суббота, 11 июля 2020 г.


სკოლის მოსწავლე ვიყავი ასე 15 წლის.
იმ ზაფხულს ჩემს დაქალთან კახეთში ვისვენებდი. აღარ დავიწყებ იმის მოყოლას თუ რაკარგად ვერთობოდით ერთად მეგობრები...

მაგრამ ამბავი ამბის მიღმა უფრო საინტერესოა ხოლმე ყოველთვის...

ერთ დღეს ავტყდით - მდინარე ალაზანზე  გვინდოდა წასვლა...
არ გვიშვებდნენ მშობლები, რადგან წინა დღის ნაწვიმი იყო და საშიში იქნებოდა მდინარე...
მაგრამ როგორც იქნა დავითანხმეთ...
წავედით ალბათ ათნი ან მეტნი ვიყავით...

წასვლის წინ გული მეუბნებოდა, რომ მშობლები მართლები იყვნენ(წვიმების შემდეგ მართლაც სწრაფია მდინარის დინება) მაგრამ გონება არ აქცევდა გულს ყურადღებას...
და რადგანაც ყველას ძალიან გვინდოდა წასვლა, მეგობრებისთვის ეს არც გამიმხელია...

ისეთი უცნაური გრძნობა მქონდა, რომ ალაზანზე მისულს გადავიფიქრე წყალში შესვლა. ეს არ იყო მხოლოდ შიში, არამედ რაღაც კიდე სხვა...
ფეხზე გავიხადე და ერთ მეგობართან ერთად ნელი ნაბიჯებით მუხლამდე წყალში მივსეირნობდი...
მივსეირნობთ და  ვხედავთ შორიდან, რომ დანარჩენები უკვე ჭყუპალაობენ...

წყალს ვუყურებ და საშინლად არის ადიდებული, ამღვრეული... თან  დინება აქვს ისეთი ძლიერი, რომ ფეხებზე მაწვება და ცდილობს დამაგდოს ...

გული მეუბნება - "გადი წყლიდან!"
გონება კი - "მუხლამდეც ძლივს გწვდება, რა უნდა გიყოს!"

ამასობაში მდინარე უფრო ადიდდა და დინებამ ისე მოულოდნელად წამიღო, რომ დაძახებაც ვერ მოვასწარი...
წამიღო და ჩამაგდო მორევში...
ვტრიალებ საოცარი სიჩქარით, გული დამეღალა, ვყლაპავ უამრავ წყალს, თან ცურვა არვიცი. მეგობარი ჩამომყვა გადასარჩენად, მაგრამ ისიც ჩაითრია მორევმა და ადამიანური ინსტიქტებიდან გამომდინარე ვახრჩობთ ერთმანეთს, რომ თუნდაც წამით ამოვისუნთქოთ...

მერე წყალში ჩავიძირე...
მესმის სიჩუმის ზუზუნი, რომელსაც პერიოდულად არღვევს გაურკვეველი ხმები...
ვხედავ უცნაურ რაღაცეებს, არვიცი ეს როგორ გადმოვცე ან როგორ დავწერო, მაგრამ მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს...
წყლიდან ბუნდოვნად გამოჩნდა ცა და ამ ფონზე საოცარი სისწრაფით ჩაიქროლა ჩემი 15 წლის განვლილმა სიცოცხლემ...
მთელმა ჩემმა ცხოვრებამ დეტალებში...(თუმცა ეს მოხდა წამებში)
ვუყურებ სიკვდილს, ჩემს წინ დგას! ყველანაირი შელამაზების გარეშე - მე მას ჩემს წინ მდგარს ვუყურებდი!
თითქოს აქ ვარ და არც ვარ...
ჩემი ბოლო ფიქრი: "ღმერთო ვკვდები..." ვგრძნობ, რომ გონება მეთიშება...
და უცებ მაფხიზლებს თმის ძლიერი მოქაჩვა...

ეს იყო შემთხვევით გამვლელი მეზობლის ბიჭი, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად ჩადგა მორევში და ამომათრია თმით მეც და ჩემი მეგობარიც..
ამ ბიჭს ერქვა ირაკლი...
ირაკლი მას მერე აღარ მინახავს და თუ ახლა ამას კითხულობს, კიდევ ერთხელ მინდა მოვუხადო მადლობა...

მერე აღმოჩნდა, რომ სანამ მე და ჩემი მეგობარი მივსეირნობდით - თურმე ჩვენი დანარჩენი მეგობრებიც(რომ გვეგონა ჭყუპალაობდნენ) მორევში ჩაუგდია დინებას და ყველა სასწაულად გადარჩა...

ღმერთო რა ბედნიერებაა სიცოცხლე...
მზე...
და ჰაერი...

იმ დღეს ვერა, მაგრამ მეორე დღეს ტაძრები მოვილოცეთ ყველამ!

ეს არ იყო ჩემი გადარჩენის პირველი და არც ბოლო ისტორია, მაგრამ ამ ამბის შემდეგ ვისწავლე ის თუ როგორ უნდა უსმინო გულს...
ოღონდ არა მხოლოდ გულს...
და არც მხოლოდ გონებას...
არამედ გულით ფიქრს...
(გულისყურით)

ეს დღე იყო 12 ივლისი - პეტრე პავლობა!
ჩემთვის ეს წმინდანები არიან განსაკუთრებული მფარველები, რადგან ჩემი სული გამოსტაცეს
სიკვდილს ხელიდან...
სიკვდილს, რომელიც იდგა ჩემს წინ და ერთი სული ჰქონდა წავეყვანე!

გილოცავთ პეტრე პავლობას!

ნინო ხორავა