понедельник, 24 июня 2019 г.


#საქართველო

მთებში ჩამოსული რაჭის რიონი ვარ!
კახეთს გამოსხლული ვაზის საფერავი!
ჩემო საქართველოვ სულის ჰაერი ხარ,
გული ისე მიხურს, როგორც ნაკვერჩხალი!

სამცხე ჯავახეთში მესმა რაბათის ხმა,
მესხეთს ამიგია მტკიცე საძირკველი,
ეშხი ნინოწმინდის ვუქე ფარავნის ტბას,
ზარზმას მილოცია ლოცვა საკვირველი.

მცხეთას აღმართული მტკიცე ტაძარი მაქვს,
'სვეტი ცხოველია' ცამდე აღმართული,
მტკვარო გამიყოლე 'დედა ქალაქის' კვალს,
თბილისს ვანაცვალო დღენი გარდასული.

გენი ოჩხომურის ჩქიმი მეგრულია,
გურიშ ცაიშია ღმერთთან ზარ'ასული,
მოდი ჩამიხუტე ფესვო, რომ მწყურიხარ,
მალე დამიმშვიდე სული დაზაფრული.

ფშავში მიმავალი ძველი შარა გზა ვარ,
ზეცად აღმართული მკაცრი სარკინეთი,
მუხბე სვანი ვარ და ლურჯი განდაგანა,
ჩემი იმერეთი მიყვარს მარჯნისფერი.

ძარღვში სამაჩაბლო ჯერაც ავადა მყავს...
მტკივა აფხაზეთი სისხლით ნაკემსარი...
ჩემო საქართველოვ სულის ჰაერი ხარ!
გული ისე მიხურს, როგორც ნაკვერჩხალი!


ნინო ხორავა

პ.ს. ჩემი ლექსები დაიბეჭდა წიგნში "ლიტერატურული სიახლეები"

ვერ დამაბრმავებ!
სინათლეს ხომ არა აქვს ზღვარი!
მძიმე სხეულით გაფრენასაც მშვენივრად ვბედავ!
დროებითია, თუ ყორანი ჩემს ცაზე ჩხავის!
მე სანთლის შუქზეც, ცალი თვალით ყველაფერს ვხედავ!

ვერ დამაბრმავებ!
თუნდაც ჰქროდეს ძლიერი ქარი!
მაინც ვენთები!
გეფიცები, ვიქცევი ღვენთად!
ალბათ ოდესმე ჩემი ქვეყნის იქნება მსგავსი,
ის ვინც მავთულებს შემოახსნის საზღვარზე გემბანს!

ვერ დამაბრმავებ!
ყველა გზას აქვს გამსვლელი კარი!
ჩემს საქართველოს ყოველ ჯერზე ხელებით ვკემსავ!
და არ იქნება ეს ღრუბლები მუდმივად შავი!
წვიმების მერე, რომ მეფდება იცოდეთ მზეა!

ვერ დამაბრმავებ!
სინათლეს ხომ არა აქვს ზღვარი!


ნინო ხორავა


#რუსეთიოკუპანტია

понедельник, 17 июня 2019 г.


დაძველებულ წლებს სიბერე კორტნის,
დაჩაჩანაკდა შიმალის ტყენი!
და ალაგ-ალაგ ჭაღარებს შორის,
კვლავ მორჩენილა სინორჩის ფერი!

დროვ! შენ ხომ ყოველ მოსათხრელს  მოთხრი,
მხოლოდ მადროვე მაისის ძღვენი,
მინდა ვისუნთქო სურნელი მოცვის
და ვარდობისთვის ძლიერი გენი!

მთად დაშვებული მანახე ქორი,
არწივს სიმეფე თუ როგორ შვენის,
ჩამორეცხილი ღრუბლების თქორი,
უკანასკნელი შრიალი ვერხვის!

ჟამია წასვლის!
ბოლოა ომის!
გადავერცხლილა სიცოცხლის მზენი
და დამნაშავე სიკვდილი მოჰქრის,
რომ დამიმოკლოს ამ სოფლის დღენი!

ნინო ხორავა

среда, 5 июня 2019 г.


გული აღმა მიდევს ზეცის სამეფოსთან..
ბრუნავს დედამიწა, ისევ არ ისვენებს...
ვიღაც სიჩქარეში სიტყვებს არ ელოდა...
სადღაც სათქმელები ჩუმად განისვენებს...

ჩვილი იბადება ნედლი კენწეროდან...
მიწას აბარებენ მოხუც ალვის ხეებს...
წრიალს წაუღია მთელი სამყარო და...
კადრი არეული, თვალწინ გავიჩერე...

უკვე მერამდენედ, დრო წლებს ვერ შველოდა...
დასტა მიჯრით აწყობს, თურმე განვლილ დღეებს...
ყველა კაბადონი სივრცეს შერჩენოდა... ყოფნა უხარიათ მაინც ცაზე მზეებს...

მიდის ნაბიჯები ისევ სხვა ჩეროსთან...
გედი სიკვდილის წინ ნეტავ რას იმღერებს?
და იქ - სიცოცხლეა ვისაც არ ეგონა...
აქ კი, წასასვლელი გზისთვის გამიმეტეს...

ნინო ხორავა