...

ვუყურებ ფანჯარას და წვიმის თითოეული წვეთი ისე ჩამოდის ცრემლებივით მინაზე, რომ ნამდვილ ცრემლებს  შეშურდებოდა.

არ მგონია ღამეს გათენება უნდოდეს, ისევე როგორც დღეს არ უნდა ხოლმე დაღამდეს, მაგრამ ხდება მაინც ისეთი რაღაცეები რაც არ გვინდა...

უკვე მერამდენე წვეთია რაც მინას ეხეთქება...
ეხეთქება და იწურება ფანჯრის ბოლომდე, ტოვებს ნამტირალევ ხაზებს...

როცა ასე წვიმს, ზეცას რაღაც სტკივა ყოველთვის...
იმიტომაცაა წვიმა ცრემლივით წმინდა და ერთგული...

სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სხეული ციხეა!
რამდენჯერ მდომებია გამონგრევა და გაფრენა ჩიტივით.
ვიხრჩობი...
აქ ჰაერი არაა!
აქ ადგილიც კი არაა რომ დაეტიო!
არვიცი 33 წელიწადი, როგორ ვარ ამ ციხეში!
თავისუფლება მინდა!
'თავის უფლება' სხეულის გარეთ!

ღამეს ჰყვარებია ფიქრში გათენება...
ციდან, რომ ჩამოდის ზეცის სიტყვებია...
გულის ბაგა-ბუგი ისევ არ მეშვება...
ღმერთო აქ სიცოცხლეს, შენთან მირჩევნია!

ნინო ხორავა

пятница, 27 сентября 2019 г.


ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ფურცლებმა დაიტიონ ის რასაც გრძნობ...
მაგრამ იტევენ...
მართალია ყველაფერს ვერა, მაგრამ ხომ იტევენ...
ხოდა როგორ შეიძლება გულმა ვერ დაიტიოს ერთი ადამიანი?!
ალბათ ცოტაა ისეთი, ვისაც ნამდვილად უყვარს!

მივდიოდი და ჩემი ნაბიჯები გუშინდელი ღამის კოშმარებს უფრო ჰგავდა, მაგრამ მე მაინც მამსუბუქებდა ეს წასვლა.
რადგან არ უნდა გაჩერდე იქ სადაც შენი ადგილი არაა!
სადაც ზედმეტი ხარ!
სადაც თვლიან, რომ შეიძლება რამეში ან ვინმეში გაგცვალონ, ანდა გაგყიდონ!
ვაფასებ ნაბიჯებს, მხოლოდ გადადგმულს!
არადა გადაუდგმელი ნაბიჯები უფრო მეტია სინამდვილეში...

ჩერო რა არისო იმდღეს მკითხეს.
ჩერო მცირე ჩრდილია თქო ვუპასუხე.
რომ იცოდე, როგორ მიყვარს ჩრდილში ყოფნა...
გულსაც კი აქვს ჩერო, მაგრამ ჩემს გულში მუდამ პაპანაქებაა რატომღაც...

ხელგამოშვერილ მათხოვარს, რომ ძლივს შეგროვებულ ხურდას წაართმევ, ასე ართმევენ ადამიანები ერთმანეთს იმედებს, ოცნებებს, ცხოვრებას!

ვფიქრობ....
ვფიქრობ...
ძალიან ბევრს ვფიქრობ....
მგონი ფიქრი ჩემი ჰობია...

ხოდა ვფიქრობ, რომ მართლა საშინელია კორპუსის სახურავიდან გადმომხტარი ადამიანის ბოლო. იმიტომ რომ სიკვდილი კი არა სიცოცხლეა საძებარი!

გავხედე კიბეებს და სიძველისგან ისე იყო ჩამოშლილი, როგორც მოხუცის დაკარგული ახალგაზრდობა...
არვიცოდი ვისთვის მეკითხა სად არის სინამდვილე - დასაწყისში თუ დასასრულში? მაგრამ ალბათ ამაზე პასუხს ისედაც მივაგენი.

საკუთარ ლავიწზე დამჯდარ პეპელას ჰგავს ზოგიერთი ადამიანის გული.
ჯერ მოვა, შემოგეჭრება უკითხავად და ოდნავ გამოძრავდები თუ არა, ისე გაფრინდება ვერც მოასწრებ შეხედვას...
მე არ მომწონს პეპლები!
მშიშრები არიან და ძალიან ცოტახანს ცოცხლობენ!
სილამაზე კი სულაც არაა მთავარი!

შენივე ხელებით ამოთხრილი ორმოა  ზოგჯერ სიმშვიდე... მარტო მანდ ისვენებს ადამიანი...

მინდოდა ბალერინა გამოვსულიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ ფიზიკური ფრენა საჩემო საქმე არ იყო. მე უფრო სხვანაირი ფრენა მომწონს. საზღვრებს გარეთ, გზის გაღმა და სხეულის ზევით.

წარმოუდგენელი ის კი არ არის თებერვალში ოცდაათი დღე არსებობდეს, წარმოუდგენელი ისაა რისი წარმოდგენაც არ შეგიძლია.
არის რაღაცეები კულისებს იქით, სიტყვებს იქით და ფიქრებს იქით, რაც აუცილებელია, რომ წარმოიდგინო.

სიტყვებს ლაპარაკი კი არა, წერა უფრო უხდება და როგორც ყველაფერს ვერ იტყვი ისე ყველაფერს ვერ დაწერ. ამისთვის საჭიროა იგრძნო...
თუმცა რისი დაწერაც მინდა ხოლმე, არასდროს მყოფნის სიტყვები.

იუმორი კარგი რამეა...
ძალიან ვაფასებ ადამიანში. რადგან შეუძლია მოგაბრუნოს, ანდა ყელში გაჩხერილი ფხა ისე გადაყალაპინოს, რომ გაფხაჭვნაც ვერ იგრძნო.

გაღიმებას კი შეუძლია სიკვდილი გადაგაფიქრებინოს. ხოდა გაიღიმე მაშინაც კი როცა არ გეღიმება, რა იცი იქნებ ვინმეს წამალიც აღმოჩნდე.

მაგრამ არასერიოზულობა - ნებისმიერ ამპლუაში უკარგავს ადამიანს ადამიანის წონას!
ამიტომ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ზომიერება ყველაფერში, მართლაც საუკეთესო რამ არის!

ყველაზე მეტად ის მიკვირს, როცა ჩემი არ ესმით. არადა თითქმის არავის ესმის ჩემი...
ცნობიერების შეუთავსებლობა ჰქვია ამას.

მიხვეულ მოხვეულია ეს გზები ღმერთო! ერთი არასწორი ნაბიჯი და უფსკრულში იჩეხები.
მხოლოდ ერთი გზაა სწორი!
"რა მაქნისია გზა რომელიც ტაძრამდე არ მიდისო" ეს ფრაზა ფილმიდანაა "მონანიება'' და ალბათ სინანულია სწორედ ის გზა რომელიც ტაძრამდე მიდის.
ვფიქრობ, რომ უნდა ნანობდე ის რაც არასწორად გააკეთე და ისიც რაც საერთოდ არ გააკეთე, მაგრამ შეგეძლო.

საავანდმყოფოს პალატებს წააგავს კელიები, სადაც ვმკურნალობთ. ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მიხვიდე იქ...
და მე მახსოვს ჩემი თავი ამ პალატაში სულ პირველად 16 წლის ასაკში...

წარმოუდგენელი სიღრმე აქვს ზოგიერთ საკითს, რომელსაც სულის გამოკვება ისე შეუძლია, როგორც მიწის ღრმა ფენებამდე ჩასულ წყალს...

გამახსენდა წიგნი "კლემაქსი" და წარმოვიდგინე კიბე, რომელიც მაღლა ასასვლელადაა საჭირო ან დაბლა ჩასასვლელად...

ხშირად გამიგია ფრაზები: 
"ხალხი რას იტყვის"
"ეს არ შემეფერება"

სინამდვილეში სინამდვილეს ყველაფერი შეეფერება, მაგრამ მთავარი ისაა გული რას გეუბნება!

მე კი გეტყვი, რომ სიცოცხლე თვალთმაქცია, სიკვდილს კი ტყუილები არ უყვარს!

ხოდა იცოცხლე, არა ბედნიერი  ტყუილებისგან, არამედ სიმართლისგან(თუნდაც მწარე იყოს)

მტკივნეულია, მაგრამ ზოგჯერ რაღაც უნდა გაწირო რაღაცის სანაცვლოდ!

საათის ისრები მუდამ წიკწიკებენ, ამიტომაც ამბობენ " დრო გარბისო" მაგრამ არაფერიც!
დრო უთვლადია!

უთვლადი ბევრი რამ არის კიდევ. ზოგიერთ რამეს კი გაზომვა უფრო სჭირდება, ვიდრე დათვლა. მაგრამ ვფიქრობ სიყვარული ისეთი რამეა რასაც ვერც დათვლი და ვერც გაზომავ. ის ან არის და ან არა!

ტაძრის ეზოში ვიჯექი და ხელში გადაშლილი ფსალმუნთა წიგნი მეჭირა. ქარი ისე აფრიალებდა ამ ფურცლებს თითქოს დამასწრო წაკითხვა და გადაშლას ცდილობსო.
ძნელია ახსნა ზოგიერთი რამ, ან იქნებ არც ღირს საერთოდ ახსნა, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ანთებულ სანთელს უნდა ჰგავდეს ჩვენი ცხოვრება ამქვეყანაზე!

და გეფიცები ფურცლებს მართლა შეუძლიათ იმაზე მეტის დატევა ვიდრე ზოგიერთი ადამიანის გულს!

ნინო ხორავა

суббота, 14 сентября 2019 г.

ცა'მეტი
--------------------------------------------------------
ცა'მეტ ცას იტევს შენი თვალები...
და ცა'მეტივე ღრუბელთა გროვას...
სად მომიძებნე ცოდვა ამდენი?
რომ ბოლოც უკვე აღარსად მოსჩანს...

მე ახლაც მტკივა განცდა თავხედი...
გულმა არასდროს შეწყვიტა ლმობა...
როგორ იქნება ღმერთო ცა მეტი?
ვიდრე მიწაზე არსებობს გრძნობა...

სანამ ჩუმ-ჩუმად ისევ მამხელდი...
გადაგვიფრინა ფრინველთა ხროვამ...
ცა'მეტ ცას იტევს შენი თვალები...
და ცა'მეტივე სულ ჩემთვის მოგაქვს...

ნინო ხორავა

четверг, 5 сентября 2019 г.


ქარებმა გადათელეს უდაბნოს სიმარტოვე...
დროები მიდიან და ქარავანს მიჰყვებიან...
მზეო დაიჯერე შენც  ნუ მიატოვებ...
უშენოდ აქ დღეები არაფერს არ ჰყვებიან...

ბარხანს დაქარული სხივნი მიაქვს ოტებს...(ოტება)
ღამით საჰარაში ცაც კი არ ეკიდა...
სულის მელოდია ისმის ისე შორეთს...
როგორც დაკარგული წვეთი სასმელიდან...

იწვის უდაბნო და სიცხეს ოხვრად ტოვებს...
აქ ხომ მარტოობას დროც კი გაქცევია...
მზე თუ ჩავიდა და ვეღარ გიპატრონებს...
ქვიშანი დარჩებიან!
ქვიშანი დარჩებიან!

ნინო ხორავა

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=2310435865740843&id=573815016069612

вторник, 27 августа 2019 г.


ფერი უცვლია ამ დილით სისხამს
და მიძინებას ცდილობს ყოველი...
ფერის'ცვალება დაღვინებაა...
შემოურტყია უფალს ზოსტერი!

გახშირებია ჰაერსაც სუნთქვა
და მზე გამხდარა უფრო მომთმენი...
აგვისტოში აქვს სხვა ფერი სულსაც,
დგას შემოდგომა კართან მორცხვენით!

ცოლიკაური ედრება ციცქას,
გადავსებია ვენახს მტევნები...
გოდრის სიმცირე გაფიცებ ვინ თქვას?
გადახსნილი აქვს ყურძენს ვენები!

ხორბლის თავთავი უჭირავს მიწას,
ელოდებიან მარცვლებს თვეები...
სიტყვა, ვერასდროს ვერ იტყვის შენს ფასს!
დაგიჩოქებენ ღმერთო დღეები!

მარიამობა თენდება სისხამს...
ფერით ცვლილია უკვე ყოველი...
და თუ 'ტარიგი' ფეშხუმზე ფეთქავს...
'სეფისკვერია' მისი მშობელი!

ნინო ხორავა

გილოცავთ მარიამობას და ფერისცვალებას მოგვიანებით ❤️

ლინკში განმარტებულია სიტყვა "ტარიგი" http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98

воскресенье, 11 августа 2019 г.


დიდგორის ბრძოლა ანუ ძლევაჲ საკვირველი(1121 წლის 12 აგვისტო)
---------------------------------------------------------------------
ჩამოუბნელდა საქართველოს დიდების მზენი,
ვიდრე სულთნებმა ააოხრეს მამული ტურფა,
ღალატის სუნით გაჟღენთილა მიწაზე ქვებიც,
მეფე ქართველთა ღირსებისთვის ომის გზას უდგას!

იდგა დავითი ორ მთას შუა დაბურულ ტყეში,
თვით საუკუნეც იკავებდა შიშისგან სუნთქვას,
ჩამოურიგდა დიდგორის ველს ურიცხვი მტერი
და ბრძანა მეფემ - ჩაეხერგათ ყველა გზა უკან!

ბრძოლის ყიჟინამ მიწა შეძრა ნანატრი ქვეყნის,
მტკიცე ლაშქარი, აწყვეტილი დაეშვა მთიდან,
ოსი, ყივჩაღი, ხმალს იქნევდა დამქაშთა გვერდით
და ღვთის წყალობამ დაიქუხა მაღალი ციდან!

ათასწლეული ვერ დაფარავს, ვერც სიტყვა ვრცელი,
ენამ ვერა თქვა დიდებული მეფობის ხილვა,
ეს იყო "ძლევა  საკვირველი" ქართველი ერის!
და გამარჯვება საქართველოს სიმრთელედ იქცა!

ნინო ხორავა

https://m.youtube.com/watch?feature=youtu.be&v=Xk3oJzDtyA8

пятница, 9 августа 2019 г.


თვალებს ვარსკვლავთა სინათლე მიჭრის...
ჩემს წინ დიადია აღმდგარამთები...
სულის შემძვრელი ძალა პულსს მითვლის...
ჩანს უთვალავი სავალი გზები...

ყველა ბილიკი შორ გზაზე მიდის...
თან მიჰყვებიან ძვირ'ფასი წლები...
ვაზის საუფლო ვენახში მიცდის...
მიწას უხდება გალობა ლერწმის...

უკიდეგანო არეა მინდვრის...
და უსასრულო სილურჯე ზღვების...
ხარ დიდებული შექმნელი სივრცის...
ყველა ცოცხალი საწყისი ფესვის...

შენით მოძრაობს ძარღვებში სისხლი...
თითო ჩასუნთქვა - მადლია ერთი!
დაბადებიდან ზეცაში მიცდი...
მეფე ყოვლისა და ჩემი ღმერთი!

ნინო ხორავა

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1503054843138979&id=389633407814467

четверг, 1 августа 2019 г.


მოწყენა სჩვევიათ "ვივალდის სეზონებს"...
ლაპარაკს დაიწყებს ზეციდან წვიმები...
ამ სიღრმე შეგრძნებებს ვერ ვხვდები რა მოლევს...
რა მოლევს,
თანდათან მემგონი ვგიჟდები!

დაიწყო ნოტებმაც სიბრაზე სხვა ტონში...
შტორმია, გაიგე!
"შტორმია" ძლიერი!
ისე ვგრძნობ ყველა'ფერს
ფრაზები არ მყოფნის...
არ მყოფნის,
გადმოვცე ამგვარი ცის ფერი!

ხელები კლავიშზე დილამდე მეფობენ...
არაა საჭირო საერთოდ სიტყვები...
და ფუგას თითები "ბახივით" ვერ თმობენ...
ვერ თმობენ,
ძალა აქვს...
ძალა აქვს ისეთი!

მოვპარე მთვარეზე სონატა "ბეთჰოვენს"...
მინორებს ცრემლები რატომღაც არ მოსდით...
ქარია, ფანჯრიდან ფოთლები შემოვლენ...
ჯიუტობს თავისას
ფორსი და მაჟორი!

ნათდება ზეცა და ღამეს დღე გამოლევს...
მტვრიანი მუსიკა...
ვიშლები....
ვიშლები!
საათი წამების ნაკვალევს გამოსცემს...
მემგონი გულშია სულ ყველა ფიქრები!

უძილო დილაზე ჩამოწვა მზე მდორედ..
როიალს ჯერ კიდევ არ სტკივა სიმები...
ამ სიღრმე შეგრძნებებს ვერ ვხვდები რა მოლევს...
რა მოლევს,
თანდათან მემგონი ვგიჟდები!

ნინო ხორავა

пятница, 19 июля 2019 г.


ამბავი - სიცარიელეში გაყვავებული ყვავილივითაა!

ვერ მიხვდები საიდან მოდის ან სად მიდის, მაგრამ თავის დროზე ყვავის და თავის დროზე ჭკნება...

"ამბავი თვითონ გპოულობსო" ასეა ნათქვამი...

თუმცა, რომ არა გრძნობა, ვერასოდეს გაიგებდი "ათას ერთი ღამის" შინაარსს...

ვერც "მოდილიანის" ნახატები იქნებოდა მისი სიცოცხლესავით სევდიანი....

და ვერც "ბეთჰოვენის" სიყრუე გაგაკვირვებდა ასე ძალიან...

რომ არა გრძნობა, ვერასოდეს გაიგებდი "ვინ გადაუფრინა გუგულის ბუდეს" ან რატომ სტკიოდა "კვაზიმოდოს" ნაიარევი...

ვერც "დარტანიანის" სიყვარული ისუნთქებდა "რკინის ნიღბის" ქვეშ ერთგულად...

და ვერც "სიამაყე და ცრურწმენას" დაამარცხებდა ქვეყნად ვერაფერი!

ან ვინ გამოიგონებდა დულსინეას "დონ კიხოტივით?"
ვინ იოცნებებდა "ანჟელიკას" სილამაზეზე???

ვერ გაიგებდი, რომ "ქარწაღებულნიც" კი არ წაუღია თურმე ქარს და არც "აქილევსი" მოუკლავს ქუსლის ჭრილობას დაცემულ ტროაში...

მოდიან და მიდიან ამბები მეფეებივით...
"ალექსანდრე" დიდებულივით იპყრობენ მსოფლიოს და შემდეგ "მოცარტივით" მარტო კვდებიან....

"ელისაბედივით" დედოფლობენ და "ჟანა დარკივით" ჭკუიდან იშლებიან...

სიმართლესავით მძიმდებიან და ტყუილივით გამყიდველები ხდებიან!

"ჯეინ ეარის" ბავშვობასავით მწარეა ზოგი ამბავი, მაგრამ მისივე დასასრულივით ტკბილი და ბედნიერი...

ზოგი ამბავი კი ტრაგედიაა თვით ხორცშესხმული შექსპირივით:
"სხვა სამწუხარო ამბავი იქნება განა?
რომეოსა და ჯულიეტასნაირი ამბავისთანა?"

ყველა ამბავს აქვს დასაწყისი და დასასრული, რომელიც ალბათ სიცოცხლესთან ერთადვე სრულდება "ანა ფრანკის დღიურებივით"
ან იქნებ არც სრულდება....

არსებობს დიდი საცავი სივრცისეული, სადაც ყველა ამბავი მიჯრით არის მიწყობილი ძველი წიგნებივით... რომელიც არ უნდა გადმოიღო და წაიკითხო, ყველა საინტერესო და სევდიანია...

ზოგჯერ ამბავს თვალებიც ჰყვებიან, თუკი კარგად ჩაიხედები იქ...

მეც მაქვს ჩემი ამბავი მოსაყოლი, ისევე, როგორც ყველას და რადგან ყველა მთხრობელს თავისი მსმენელი ჰყავს, აუცილებლად მოგიყვებით:
თვალებით...
სიტყვებით...
ან
ლექსებით...

ნინო ხორავა

https://www.facebook.com/1734810373488586/posts/2072637016372585/

вторник, 16 июля 2019 г.


ერთი...
ორი...
სამი...

ათი...
ოცი...
ოცდაათი...

უკვე თვლა ამერია, იმდენი მტრედი ზის სვეტიცხოვლის გუმბათზე...

ვთვლი და მათი რიცხვი ისევ იზრდება, ხან მცირდება...

სამსახურიც ამას ჰქვია, სვეტიცხოველი რომ გიდგას ფანჯრების წინ...

მიყვარს, რომ ვუყურებ...❤️

ასეთი დიდებული არაფერი აშენებულა ამქვეყნად და ვერც აშენდება!

#ხედიჩემისამუშაოოთახიდან

среда, 3 июля 2019 г.


რატომ ხდება, რომ როცა ირგვლივ ყველა ბედნიერია და შენც მთელი არსებით გინდა შეუერთდე მათ, რატომღაც არ გამოგდის, რადგან სადღაც სხვაგან ხარ სულით...
სად?
ალბათ იქ, იმ წუთის ბოლოში სადაც ყველაფერს აქვს დასასრული...
იმ ხაზზე, სადაც ზღვარია ამ ცხოვრებას და იმ ცხოვრებას შორის...
ამ ზღვარზე დგომას ისე მივეჩვიე, ასე მგონია სულ აქაა ჩემი ადგილი...
ან იქნებ ასეც არის...

რთულია როცა გინდა სხვანაირი იყო და არ ხარ!
ან იქნებ იმიტომ დავიბადე, რომ სწორედ ასეთი ვყოფილიყავი...

სულ ვგრძნობ, რომ ვიღაც მისმენს... ყველაზე მეტად კი მაშინ, როცა ჩუმათ ვარ...
სიჩუმის მოსმენა და გაგება კი მხოლოდ შენ შეგიძლია ღმერთო...
როცა რაღაც ტვირთს აძლევ ადამიანს, აძლევ იმის ძალასაც რომ ზიდოს...

ყველაფერს მაშინ ერევი, როცა გრძნობ რომ მარტო არ ხარ, თუნდაც არავინ გყავდეს გვერდში...

მიწას, რომ სული ჰქონოდა ალბათ ვერ გაუძლებდა იმ ტკივილს რასაც იტევს... დედა'მიწა ამდენი გვამის დატევას ვერ აიტანდა. ამდენი ცოცხალი თუ არაცოცხალი გვამის, რომელიც მის წიაღში და მის ზედაპირზეა...

ხშირად გამიგია, ცას თუ ვარსკვლავი მოსწყდება სურვილი უნდა ჩაიფიქროო...
მე კი მგონია, რომ ჩემს სურვილებს სულ უსმენენ, ჩაუფიქრებლადაც კი...

ამიტომაც მიწა ხორცია, ცა კი სული...
სხვანაირად არც შეიძლება იყოს!

მთავარია თავი შეინარჩუნო!

არსებობს ისეთი რაღაცეები, რასაც ვერც შეეხები და ვერც დაინახავ, მაგრამ მთელი არსებით იგრძნობ...

არსებობს ისეთი დღეები, როცა გცივა, მაგრამ გული ისეთი ცხელი გაქვს, არ გაძლევს საშუალებას, რომ გაიყინო...

არსებობს ისეთი სიტყვებიც, მკვდარ კაცს, რომ გააცოცხლებს ან ცოცხალს გაიმეტებს სასიკვდილოდ...

მზე თუ ამოდის ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ანათებს და არც ღამე ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა ბნელოდეს...

ზოგჯერ ღამეები დღეებზე უკეთესია...

ვუყურებ ჩემს შვილებს და ვითვლი იმ ძველ წლებს, რომლებსაც თითებიც კი ვეღარ იტევენ სათვლელად...
რამდენი დრო გასულა თურმე...
მაგრამ სოფლის ერთ წუთში მაინც ეტევა ყველა'ფერი....

არადა ისიც არ მახსოვს როდის დავიბადე...
ალბათ ვერც იმას გავიგებ როდის ვიქნები სიკვდილის მასპინძელი...

მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ერთხელ აუცილებლად შეგხვდები ღმერთო...

გუშინ ტაძარში ვიდექი და თვალებში გიყურებდი, შენც ხომ იცი რომ ვიგრძენი ეს...
გიყურებდი და იმ ადამიანს ვგავდი ფეხები, რომ აღარ აქვს, მაგრამ მაინც დადის, იმიტომ რომ შენი წყალობა იმაზე დიდია ვიდრე ყველა დანაშაული ერთად...

გიყურებდი და თითქოს გულიც აღარ იყო თავის ადგილას, რადგან არავინ იმსახურებს და მაინც მთელს სამყაროს სწყალობ შენ!

ნინო ხორავა

понедельник, 24 июня 2019 г.


#საქართველო

მთებში ჩამოსული რაჭის რიონი ვარ!
კახეთს გამოსხლული ვაზის საფერავი!
ჩემო საქართველოვ სულის ჰაერი ხარ,
გული ისე მიხურს, როგორც ნაკვერჩხალი!

სამცხე ჯავახეთში მესმა რაბათის ხმა,
მესხეთს ამიგია მტკიცე საძირკველი,
ეშხი ნინოწმინდის ვუქე ფარავნის ტბას,
ზარზმას მილოცია ლოცვა საკვირველი.

მცხეთას აღმართული მტკიცე ტაძარი მაქვს,
'სვეტი ცხოველია' ცამდე აღმართული,
მტკვარო გამიყოლე 'დედა ქალაქის' კვალს,
თბილისს ვანაცვალო დღენი გარდასული.

გენი ოჩხომურის ჩქიმი მეგრულია,
გურიშ ცაიშია ღმერთთან ზარ'ასული,
მოდი ჩამიხუტე ფესვო, რომ მწყურიხარ,
მალე დამიმშვიდე სული დაზაფრული.

ფშავში მიმავალი ძველი შარა გზა ვარ,
ზეცად აღმართული მკაცრი სარკინეთი,
მუხბე სვანი ვარ და ლურჯი განდაგანა,
ჩემი იმერეთი მიყვარს მარჯნისფერი.

ძარღვში სამაჩაბლო ჯერაც ავადა მყავს...
მტკივა აფხაზეთი სისხლით ნაკემსარი...
ჩემო საქართველოვ სულის ჰაერი ხარ!
გული ისე მიხურს, როგორც ნაკვერჩხალი!


ნინო ხორავა

პ.ს. ჩემი ლექსები დაიბეჭდა წიგნში "ლიტერატურული სიახლეები"

ვერ დამაბრმავებ!
სინათლეს ხომ არა აქვს ზღვარი!
მძიმე სხეულით გაფრენასაც მშვენივრად ვბედავ!
დროებითია, თუ ყორანი ჩემს ცაზე ჩხავის!
მე სანთლის შუქზეც, ცალი თვალით ყველაფერს ვხედავ!

ვერ დამაბრმავებ!
თუნდაც ჰქროდეს ძლიერი ქარი!
მაინც ვენთები!
გეფიცები, ვიქცევი ღვენთად!
ალბათ ოდესმე ჩემი ქვეყნის იქნება მსგავსი,
ის ვინც მავთულებს შემოახსნის საზღვარზე გემბანს!

ვერ დამაბრმავებ!
ყველა გზას აქვს გამსვლელი კარი!
ჩემს საქართველოს ყოველ ჯერზე ხელებით ვკემსავ!
და არ იქნება ეს ღრუბლები მუდმივად შავი!
წვიმების მერე, რომ მეფდება იცოდეთ მზეა!

ვერ დამაბრმავებ!
სინათლეს ხომ არა აქვს ზღვარი!


ნინო ხორავა


#რუსეთიოკუპანტია

понедельник, 17 июня 2019 г.


დაძველებულ წლებს სიბერე კორტნის,
დაჩაჩანაკდა შიმალის ტყენი!
და ალაგ-ალაგ ჭაღარებს შორის,
კვლავ მორჩენილა სინორჩის ფერი!

დროვ! შენ ხომ ყოველ მოსათხრელს  მოთხრი,
მხოლოდ მადროვე მაისის ძღვენი,
მინდა ვისუნთქო სურნელი მოცვის
და ვარდობისთვის ძლიერი გენი!

მთად დაშვებული მანახე ქორი,
არწივს სიმეფე თუ როგორ შვენის,
ჩამორეცხილი ღრუბლების თქორი,
უკანასკნელი შრიალი ვერხვის!

ჟამია წასვლის!
ბოლოა ომის!
გადავერცხლილა სიცოცხლის მზენი
და დამნაშავე სიკვდილი მოჰქრის,
რომ დამიმოკლოს ამ სოფლის დღენი!

ნინო ხორავა

среда, 5 июня 2019 г.


გული აღმა მიდევს ზეცის სამეფოსთან..
ბრუნავს დედამიწა, ისევ არ ისვენებს...
ვიღაც სიჩქარეში სიტყვებს არ ელოდა...
სადღაც სათქმელები ჩუმად განისვენებს...

ჩვილი იბადება ნედლი კენწეროდან...
მიწას აბარებენ მოხუც ალვის ხეებს...
წრიალს წაუღია მთელი სამყარო და...
კადრი არეული, თვალწინ გავიჩერე...

უკვე მერამდენედ, დრო წლებს ვერ შველოდა...
დასტა მიჯრით აწყობს, თურმე განვლილ დღეებს...
ყველა კაბადონი სივრცეს შერჩენოდა... ყოფნა უხარიათ მაინც ცაზე მზეებს...

მიდის ნაბიჯები ისევ სხვა ჩეროსთან...
გედი სიკვდილის წინ ნეტავ რას იმღერებს?
და იქ - სიცოცხლეა ვისაც არ ეგონა...
აქ კი, წასასვლელი გზისთვის გამიმეტეს...

ნინო ხორავა

среда, 22 мая 2019 г.


სიტყვებს არ უხდება ხშირად გასხვისება...
ზოგჯერ სათქმელები უნდა გააჩუმო...
თუკი ჩამონისლა ისევ ქარვისფერად...
დიახ! შემოდგომას უნდა დააბრალო!

სადღაც იცინიან...
მესმის დატირებაც...
ეს ხომ საწუთროა, არ ღირს საწუწუნოდ...
თუკი მამა ღმერთმა რაღაც არ ინება,
მაშინ სურვილები უნდა გააჩუქო!

სისხლი გამიგიჟა ძარღვში ამინდებმა...
გარეთ წვიმაა და გულიც აღარ ცრუობს...
პეპლის სიარული იგრძნეს ლავიწებმა...
მგონი წინათგრძნობა უკვე აღარ ხუმრობს!

სულმა შეიყვარა თურმე გარინდება...
დროა შორი გზები, თუნდაც გადავცურო...
იმ ხეს, რომ ვუვლიდი, მალე გაიზრდება...
რითიც კუბოს თავი უნდა დამახურონ!

ნინო ხორავა

რა უჭირს თუკი წვიმაა გარეთ...
ანდა ცოტათი აცივდა კიდეც...
ხოდა, იმისთვის არსებობს ღამე...
რომ ყოველ ჯერზე სინათლედ იქცეს...

ჩემი გრძნობები გაყრილა განზე...
გამოწვდენილ ხელს, მოკიდეთ ვინმემ...
იქნებ რაღაცა არ ხდება განგებ...
რომ ჟღერადობა შემორჩეთ სიმებს...

ინათა...
დილა დაემჩნათ თვალებს...
არც საწერტელი აღარ მჩხვლეტს ისე...
ყვავის იები და მყიას ავსებს...
ბზარიც ოდესმე, ხომ ყვავილს იძენს...

ნინო ხორავა

среда, 15 мая 2019 г.


- ცახე -

დილაა...
ტაძარი სიჩუმეს დაეპყრო...
ზარები მდუმარე სივრცეებს არღვევენ...
ცახეა, სარკმლიდან ჰაერს, რომ გაენდო
და სულში სინათლის ნაპერწკლებს ბადებენ...

ზეცამდე ხმაურობს მტვრიანი სამრეკლო...
რეკავენ...
რეკავენ...
გული მზეს დაეძებს...
ორმოდან მოსული სხეული აენთო...
მოუხდა სხივები გარდასულ ღამეებს...

სინანულს სჩვევია, ჯერ ბურდო დალექოს
და მერე დაცლილი აავსოს სამელნე...
თითებს კი პირჯვრების დაწერა არ ეყოთ...
იწერონ...
იწერონ...
იწერონ ღამემდე...

დილაა...
ტაძარი სიჩუმეს დაეპყრო...
ამ სულში ხმაური ჯერ კიდევ ახველებს...
ცახეა, სარკმლიდან ჰაერს, რომ გაენდო
და ღმერთო ზარები - ცას მიწას აერთებს...

ნინო ხორავა

воскресенье, 21 апреля 2019 г.


დილის 04:30 საათია...
აფრინდა რეისი: თბილისი-სტამბოლის მიმართულებით...
პირველად ვზივარ თვითმფრინავში...
მიხარია...
პატარა ბავშვივით ვარ...
ცოტა უცნაური შეგრძნებაა ცაში "იამკები" 😊 მაგრამ მაღლა, რომ აფრინდება და გასწორდება, ვეღარ გრძნობ...
ფანჯარასთან მომიწია ჯდომა, ასე რომ არ მომხდარიყო აუცილებლად ვთხოვდი ვინმეს ადგილის გაცვლას...

ავფრინდით...
რა ლამაზად ჩანს ჩემი ქვეყანა ზემოდან...

მერე ღრუბლებს ვცდებით და ვარ უკიდეგანო სივრცეში....
მაღლა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა... დაბლა უკვე აღარაფერი აღარ ჩანს...
ირგვლივ, სადაც გაიხედები ყველგან ცაა...

ვფიქრობ: ღმერთო რა დიდებული ხარ ამ ყველაფრისთვის...
არადა სულ ერთი წამი და უცებ შეიძლება ნაცარტუტად ვიქცე...
შენ კი მიმაქანებ სადღაც მაღლა, უკიდეგანო სივრცეში ისე, რომ თმიდან ღერიც კი არ მივარდება...

შენთან ისე ახლოს ვარ...
ისე ახლოს გგრძნობ, ისე ახლოს....

მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგება მახსენდება:
"არასოდეს იგრძნო მარტოობა! ღმერთი, შენ და დედამიწა ხართო!"

ზუსტად!
ცაშიც და მიწაზეც!
ღმერთი, მე და დედამიწა ვართ!

მთელი გზა შუბლი მიდევს ფანჯარაზე, კარგად რომ დავინახო ყველაფერი, მაგრამ მაინც ბნელა...
თან ვწერ...
ამასობაში დაგვათენდა...

მზემ დაიწყო გამონათება...
ეს საოცრებაა...
ქვემოთ ღრუბლები ჩანს, ქათქათა ღრუბლები...

ეშვება თვითმფრინავი სტამბოლის აეროპორტში...
ღრუბლებში აქა-იქ გამოჩნდა მიწა...

პირველ რიგში აია სოფიას ვნახავ! იმიტომ, რომ ანას ძალიან უნდოდა...

"ერთი სული მაქვს როდის ვნახავ აია სოფიასო" - წერდა სიკვდილის წინ, ბოლო ჩანაწერში...
უნდოდა, ძალიან უნდოდა სტამბოლის ქუჩებში სიარული...
სიცოცხლეც უნდოდა...
გპირდები, შენს მაგივრად ბევრს ვივლი...
და ჩემი თურქული ვოიაჟი მოგეძღვნება შენ - ანა ლაშხელს ❤️

შეხვედრამდე მეგობარო ❤️

ნინო ხორავა

вторник, 9 апреля 2019 г.


მგონია, არასდროს არ წყდება შორი გზა...
თუ ივლი,
მოძებნი,
დაკარგულ ოცნებებს...
ოღონდაც გინდოდეს 'შენი' და არა სხვა...
სურვილი ყოველთვის იმონებს ბოჰემებს...

მოვდივარ და სწრაფად ვეშვები თავდაღმა...
ვაწყდები გზადაგზა,
ხელთუქმნელ შედევრებს...
კმა ისევ ვერ ვნახე, რომ თმობდეს რაღაცას...
სიბრიყვე, რაიმე ჭკვიანურს შეძლებდეს...

მოვედი და უკვე დროც კი დროს გადასცდა...
არ მინდა, გუშინდელ გაქცეულ ტყვეს ვგავდე...
ფიქრები, ცხოვრებას სულ სხვაგან გადაჰყავს...
იქ სადაც მკვდარია სიტყვები: მე და შენ...

გადავალ უშენოდ, სულ ფეხით,
ცხრა მთას და...
ან იქნებ, ეს გულიც ოდესმე შეჩერდეს...
მე ალბათ, შეგინდობ ყოველგვარ თავდასხმას...
მაგრამ ვერ შეგარჩენ იცოდე, ვერც ერთ ლექსს!

ნინო ხორავა

среда, 3 апреля 2019 г.


როგორ მინდა ქარი ვიყო!
ძლიერი ქარი!
ხომ ავიკლებდი ზუზუნით ქვეყნიერებას...
ყველა მსუნთქავ ხეს რიგ-რიგობით შემოვეხვეოდი...
ცაზე ღრუბლებს სულის შებერვით გავფანტავდი...
ზღვებში წყლებს გადავრევდი და დიდხანს, დიდხანს არ მივცემდი საშუალებას დაწყნარებულიყვნენ...  ვიბობოქრებდი, ეპოქებში ისე უშიშრად ვიბობოქრებდი, რომ დრო დაღლილიყო, მე კი არა...

ზოგჯერ მეჩვენება, რომ დრო შემიძლია გვერდზე გავწიო და შორიდან ვუყურო: რა იყო, როგორ იყო...
ძველი ბავშვობის დროინდელი ფირივით გადავახვიო სასურველ ადგილას...
და რაღაც მოვლენა, რომელიც ამ მომენტში ხდება: ღმერთოო ეს ხომ უკვე ნანახი მაქვს...

კარგია შენს თავთან საუბარი და სასარგებლო...
ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა მხოლოდ სხვებს, რომ ვესაუბრებოდე...

ადვილია გრძნობდე ბევრ რამეს, მაგრამ მერწმუნეთ არაა ადვილი გრძნობდე როგორ უცემს გული პატარა ფოთოლს...

და მაინც რამდენი რამე უნდა გაიარო, ბობოქარი ქარივით, რომ იქ მიხვიდე სადაც შენი ადგილია...

ნინო ხორავა

суббота, 30 марта 2019 г.


გაზაფხული ნაკვირტალში ყვავის...
იბადება სუფთა, პირმშოს ხელა...
სილამაზეს მხოლოდ სული გახდის,
სრულყოფილ და უზადოებ ფერას...

ნინო ხორავა

суббота, 23 марта 2019 г.


- მირკანი 'დიდი მეფისკალოს' მთაზე -
----------------------------------------------------------------
ჩამოუთოვია, თურმე მარტის დილას,
დიდი მეფისკალოს მხრებზე...
ზამთრის ნაკვალევი, ისე ავად გმინავს,
ბჯაში ვერ აკავებს ფესვებს...

თოვს და ეს სიცივე ჯერაც ვეღარ მორჩა,
ყინვა შესჩვევია დიდ მთას...
ზორბა ქარბუქები, ისე ძლიერ მოსთქვამს,
ზმუკი ჰგონებია სისხამს...

სცივათ ალიონებს...
მიწას სწყურებია...
ქურქი მოუსხია მირკანს...
თუკი გაყინულ სულს, ლღვობის სურნელი აქვს...
მაშინ გულცივობა ვინ თქვას?

ნინო ხორავა

понедельник, 18 марта 2019 г.


ცას წავალა... 
ვიდრე მიწას დავამძიმებ,
სტუმარი ვარ, მხოლოდ წუთით ჩამოსული,
ღიჭასავით ზედმეტობას ვერ ვიკადრებ,
ვერ ვიქნები სარეველად ამოსული.

ცას წავალა... 
როცა ჩემს წლებს დავაძინებ,
ბავშვობიდან, რომ ვიქნები წამოსული,
როცა კადრებს ქარაფივით ავაზვინებ,
მოგონებად გაღვივდება ღრმა წარსული.

ცას წავალა... 
თმას, რომ თეთრად გავაფითრებ,
ჭაღარას, რომ შეერევა ვერცხლის სუნი,
სიჭაბუკეს სიშორეთში, რომ დავტოვებ
და დღეები გამიღიმებს გარდასული.

ცას წავალა... 
სიბერეს რომ გავაღვიძებ,
დრომ შრეებად დამიკვალა უკვე შუბლი
და ბავშვივით კვლავ იმაზე გავიცინებ
სოფელში, რომ გავიტეხე ერთხელ მუხლი...

ცას წავალა... 
როცა მშობლებს გავიხსენებ,
როცა ბებომ გამომიცხო თონის პური,
მოგონებებს შენზე როცა გავიცხელებ,
მენატრება - მე და შენი სიყვარული...

ცას წავალა... 
მონაგარს, რომ დავუტოვებ
სიკეთეებს ისე როგორც - გაზაფხული,
ჩემს ცხოვრებას ლეგენდასაც გავუტოლებ,
დავბერდი და არ ბერდება მაინც გული...

ცას წავალა... 
როცა ყველას მოვინაკლებ,
საწყალია ეულობით ჩემი სული,
ცას წავალა... 
ამ მიწას, რომ მოვიზამთრებ,
სტუმარი ვარ მხოლოდ წუთით ჩამოსული.

ნინო ხორავა

четверг, 14 марта 2019 г.


- სულთმობრძავი -

ვაჭიანურე ლოდინის განცდა...
წლები ბებერი მინგრევდა კარებს...
სული ჯერ კიდევ ხორცს ვერსად გასცდა...
და უსასრულოდ აცეცებს თვალებს...

დაძველებულა ფიქრების ასხმა...
ჩამოღვენთილა სულ ბოლო წვეთი...
მე წასასვლელად დავიწყე ჩაცმა...
და უკანასკნელ ჩასუნთქვას ვებრძვი...

ნინო ხორავა

пятница, 1 марта 2019 г.


სიტყვებს დაეკარგა თავგზა...
გული გამალებით მიცემს...
ცრემლი მორევია ზამთარს...
ისე უტირია...
ისე...

ცივა გამეტებით სადღაც...
დროში ეპოქები მისმენს....
და თუ დავიკარგე ალბათ...
გულში ჩამიხუტებს სივრცე...

ჩუმად...
არაფერი არ თქვა...
მაინც ვერ უგებენ გიჟებს...
უცებ ჩამოუშვი ფარდა
ტაში არ დაუკრან იქნებ...

თითქმის გადაშენდა ნატვრა...
გზებიც არევია ფიქრებს...
მარტი ჰყვარებია ზამთარს....
რატომ ვერავინ ვერ იგებს??

ნინო ხორავა

пятница, 22 февраля 2019 г.


გათენდა...
ღამეთა შეგირდმა,
ამხილა ცოდვილი სუნთქვა...
მე ზოგჯერ წუთებსაც ვერ ვიტან...
ვერ ვიტან დაბურულ ქუჩას!

ნისლები დადიან შეშლილად!
ფიქრები ფიქრობენ ჩუმად...
მეგონა დილამდე მეძინა
და ფასი ჰქონია სუნთქვას!

როდესაც არა ვსვამ შეკითხვას,
პასუხებს ვღებულობ უმალ...
რა ღირდი? ტკივილმაც ვერ მითხრა...
შენში რომ ვიპოვნე ხურდა!

ნინო ხორავა

среда, 13 февраля 2019 г.


დამითვალე


დამითვალე ზღვაში ქვიშა...
ცაზე კიდე ვარსკვლავები...
სათითაო ღერი თმის და...
ღიმილებიც ნამნარევი...

დამითვალე ფერი ფერთა...
მტკაველები შორი გზების,
ყველა გოჯი ძლიერ მთებთა,
მზის სხივები...
ქალთა ეშხი...

დამითვალე გულში სევდა,
წამის წამი განვლილ წლების,
დანაბიჯი მეგზურ ფეხთა,
დედამიწის წყალთა წვეთი..

დამითვალე მუხთლი ბედთა...
დასასრული...
კაცთა ხვედრი...
წუთისოფლის შუღლი ერთა,
როგორც ცოტა ისე ბევრი...

დამითვალე წონა ცრემლთა,
და ტკივილი ზღვარზე მეტი...
სისასტიკე მტანჯველ სენთა,
სამართალი - მკვდარი ფერხთით...

დამითვალე ყველა ერთად,
ყველაფერი გარდა ერთის...
სიყვარული მოგვცა ღმერთმა,
გადაწონა ყველა ერთით...

სიყვარული შექმნა ღმერთმა!
სიყვარული არის ღმერთი!

ნინო ხორავა

суббота, 2 февраля 2019 г.


ნაბიჯებით გავასწარი ჩემივე თავს...
თუ დაღამდა გათენებით გადავიხდი...
ზოგჯერ სული დამძიმებულ ქვაკუთხედს ჰგავს,
მაგრამ მაინც ვერასოდეს ვერ გავყიდი!

დასასრულმა ჯერ უთქმელი სიტყვები თქვა...
მდინარეზეც გადებულა გრძელი ხიდი...
გავიგონე ნაჩუქარი სიცოცხლის ხმა!
ღმერთო ამაგს მაპატიე, რომ ვერ გიხდი...

აბობოქრდა გუშინდელი ცისფერი ცა...
დარჩენილა თურმე ყაბი თავახდილი...
სიყვარულით ყველა ცოდვა მართლდება და
გული ხდება შეცდომების გადამზიდი...

ნინო ხორავა

воскресенье, 27 января 2019 г.


- დღეს "ნინაობაა" შენი დღეა ჩემო მტრედო!

ამ სიტყვებით იწყებდა ნინოობის დილას ჩემი გამზრდელი მარიამ ბებია (მარო ბაბო)

ძალიან უყვარდა ფეხით სიარული.
მეც სულ თან დავყავდი, განსაკუთრებით ზაფხულობით.

მახსოვს როცა მივდიოდით სადმე, გზად - საჭმელი, სასმელი და "ადიელა" მიგვქონდა, რომ პატარა "პიკნიკები" მოგვეწყო ხოლმე სადმე ჩრდილში 😀

გზადაგზა ადამიანებს ვაკვირდებოდით.
განვიხილავდით რაღაცეებს.

საბურთალოზე, განსაკუთრებით ვაჟა ფშაველაზე ხშირად დაგვღამებია ქუჩაში.

გარეთ როცა ბნელა ყველა სახლში ხომ სინათლე ანთია...
ხოდა ვათვალიერებდით სხვადასხვა კორპუსის ბინებს...
ზოგ ბინაში ტელევიზორს უყურებდნენ...
ზოგან ვახშმობდნენ...
ზოგან ბავშვები დარბოდნენ...
ზოგან ალაგებნენ...
ეს ყველაფერი კი მახსოვს ძალიან სასიამოვნოდ მწვდებოდა გულში...

დღესაც მიყვარს ღამით ქუჩებში სიარული და გარედან სახლების შეთვალიერება...
თითოეული ოჯახიდან ხომ რაღაცნაირი მყუდრო და სასიამოვნო სითბო გამოდის...

ძალიან მომინდა, რომ ეს პატარა ნოსტალგია დამეწერა შენზე...
მენატრები...
მიყვარხარ...
და სულ გულში მყავხარ იცოდე...

დღეს ჩემი და შენი დღეა ❤
ნინოობას გილოცავ ბა ❤


ნინო ხორავა

ყველას გილოცავთ ნინოობას ❤️

понедельник, 7 января 2019 г.


როცა ფიქრი სიყვარულის
მარცვალს მოაქვს....
ჩაიფიქრე...
სურვილები სრულდებიან...
სანთლით ხელში
შეეგებე უფლის შობას...
მიგიღებენ...
მიგიღებენ...
თუ გელიან...

ჩამიფიქრე....
სურვილები სრულდებიან...


ნინო ხორავა

https://youtu.be/rC3YbbAXlsI