понедельник, 31 декабря 2018 г.


გრძნობა - პატარა, გულის ღმერთია...
დაბადებული სიცოცხლის ფეთქვად...
და სიყვარული უფრო მეტია...
ვიდრე ეს წლები სულ ყველა ერთად...

ზამთარს სიცივე მკაცრად სჩვევია...
მე კი მაისი ვიპოვე შენთან...
ეგ ცის თვალები მხოლოდ ჩემია...
ჩაგიხუტე და მოთოვა შვებამ...

ხოო სიყვარული დროზე მეტია...
ვიდრე განვლილი ცხოვრების ღელვა...
და ფანტელები ისევ მეტყვიან:
რომ ჩვენ ახალ წელს შევხვდებით ერთად...


ნინო ხორავა

christmas in my heart
https://youtu.be/n9MF9P7pAqs

გილოცავთ დამდეგს 🎆🎄🎉

суббота, 22 декабря 2018 г.


შენა ხარ ქალი, რომელიც მიყვარს...
და ღირებული ყველა ძვირ ფასზე,
ქალი, რომელიც არავის არ ჰგავს,
სულში ჩამწვდომი, გულის მიჯნაზე...

შენა ხარ ქალი, რომელიც მიყვარს...
ჩემს ჰარმონიას ცის ფრად ალაგებ,
ამაწრიალე, მიბერავ თბილ ქარს
და როგორ გინდა რომ არ მიყვარდე...

შენა ხარ ქალი, რომელიც მიყვარს...
ღელვად დადიხარ ჩემში - ვნებაზე,
ისე მინდიხარ, როგორც ამ ზღვის წყალს,
აბობოქრება ტალღის ენაზე...

შენა ხარ ქალი, რომელიც მიყვარს...
და ღირებული ყველა ძვირ ფასზე,
ქალი, რომელიც არავის არ ჰგავს,
არავის არ ჰგავს ამ ქვეყანაზე...

ნინო ხორავა

суббота, 15 декабря 2018 г.


ჰოი დედაკაცო ჭიშკარს გამოდიო,
არვე შემოვრეკე ცდოში ირიბადა,
შენამც შემეგებე ქმარი მოვედიო,
სულ მთლად გალუმპული თავსხმა წვიმისაგან.

ფეხზე გშვენებია რუხი პაჭიჭიო,
კაბა სადიაცო ლურჯი შალისაგან,
ფარაგს მოგქარგვია ბევრი ქვა-მძივიო,
გყურობ თოლ-პირზე და სითბომ გამიტაცა.

ჩოხა მომიტანე, თბილი ქათიბიო,
მმოსე ნაჭრელათი შენი მკლავისაგან,
მწყურის, კოკით წყალი ცივი დამისხიო,
ქალავ გამაძღევი შენი კოცნისაგან.

ნაწნავს ხელ შეგახებ, მაგ თმას გაგიშლიო
და ტოლს შემოგაცლი, დაგწვავ ალისაგან,
შენი სიყვარულით ცამდე ავმაღლდიო,
ცოლო სიხარულო გყვარობ გულისაგან!

ნინო ხორავა

четверг, 6 декабря 2018 г.


გამიტაცებენ ფიქრები სადღაც...
მომატარებენ უძირო ნისლებს...
იქ სადაც 'თავის უფლება' მმართავს
და არაფერი არა ჰგავს დილეგს...

სადაც ლექსები ჭედავენ აღთქმას
და აცოცხლებენ სიტყვები ფიქრებს...
გრძნობა წააგავს ხორბლისფერ თავთავს...
ჩემი სამყარო სისავსეს იტევს...

ჩურჩულებს სითბო გონების კართან...
ალალი საქმე მაგიერს იღებს...
ჰაერი უფრო სუფთაა მაღლა
და სისუფთავე ფილტვებსაც მივსებს...

გამიტაცებენ ფიქრები სადღაც...
მომატარებენ უძირო ნისლებს...
ალბათ სიტყვებით, რომ მეთქვა განცდა...
მე პოეტესა მრქმეოდა კიდეც...


ნინო ხორავა

понедельник, 26 ноября 2018 г.



მე დავიბადე ზამთრის პირველ დღეს!
დეკემბერმა, რომ თვალი ახილა!
ეჯიბრებოდა მთვარე ნათელ მზეს!
მეფე სეზონთა თოვლმა ამხილა!
მივეგებოთო... 
ამინდებმა თქვეს!
ყინვამ ჩაიცვა თეთრი ბახილა!
მე დავიბადე ზამთრის პირველ დღეს!
დეკემბერმა, რომ თვალი ახილა!!!! ❄❄❄❄❄❄❄❄

"ნინო ხორავა"

P.s. ზამთრის სეზონს გახსნილად ვაცხადეეებ ❄❄

четверг, 22 ноября 2018 г.


- მტერო დამიჯერე -

მტერო დამიჯერე დედას გეფიცები,
ჩემი საქართველო ვაზის ფესვებია!
მიწას შემორტყმული ქვეყნის ჯებირები,
ჯვარზე შემოწნული ნინოს ლერწმებია!

ზეცას მოუვლია მცხეთის ძველი მთები,
ჯვარი, ზედაზენი და მტკვრის არტერია...
ქვეყნის სიდიადის ცხელი ეპიცენტრი:
'სვეტი ცხოველი' და კვართის 'ნაფლეთია'!

ყვავილს დაემსგავსა შიო'მღვიმის ქვები,
მუხლზე, რომ იჩოქებს კლდეთა ჯარებია!
თუკი ჩამობნელდა ისევ მეფის გზები,
მაშინ 'ნინოს ღმერთი' რწმენის ნათელია!

და მე ქართველი ვარ!
შვილი ვაზის ქვეყნის!
სული სიკვდილამდე ტაძრის კედლებშია!
მტერო დამიჯერე დედას გეფიცები,
ჩემი ღმერთის სისხლი ყურძნის მტევნებშია!

ნინო ხორავა

вторник, 20 ноября 2018 г.


შემოდგომის მაჯისცემა
მიილევა უცებ...
წუთებს ითვლის ნოემბერი,
ცივ, სუსხიან წუთებს...

ნინო ხორავა

понедельник, 12 ноября 2018 г.


ტაძარს უხდება გალობა სულის
და შემოდგომით ფერების კაზმა...
შემომეღალა მოკვდავი გული...
რკონის კედლებში მოიკლო ბრაზმა...

თეძმის ხეობა მტიროდა გუშინ...
დღეს მხიარულად შემომხვდა კართან...
კი მართალია გაყვითლდა ნუში,
მაგრამ სიცოცხლის აყვავდა კალთა...

რეკავს სამრეკლო გამთბარი სუსხით
და ეს ზარები სხვა ზარებს არ ჰგავს...
მე გამატანა ულევი ნუზლი,
ამ შემოდგომით ტაძრების მადლმა...

ნინო ხორავა

ფოტოზე ასახულია რკონის მონასტერი, თეძმის ხეობა

среда, 7 ноября 2018 г.


ძვირფასო გარეთ  ნოემბერია...
ჩაი ფინჯანი სიცივეს შველის...
თურმე კალენდარს დათვლა სჩვევია...
თან მოლოდინი ჭაღარა მთების...

განძარცვულ ხეებს სუსხი სცმევიათ
და ჩაფიქრება ღარიბი ფერის,
ეს შემოდგომის კრული ბედია,
მზე გამითბია ორივე ხელით...

გზა სულ უბრალო წასვლის ფერია,
მაგრამ მიზეზი მოსვლას აქვს ერთი:
გეტყვი, რომ ასე არსად გელიან...
ასე არავინ არ ცოცხლობს შენთვის...

ნინო ხორავა

среда, 31 октября 2018 г.


გაუფერულდა ყველა ფოთოლი...
ეს მზის ღიმილის ბოლო სხივია...
გამა დარჩება ფერთა ობოლი...
ნოემბერია...
ნოემბერია...

ნინო ხორავა

четверг, 25 октября 2018 г.


ტანზე შემომერღვა თითქმის ყველა ძვალი...
ღმერთო უშენობით ჩრდილიც სხეულს გასცდა...
ვცდილობ დავინახო შენი გზების კვალი...
ფერხთით მოგიტანო ჩემი სულის განცდა...

ნინო ხორავა

воскресенье, 21 октября 2018 г.


გათენდა...
ღამეთა შეგირდმა,
ამხილა ცოდვილი სუნთქვა...
მე ზოგჯერ წუთებსაც ვერ ვიტან,
ვერ ვიტან, დაბურულ ქუჩას!

ნისლები დადიან შეშლილად...
ფიქრები ფიქრობენ ჩუმად...
მეგონა დილამდე მეძინა
და ფასი ჰქონია სუნთქვას!

როდესაც არა ვსვავ შეკითხვას,
პასუხებს ვღებულობ უმალ...
რა ღირდი? ტკივილმაც ვერ მითხრა,
შენში რომ ვიპოვნე ხურდა!

ნინო ხორავა

вторник, 9 октября 2018 г.


თავი შეალიეს წლებმა,
სულ მთლად გადაცვეთილ განცდებს...
ქრება ყველაფერი უცბად,
დაცლილს ვერაფერი ავსევს...

სულმა შეიკავა სუნთქვა,
მჭიდროდ ეჭიდება ხავსევს...
იქნებ ველოდები ხურდას,
ანდა ვინმეს ვალი მმართებს...

წვიმს და მზე აიმღვრეს თუნდაც,
მიწა ამოდუღდეს ცამდე...
მაინც მეყვარები ჩუმად!
ისევ შემოგხედავ განგებ!

გული ვერ ვიპოვე ვერსად,
მტკივა დაგებული მახე...
ქვაც კი ახლოს არის ღმერთთან,
ვიდრე ჩემი სულის სახე...

ნინო ხორავა

воскресенье, 7 октября 2018 г.


წვიმას უტირია ტაძრის ზღურბლზე...
სიკვდილს გაჩერება არ სჩვევია...
თურმე გარდაცვლილის ყოველ სულზე,
ზეცას თითო ცრემლი წასკდენია...

ნინო ხორავა

ძალიან ვწუხვარ ანა ლაშხელი ონიანის გარდაცვალების გამო...
ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს...

понедельник, 1 октября 2018 г.


თურმე გრძნობა არ ნელდება სიკვდილამდე...
ჩუუ ოქტომბრის ტკივილები ცოცხლდებიან...
დრომ იარა წელიწადის იარაზე,
ამის მოწმე გაცრეცილი ფოთლებია...

სიმყუდროვე აგროვებს და ისევ ფანტავს,
მშვიდი წუთის გადაკარგულ სიმფონიას,
განშორება გულის ფეთქვას ისე მარხავს,
როგორც რწმენას თვითმკვლელობის ირონია...

ფერმკრთალი და მტვრიანია სული ახლა...
ხვალინდელ დღეს უშენობა მოსჩვევია...
ჩვენი ყოფნის წაუშლელ და მოკლე ამბავს,
შემოდგომით ლეგენდები მოყვებიან...

ნინო ხორავა

ფოტო ფილმიდან "შემოდგომის ლეგენდები" https://youtu.be/jaxZeisCHv8

четверг, 20 сентября 2018 г.


არ ვიცი, რითი იზომება ბედნიერება ან ვის რა ანიჭებს ბედნიერებას...
ჩემთვის კი ბედნიერება ჩემი ოჯახია...
შეუძლებელია მთელ დედამიწაზე არსებობდეს ისეთი ადგილი, როგორიც შენი სახლია...
იქ სადაც გელოდებიან  და უყვარხარ...
იქ სადაც თბილა და სიმყუდროვეა...

ნინო ხორავა

пятница, 14 сентября 2018 г.


- მოცარტს -

ხავსი მოსდებია უკვე ძველ როიალს,
კლავიშ დამტვრეული კვნესის...
ბგერა მელოდიას ისე თუ მოიტანს,
როგორც სინანულის ხვედრი...

სევდა მომაკვდავის ისმის ოქტავიდან,
თითებს შეგრძნებები შეშლის...
ყველა შეხებაზე თურმე მოცარტისგან,
კლავიშს "რექვიემი" ებრძვის...

სუნთქვა უცოდველი ქვეყნად ვის ჰქონია,
ღამე მუდამ ჰქროდა დღეში...
კვდება უპატივოდ დიდი სიმფონია,
ფუყე სამართალის ხელში...

დროში საუკუნე მოდის მინორიდან,
როგორც მგლოვიარე ხმები...
თურმე 'დიდებული' ნოტებს ვერ უცვნიათ,
ხავსი მოსდებია ძველ რიტმს!


ნინო ხორავა


ეს ლექსი დავწერე მოცარტის ყველაზე მძიმე და სამგლოვიარო ნაწარმოების "რექვიემის" ფონზე, რომლის დასრულებაც სიკვდილის წინ მან ვერ მოასწრო.

"როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა"

четверг, 13 сентября 2018 г.


- აქ -

რა ტკივილამდე მუქია აქ ცა...
და უსიცოცხლო წყურვილი ხვალის...
იქედნე სადღაც სინდისებს ფატრავს,
გადაკარგულა წიაღის კვალი!

კალოს ადგილას თარეშობს ფაცხა,
აქ ხომ ძაძებში ღრიალებს ქარი,
მკა ვერ ეღირსა ღირსეულ მარცვალს
და მზემ გაახმო მოსავლის თავი!

აქ უკვე აღარ არწევენ აკვანს
და სულთა სუნთქვას მოუნდა ხარკი,
ნოყიერ მიწას ხრიოკი ფარავს,
ფრთა მოსტეხვია ზეცაში არწივს!

მოდის სირცხვილი დაღმა და დაღმა...
გადაცვეთილა გრძნობების ალი...
რა ტკივილამდე მუქია აქ ცა...
და უსიცოცხლო წყურვილი ხვალის...

ნინო ხორავა

მე ფოთოლთ ცვენას ქოლგით დავიჭერ
და შენ დაგიცავ მისი თავსხმისგან,
მერე ყველა ფერს მძივად მოგართმევ,
შენთვის ვიჩუქებ ამ სეზონისგან.

გიშემოდგომებ ისე გაგიმხელ,
ამ სიყვარულის გულის ფეთქვის ხმას,
შენა ხარ ჩემი მეწამულის მზე
და ბარხატები თბილ ამინდისა.

ბიის ტოტებზე სძინავს ოქროს ფერს,
მალე გაახელს ის ნაყოფით თვალს,
მინდა იცოდე ისე მაგიჟებ,
გულში მიღვივებ შემოდგომის ალს.

მე ფოთოლთ ცვენას ქოლგით დავიჭერ
და შენ დაგიცავ მისი თავსხმისგან,
მერე ყველაფერს გადაგავიწყებ,
რომ იღიმოდე სიხარულისგან.

ნინო ხორავა

четверг, 6 сентября 2018 г.


გამოგლეჯია ხეებს ტოტები,
ქარი კი გამვლელ ყორეებს ლეწავს,
ამ ქვეყანაზე მე ხომ მოვედი
და ამიტომაც ლაპარაკს ვბედავ.

ისე ჩუმია ძამას მზოვრეთი,
რომ სიავეებს სიჩუმე თელავს,
სძლია ყინწვისმა მძიმე ლოდები
და შეაჩერა უსულო თვლემა.

ჩამოიტანა ზეცამ თქორები,
სულის ტკივილებს ქოზიფა ხედავს,
მიწამ შეჭამა შვილი ყოველი
და სარკინეთმა კლდეები კვეთა.

ვნახე შატბერდში ტაოს ტორები,
მტრის წართმეული ქართული კერა,
როცა კოდმანში ფეხით მოვედი,
აღარ მინდოდა არავის შველა.

ჩამოუყრია ორხევს ქორები,
მაღლა არწივნი ყოლია მცველად,
ორთუბანშია 'ღვთისა მშობელი'
აქ თავმოყრილა ვედრება ყველა.

დღეს მოსალოცად ქარელს მოვედი,
გამიმასპინძლა უფალმა ღმერთმა
და თუკი გულის ტკენა მომელის,
მჯერა ეს მადლი მექცევა შვებად!


ნინო ხორავა


2 სექტემბერი, 2018წ.
დღეს მოლოცვაზე: ძამას ხეობა, ყინწვისი, ქოზიფა, სარკინეთი(კლდეში ნაკვეთი ტაძრით)

ლექსში ასევე დამატებული მაქვს ქარელში შემავალი სხვადასხვა მონასტებიც:
შატბერდი(რომელსაც ტაო-კლარჯეთის გამეორებას უწოდებენ)
კოდმანი,
ორხევი,
ორთუბანი (ღვთისმშობლის სახელობის, რომელსაც ულამაზესი შვიდსართულიანი სამრეკლო აქვს)

ფოტოზე გამოსახულია ქოზიფას მამათა მონასტერი

понедельник, 3 сентября 2018 г.


გაშემოდგომდა სეზონთა რიგი...
და ქარი ფოთლებს ზუზუნით ხვეტავს...
ნისლმა შეიპყრო მოსული ფიქრი...
აგვისტო შველას ვერაფრით ბედავს...

ნინო ხორავა

пятница, 31 августа 2018 г.


დადგა შემოდგომის სუნი...
წვიმის ჩამოეშვა ფარდა...
უკვე ამიჩქარა გული...
ქვეყნად ფოთოლთცვენის დარდმა...

'ნინო ხორავა'

воскресенье, 26 августа 2018 г.


დედავ ღვთისმშობელო, წუხელ ხილვად გნახე...
შენი საქართველო მუხლზე დაგესვენა...
კუთხეს უკემსავდი ტანჯვა მოხდილ მხარეს...
წილხვედრ ქვეყანაში მზე, რომ გაგემთელა...

ზეცად გიგალობდნენ წმინდა სერაფიმნი...
ფერხთით ქერუბიმნი გეჯდნენ სადიდებლად...
'მთელი' საქართველო უკვე შვებავსილი...
ლოცვად გიმადლოდა ქვეყნის გაბრწყინებას...

ნინო ხორავა

понедельник, 20 августа 2018 г.


კვეტერა

მარგალიტი ბრწყინავს კახეთს,
გუმბათებით ზეცის ფერა...
გაჩენილა მადლით სავსე,
მესმის მისი გულის ძგერა...

დაჩოქილა მასთან განზე -
ზურმუხტ ხეთა თხოვნის ელვა
და გალავანს ისე აფენს,
როგორც ვაზი მეფურ მტევანს...

ქვათ სიძველე წლებით სავსე,
ლოცვის ძალით ცოდვებს გმინავს,
ამბიონის სული ფართე,
ყოველ მლოცველს ცამდე ხიბლავს...

მზე დაჰყურებს ვიწრო სარკმელს,
სხივებისგან სითბოს ჭედავს,
წირვის მტვერი სულთა ქარებს,
ამშვიდებს და მყუდროდ ღებავს...

უთენია ჰაერს ავსებს,
კვეტერაში ჟამნის ჟღერა...
სანთლის შუქი წმინდავს ხავსებს,
რაც ცხოვრებამ მოგვაყენა...

მარგალიტი ბრწყინავს კახეთს,
გუმბათებით ზეცის ფერა...
გაჩენილა მადლით სავსე,
მესმის მისი გულის ძგერა...

ნინო ხორავა 

вторник, 14 августа 2018 г.


მე შენი სულის ძახილი მესმის...
თოვლი კი განვლილ ნაკვალევს ფანტავს...
ისე ამტკივდი, როგორც ხეს ფესვი...
ავადმყოფ მიწას სამშობლოს კარგვა...

მციოდი მგონი სიცივის იქით...
ნადეკემბრალი ქარების გაღმა...
და გულისცემას ნიავიც მითვლის...
ნუ გამიზამთრე მაისის ბაღჩა!

როგორ მიყვარხარ ნეტავ თუ გესმის?
ცაში ახედე ღრუბლების თავსმას:
სციოდი ზამთარს ჩემსავით მკერდში...
გტიროდა ზეცა ცრემლების მსგავსად...

ნინო ხორავა

пятница, 10 августа 2018 г.


შენი არსებობით გულზე დამაბიჯებ...
წადი, გაიყოლე უშნო სატირები!
თუკი სიყვარული განზე გადამიგდე...
მაშინ დამიჯერე, სულაც არ მჭირდები!

ნინო ხორავა

пятница, 3 августа 2018 г.


მთად მოვსულიყავ ანდა ნიაღვრად...
რომ არ მქონოდა გრძნობები...
გული...
გავჩენილიყავ მომცრო ნიავად
და მეშრიალა ფოთლები სუნთქვით...

ცად ვყოფილიყავ ნისლის ფიალა...
ან აღმართები სავალად რთული...
დილის რიჟრაჟის თბილი კიაფა...
ღამის ვარსკვლავის ნათება ურჩი...

ჩამოქცეული ზვავის დარაბა...
ცივ მდინარეთა მორევის სუნი...
არწივთ ნათქვამი მთების ბალადა...
ნასოფლარების ღაღადი ჩუმი...

ამოვსულიყავ თოვლში იადა
ან გავმხმარიყავ როგორც ხე მუხის
არ ვყოფილიყავ ადამიანად...
ვერ დამტანჯავდა ტკივილი სულის...

ნინო ხორავა

понедельник, 30 июля 2018 г.


მერწმუნე სიხარულს არ უნდა მიზეზი...
ის მხოლოდ ღიმილის ფასებად ჩუქდება...
ნამდვილ გულს სულ ესმის ლამაზი ფიქრები
ესმის და მისივე ძალაში რწმუნდება...

ახედე მაღლა ცას, ხვალ ნუთუ იქნები?
სიცოცხლე ერთ წუთში უღონოდ ხუნდება...
დღეს დატკბი ცხოვრებით, სულ მალე მიხვდები:
სიხარულს მიზეზის არყოფნაც უხდება...

ნინო ხორავა

суббота, 28 июля 2018 г.


როცა ამ ქვეყნად აღარ ვიქნები...
მე პოეზია გამაუკვდავებს...
და მოყვებიან ჩემზე წიგნები...
ჩემი ლექსები გადამფურცლავენ...

ნინო ხორავა


ზღვამ აირეკლა სიყვარული მზის ბილიკებად
და მარტო ყოფნა ქვიშასაც კი თურმე არ სურდა...
დაისი აისს მთელი გულით, რომ იფიცებდა,
სინათლის მეფე შერცხვენილი ჩუმად ჩასულა...

ნინო ხორავა

პ.ს.ჩემი გადაღებული მზის ჩასვლა ურეკში და ჩემი პირადი ნივთები ფოტოზე. 2017წ

ლექსი უცებ ექსპრომტად 😊

четверг, 26 июля 2018 г.


ქალო სირცხვილია იკმარე!
შენი სილამაზე მზეს ჩრდილავს!
ქალო მაგ თვალების სინაზე,
ისე მაგიჟებს და მიზიდავს...

როგორც ფხორის მთებში ნისლები,
როგორც ხევსურეთში მზის ჩასვლა,
როგორც სამეგრელოს მძივები:
ხობი, ზუგდიდი და აბაშა.

ქალო შედი სახლში ნუ მრისხავ!
ქარი თმებში ისე გერევა,
სულით, ვნებით ისე გიწეწავს,
გულში ცხელ ეჭვები მერევა!

შენი ქერა თმების სიშლეგე
მხოლოდ ჩემია და ჩემთვისა,
როგორც ზემო სვანეთს სიმეფე
კავკასიონს მისი ქედისა!

ქალო შედი სახლში არ მინდა
რომ ეგ სილამაზე აღიქვან;
შენი ძოწ ბაგენი, ღიმილი
ცხელი გამოხედვა თუშისა.

შატილ ლერწამივით ტანითა,
თვალებ მწვანე ქვემო ჭალითა,
ხმა სიმ ამომღერი ტრფობითა,
ქვეყნად სადარებო შობითა.

ქალო სირცხვილია იკმარე!
შენი სილამაზე მზეს ჩრდილავს,
ქალო მაგ თვალების სინაზე
ისე მაგიჟებს და მიზიდავს...

ნინო ხორავა

четверг, 19 июля 2018 г.


საქართველო

მთებში ჩამოსული რაჭის რიონი ვარ!
კახეთს გამოსხლული ვაზის საფერავი!
ჩემო საქართველოვ სულის ჰაერი ხარ,
გული ისე მიხურს, როგორც ნაკვერჩხალი!

სამცხე ჯავახეთში მესმა რაბათის ხმა,
მესხეთს ამიგია მტკიცე საძირკველი,
ეშხი ნინოწმინდის ვუქე ფარავნის ტბას,
ზარზმას მილოცია ლოცვა საკვირველი.

მცხეთას აღმართული მტკიცე ტაძარი მაქვს,
'სვეტი ცხოველია' ცამდე აღმართული,
მტკვარო გამიყოლე 'დედა ქალაქის' კვალს,
თბილისს ვანაცვალო დღენი გარდასული.

გენი ოჩხომურის ჩქიმი მეგრულია,
გურიშ ცაიშია ღმერთთან ზარ'ასული,
მოდი ჩამიხუტე ფესვო, რომ მწყურიხარ,
მალე დამიმშვიდე სული დაზაფრული.

ფშავში მიმავალი ძველი შარა გზა ვარ,
ზეცად აღმართული მკაცრი სარკინეთი,
მუხბე სვანი ვარ და ლურჯი განდაგანა,
ჩემი იმერეთი მიყვარს მარჯნისფერი.

ძარღვში სამაჩაბლო ჯერაც ავადა მყავს...
მტკივა აფხაზეთი სისხლით ნაკემსარი...
ჩემო საქართველოვ სულის ჰაერი ხარ!
გული ისე მიხურს, როგორც ნაკვერჩხალი!

ნინო ხორავა

вторник, 17 июля 2018 г.


ჩემი ბავშვობის ფერი ხარ ბაბუ
და სითბოსხელა წარსულის წლები...
დღესაც ბავშვივით მეხვევა თავბრუ,
რომ მახსენდება შენი ხის ბლები...

გიყურებ გული ალივით მიხურს
და ძველებური ჩამესმის ხმები,
ოდას კუთხეში კაკლების ალმურს,
ჩრდილი მოჰქონდა ხომ გახსოვს ჩვენთვის?

რთველის ხავერდა ვაზივით ნაჟურს,
ოქტომბერივით ღიმილი გშვენის,
მაგ კოჟრიანი თითებით ნაშრომს,
ბევრი სიკეთე ატყვია ქვეყნის...

ზღვა ნაოჭების სიმრავლე მათბობს...
ჩემი ბავშვობის ფერი ხარ გესმის?
მე უპირობოდ მიყვარხარ ბაბუ
და შეუცვლელი კაცი ხარ ჩემთვის...


ნინო ხორავა

воскресенье, 15 июля 2018 г.


გრძნობით მიგაწვდენ ცა - მდე!
თვითონ გრძნობაა სული!
იქ სადაც შენ ხარ - ვარ მეც!
რადგან მატარებ გულით!

ნინო ხორავა

пятница, 13 июля 2018 г.


ნეტავ როდის ჩამოთოვა ჩემში?

სულ პირველად სად ვიყავი სავსე...

როდის იყო, რომ ვიგრძენი ღმერთი...

ნაკვალევი თუ დავტოვე სადმე?


ნეტავ როდის დამიღამდა მზეში...

სიყვარული რად მათოვდა ზამთრებს?

ჩემი სული შენი სულის ფერში?

ნეტავ როდის შემიყვარდი ასე...


ნინო ხორავა

суббота, 7 июля 2018 г.


გინატრე მამაო...
ზეციდან
მიწაზე...
სიცოცხლე ამ ტკივილს
ვერადროს დაფარავს...
არ ვტირი იცოდე
სიკვდილის ჯინაზე...
დრო მოვა
შეგხვდები...
ვიმარჯვოთ ზამთართან...

ამ სულში ივანებს
ნანატრი სიმშვიდე...
ლოცვები ღრუბლებზე
მოვფინოთ ღაღადად...
მიყვარხარ მამაო...
მოვდივარ...
მიმიღე...
არ მინდა მიწაზე...
ვიცხოვროთ უფალთან...

ნინო ხორავა
ჩემს მამა იოანეს (გაბრელიანს) 😞

вторник, 3 июля 2018 г.


ვინა თქვა: ზეცა სულ არ ტირისო...
რუხ'ფერ კამარას კარგად შეხედე!
არ შეუძლიათ სითბო ქარებსო...
ნუთუ ვერ ქმნიან ცხელ-ცხელ შედევრებს?

ქარში იტირეთ წვიმის წვეთებო...
გრძნობას სიღრმემდე, ფსკერზე შეეხეთ...
ჩამოიღვენთეთ ქორფა თქეშებო
და დედამიწას ისე ეგემეთ...

კითხვის ნიშანი ბადებს ეჭვებსო:
ორი სურვილი როგორ გა'ერთდეს?
თუ დაიჯერებ იტყვი შევძლებო:
გატეხილიც კი სითბოდ გამთელდეს!

ვინა თქვა: გული გულს არ ეძებსო...
ან სული სულთან როგორ შეერთდეს?
ჩემი სიგიჟის გუბე შემევსო...
როცა გნახე და
როცა შემეხე...

ნინო ხორავა

четверг, 28 июня 2018 г.


რაღაც სხვანაირად
ლამაზია...
მზე ზღვის სადიდებლად
ანთებული...
ფერთა სიელვარე
გამასია...
ბინდის სიჩუმეში
გახვეული...

ცის თაღს ოქროსფერი
ალმასია...
ღრუბლის მფარველობას
შემჩნეული...
ჩუმი....
მდუმარე....
და ხალასია...
მზისგან ბილიკები
გაბნეული....

ტალღებს მღელვარება
გაფანტვია...
გულში საიდუმლოდ
ჩახვეული...
სიტყვა უნებართვოდ
დაკარგვია...
სიტყვა - ვერ უთქმელი...
წართმეული...

ტკივილს შეჩვეული
ანარქია...
თითქოს მშვიდი...
მაგრამ არეული...
რაღაც სხვანაირად
ლამაზია...
მზე ზღვის სადიდებლად
ანთებული....

ნინო ხორავა
(ფოტოც ჩემია პირადი 😊)

თმაში დაიზამთრა  ჭაღარებმა,
გულში მაისია კვლავ,
ქვეყნის ცუდებმა და ავდარებმა,
შორით გაიკვალეს გზა.

სულში იმედები მიღიმიან,
მესმის ოცნებების ხმა,
დროში ჩაქსოვილი ფიქრებია,
წლებს რომ ასხივებენ კარგს.

ეს ხომ სიყვარულის ბილიკია,
ფეხით გაკვალული გზა,
ისევ უსასრულო პოეზია,
თბილი ჰანგებიდან ხმა.

თმაში დაიზამთრა ჭაღარებმა,
გულში მაისია კვლავ,
ყველა სიკეთეთა სურნელება,
ლოცვად დაეწევა ცას.

ნინო ხორავა

вторник, 19 июня 2018 г.


ხელს არ გაგიშვებ...
მოგიზიდავ...
ჩემამდე მოგწევ....
სულ მისხალ მისხალ
დაგროვებულ სიყვარულს ვფიცავ....
ჭკუიდან მიშლი უსიტყვო და
აუხსნელ გრძნობებს...
ყლუპ ყლუპად შეგსვა?
ეს სიგიჟე შეკითხვას მისვამს...

ნინო ხორავა

понедельник, 18 июня 2018 г.


იტირე ცაო...
ჩამორეცხე ქვეყნიერება!
ჩამოაქციე
დედამიწის ბნელი კედელი!
ბინძურ წუმპეში
ვერ იქნება ბედნიერება!
აქ ჯოჯოხეთის
უფრო მეტად არის შედევრი!

დაუავადდა ადამიანს
მთხლე ძლიერება!
და სამართალმა
ვერ იხორცა შავი ედემი!
იტირე ცაო...
ჩამორეცხე ქვეყნიერება!
ჩამოაქციე
დედამიწის ბნელი კედელი!

ნინო ხორავა

среда, 13 июня 2018 г.


იმერეთი

იმერეთში დიდებული ჰაერია!
სულში ისევ ჩემი ოდა მეძახის!
კვარახჭინა მთები გულში ჩამეტია
და ყვირილას ღელეები ვერ ჯაბნის.

ბჟოლას ხეებს ნაყოფები ასკდებიან,
სიყვარულის სუნი ქვებსაც კი ასდის,
სახნავებში იმფერ კავებს ჩოუვლიათ,
მოსავლისგან ამ ვენახებს ვინ დაცლის...

ვაზის ყლორტი მტევნის თხემში დაეტია,
დაელოცა ყველა ფესვი დედა ძირს,
მარნის ქვევრებს ღვინის მადლი გაერია,
ცოლიკაურს ციცქა ჯიში მზეს ადრის.

გოგნის ტაძარს ტყეებიც კი ევლებიან,
საპოვნელა მუხლისჩოქა შეჰვედრის,
ბერციხეზე ნანგრევები ზევდებიან,
სალოცავთან მოჰყვებიან ღაღადისს.

კაცხის სვეტი დაკიდული ედემია...
ღრუბლებში აქვს აზიდული ერთნავი,
მოწამეთას სანთელივით ფერებიანს,
წყალწითელა საუკუნოდ შეჰნატრის...

ბაგრატი და ზეცა თურმე ერთდებიან!
გელათის ხმა აღწევს მაღლა ღმერთამდის!
იმერეთში დიდებული ჰაერია
და ამ მხარეს გულის კუნჭულს ვეძახი!

ნინო ხორავა

понедельник, 11 июня 2018 г.


სიცოცხლე ვამსგავსე მზისთვალა გვირილებს...
ფურცლები თითო წლით თანდათან მოკლდება...
სულ ბოლოს ეს სული სიკვდილთან იტირებს...
მერე კი მალევე უფალთან მორჩება...

ნინო ხორავა
პ.ს. მადლობა ფოტოს შთაგონებისთვის

четверг, 7 июня 2018 г.


ფოფოდია

ჩემი მოძღვარი ხარ უტკბილესი...
მე კი შენი სულის ფოფოდია...
გული დაგინთია სანთელივით,
სხეულს რომ გიმოსავს ფილონია.

ტაძრის სიმშვიდეში მო-გიპოვე...
ქმარი - ჩემი გულის პოეზია...
მე ვარ შენი ცოლი - სულის ღობე
და ვინც შენს ტკივილებს მოერია.

მკლავით დაატარებ საბუხრეებს,
ქრისტეს ბორკილები გდომებია
წირავ კვირა დილით საკურთხეველს,
ოლარს აღსარების სურნელი აქვს.

შვილნი შევადარე ვაზის მტევნებს,
დიდი სიყვარულის ნაყოფიანს,
"მთელი" ოჯახიდან გულები ძგერს,
უფლის საიდუმლო ჰარმონიად.

ჩვენი ოქროს ჯვარი -  უმძიმესი,
მაღლა უფალთანაც ოქროსია,
ჩემი მოძღვარი ხარ უტკბილესი...
მე კი შენი სულის ფოფოდია...

ნინო ხორავა

воскресенье, 3 июня 2018 г.


არვიცი რა გითხრა...
სიტყვები დამიშრა...
გრძნობებმა შენდობის უნარი დაკარგეს...
სინათლე გვირაბის ბოლოსაც არ იშვა...
წვიმებმა ლამაზი წუთები ალაგმეს...

მივდივარ...
გშორდები...
არ ვწუხვარ ამრიგად...
ცივი მზე ვერ ხედავს დახურულ დარაბებს...
და სული ჩაცმულა დღეს ძალზე ღარიბად...
გულიც კი ქვასავით აღარ გრძნობს არაფერს...

ნინო ხორავა

დღეს მინდა ვისუნთქო სიცოცხლის მიზნები...
ხვალ ჩემი კვალიც კი აღარსად იქნება...
სულ მუჭით ვამთელო ქართული მიწები!
ერთობა სისხლისგან არასდროს იცლება!

დიახაც დღეს მინდა სიგიჟის ალიბი:
ვუკოცნო მტევნები კახეთის ლელიანს,
ვიხუტო ის ძველი ნაჟური დმანისის,
ვუთვალო სიმაღლე დიდებულ მესტიას!

სურამის ციხე, რომ მოვკაზმო დროშებით,
სულ ფეხით ვიარო მცხეთა და ვარძია,
ვუძახო იმერეთს თბილ-თბილი სიტყვები,
აჭარას ვუმღერო ზღვასავით არია!

რაჭული ხვანჭკარა დავლიო ყანწებით,
ამ სულზე მთიულის სამოსი მაცვია,
ვუწონო კრიმანჭულს გურული აქცენტი,
ცხენები ვაჭენო ყაზბეგის დარიალს!

ვიხორცო სხეულში მეგრული მარტვილი!
გაგრის და სოხუმის ღიმილი მაკლია...
მოშორდე აფხაზეთს არ არის ადვილი!
ქართული სიცოცხლე სულ "ერთად" ანთია!

ნინო ხორავა

გიყვარდეს სულით - უფრო მეტია!
გულს კი არ ძალუძს უკვდავი იყოს!
სულში უფალი ჩვენი ღმერთია!
ღმერთთან სიყვარულს მარადი იყოფს!

ნინო ხორავა

суббота, 26 мая 2018 г.


მ   იყვარხარ მაღლა, ცამდე!

ი   ქნებ არცა ხარ ცხადი!

ყ   ამარს წაგიგავს სახე!

ვ   ერსად გიპოვე მსგავსი!

ა   რსად გაგიშვებ წამსვლელს!

რ  ადგან შენ ჩემთვის გაჩნდი!
     ხოდა მიწამლე გამყევ!
ხ   ვალ ცაზე სუფრას გავშლი!

ა   რწივთ მოვიწვევ მთაზედ!
     სულ გამოცლიან სასმისს!
რ  უსთან გაგიწვენ მკლავზე
     და ნამდვილ ქალღმერთს გაგხდი!

ნინო ხორავა

понедельник, 21 мая 2018 г.


ძარღვში დამიარა
შენმა სიყვარულმა♡
მაჯას პულსაცია
წამში ააჩქროლებს♡
მოვალ ჩაგიხუტებ
გულში გიჟმაჟურად♡
ბლებმა?? იჭორაონ
სულაც არ მაშფოთებს♡

ნინო ხორავა

пятница, 18 мая 2018 г.


ფოკას გულში დათოვლილი მთები ქუხდა
და ღრუბლები მოჰხვეოდა ფერდობებს,
შემოგარენს გაისმოდა ზართა რეკვა,
ამაღლებას ზეიმობდნენ ჯავახეთს!

ღამის ბინდი გარიჟრაჟში იჭრებოდა,
და აფრქვევდა ზეცა ქვეყნად მანანებს,
უხილავად დასცვიოდნენ ღრუბელ სვეტად,
მადლიანი მანანები ზარზმას ზედ!

მტკვრის მარჯვენა სანაპიროს შემომდგარა,
ციხე კლდეზე, მოამაყე აწყური,
საზეიმო წირვას ისიც განაბული,
უსმენდა და ცამდე იყო ასული!

იქვე ჩუმად გარინდულა ფარავანი,
ტაბაწყურის ტბაც უსმენდა ჟამნობებს,
დილის ცისკარს მოჰყვებოდა მადლობანი,
ქერუბიმნი უგალობდნენ მწყალობელს!

ბუზმარეთი, ჭულე, მწვანე მონასტერი,
შემოჰკრავდნენ საგანგებოდ დიდ ზარებს!
ცა და მიწა ზეიმობდნენ ამაღლებას!
ამაღლებას ზეიმობდნენ ჯავახეთს!

ნინო ხორავა